საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 19-84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016445
19-84
02/08/2016
ვებგვერდი, 24/01/2017
480610000.03.030.016445
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდეგში წოდებულნი, როგორც „მხარეები“ ან „მხარე“),

გამოხატავენ რა პატივისცემას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ,

ითვალისწინებენ რა მხარეთა სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივ, ორმხრივ მეგობრობასა და პარტნიორობას,

ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას, განავითარონ თანასწორობაზე დაფუძნებული  თანამშრომლობა, რათა გამოავლინონ და რეაგირება მოახდინონ მხარეთა სახელმწიფოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო საფრთხეებზე,

დარწმუნებული არიან რა, რომ ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშულის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში,

მოქმედებენ რა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, მათი სახელმწიფოების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თანამშრომლობის სფეროები

1. მხარეები თანამშრომლობენ საკუთარი კომპეტენციისა და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა მოახდინონ მხარეთა სახელმწიფოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი საფრთხეებისა და დანაშაულების თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა:

a)  ტერორიზმი, საერთაშორისო ტერორიზმი და ტერორიზმის დაფინანსება;

b)  კიბერტერორიზმი;

c)  ჯაშუშობა და დივერსიული საქმიანობა;

d)  არალეგალური მიგრაცია;

e)  მასობრივი განადგურების იარაღით და მისი კომპონენტებით, იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნოლოგიით, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებებით, ორმაგი დანიშნულების მასალით უკანონო ვაჭრობა;

f)  სახელმწიფო საიდუმლოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

g)  სხვა დანაშაულები, მათ შორის ტრანსნაციონალური და საერთაშორისო დანაშაულები, რომელიც მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, ითანამშრომლებენ ორმხრივი ინტერესების სფეროებში, მათ შორის ოპერატიული, ტექნიკური და სხვა ფორმის დახმარების აღმოჩენის კუთხით, მათი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.

მუხლი 2

თანამშრომლობის ფორმები

1.  მხარეთა შორის თანამშრომლობა, წინამდებარე მემორანდუმის შესრულების მიზნებიდან გამომდინარე და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, განხორციელდება შემდეგი ფორმებით:

a)  მოთხოვნების შესრულება;

b)  სადაზვერვო ინფორმაციის, ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლა;

c)  ერთობლივი კონსულტაციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და კონფერენციების გამართვა;

d)  დანაშაულის გამოვლენის ერთობლივის ჯგუფების შექმნა;

e)  მხარეთა სახელმწიფოების შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მეკავშირე ოფიცრების/უსაფრთხოების ატაშეების დანიშვნა;

f)  საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა შორის დაცული კომუნიკაციის არხების შექმნა (გადაუდებელ შემთხვევაში საკონტაქტო საშუალებები განისაზღვრება რეგულარულ სამუშაო რეჟიმში);

g)  დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახალი მეთოდების შესახებ გამოცდილების გაზიარება, დანაშაულის მიზეზებთან, ვითარებასა და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო კვლევის გაცვლა;

h)  ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის საკითხებში უახლოესი მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

i)  მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

j)  ერთობლივი ტრენინგ-პროგრამების განხორციელება და მხარეთა პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების განვითრების მიზნით გამოცდილების გაზიარება.

2.  წინამდებარე მემორანდუმის შესრულების მიზნებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მხარეები ორგანიზებას გაუწევენ მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, ექსპერტების და მხარეთა სხვა წარმომადგენლების შეხვედრებს. ვიზიტები ჩატარდება თბილისსა და ბაქოში როტაციის წესით, თუ მხარები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3.  წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა შესრულების მიზნით, მხარეებს შეუძლიათ დადონ საიმპლემენტაციო ოქმები და თანამშრომლობის გეგმები.

4.  საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, განახორციელებენ სხვა ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე მემორანდუმის შესრულების მიზნებს.

მუხლი 3

თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა

1.  წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა განხორციელდება ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. გადაუდებელ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში ის დადასტურებული იქნება წერილობითი ფორმით.

2.  მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a)  მოთხოვნის წარმდგენი და მოთხოვნის მიმღები მხარეების დასახელებებს;

b)  მოთხოვნის საგანს;

c)  მოთხოვნის მიზეზს;

d)  ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას;

e)  მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.

3.  მოთხოვნის შესრულება ხდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნის მიმღები მხარე მოთხოვნის წარმდგენ მხარეს გონივრულ ვადაში გადასცემს მოთხოვნის შესრულების შედეგებს.

4.  იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია დადგენილ ვადებში, მოთხოვნის მიმღები მხარე შეატყობინებს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს და განუმარტავს მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზებს.

5.  განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხარეს, საკუთარი ინიციატივითა და თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია მეორე მხარეს გადასცეს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ამ უკანასკნელისთვის წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთისთვის, ან შეიძლება სასარგებლო იყოს მეორე მხარის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებისათვის.

6.  თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე:

a)  თუ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ხელყოს ადამიანის უფლებები, საფრთხე შეუქმნას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან/და სხვა არსებით ინტერესებს, ან თუ ის ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

b)  მხარე, რომელიც უარს ამბობს მოთხოვნის შესრულებაზე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეატყობინებს მეორე მხარეს ასეთი უარის თქმის მიზეზების შესახებ.

7.  თუ მოთხოვნის შესრულება არ ექცევა მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენციის ფარგლებში, მან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოთხოვნა შესასრულებლად უნდა გადაუგზავნოს მისი სახელმწიფოს შესაბამის უწყებას და ამის შესახებ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს.

მუხლი 4

ხარჯები

თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე მემორანდუმის შესრულებასთან დაკავშირებულ საკუთარ ხარჯებს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

    მუხლი 5

ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა

1.  მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში გაცვლილ ტექნიკურ მოწყობილობებზე, აღჭურვილობაზე ან/და სხვა მასალაზე.

2.  მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში მათ შორის განხორციელებული თანამშრომლობის ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების კონფიდენციალურობას.

3.  მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ გადასცენ ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაცია, სადაზვერვო ინფორმაცია ან/და მასალა მესამე მხარეს, გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.  წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, სადაზვერვო ინფორმაციის ან/და მასალის კონფიდენციალურობის, დაცვისა და გაუმჟღავნებლობის პირობები ძალაში რჩება წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

5.  წინამდებარე მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებებზე, რომელიც არეგულირებს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საკითხებს, ასევე, გავლენას არ ახდენს მხარეთა ვალდებულებებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

6.  მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა და მასთან მოპყრობა რეგულირდება მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით და „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2011 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

მუხლი 6

საკონტაქტო ინფორმაცია და სამუშაო ენა

1.  წინამდებარე მემორანდუმის შესრულების მიზნით, მხარეები ერთმანეთს წარუდგენენ თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი დანაყოფების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციას და დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათ დასახელებაში, უფლებამოსილებაში ან საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

2. წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას გამოიყენება ინგლისური ენა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მუხლი 7

უთანხმოების მოგვარება

მხარეთა შორის წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 8

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 9

ძალაში შესვლა

1.  წინამდებარე მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2.  თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისათვის წინამდებარე მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. ბაქოში, 2016 წლის 2 აგვისტოს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით

(ხელმოწერილია)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით

ხელმოწერილია