დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სევსამორა ვილასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2739 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022933 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2739
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სევსამორა ვილასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მდებარე 80 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.04.14.290), მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 53 038 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.04.14.334) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 75 484 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.04.12.590) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 104 261 (ას ოთხი ათას ორას სამოცდაერთი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სევსამორა ვილას“ (ს/კ: №404515404).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული უძრავი ნივთის არანაკლებ 50% ფართობზე ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების გაშენება (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკების/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის საირიგაციო სისტემ(ებ)ით და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
გ.ა) კომპანიის საკუთრებაში არსებულ, №72.06.05.608 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 41-ნომრიანი (ორმოცდაერთნომრიანი) სასტუმროს შექმნა, სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) აღნიშნული ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას) და ფუნქციონირების დაწყება;
გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
დ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ, ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. შპს „სევსამორა ვილა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები