„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016614
19
18/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
140130000.22.034.016614
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №19

2017 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005წ., №34, მუხ.344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და სხვა საბანკო ანგარიშები, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.’’.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;

გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას;“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო;

ე) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო;

ვ) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

თ) შიდა აუდიტის სამსახური.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით; კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.

3. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების,  ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

4. იურიდიული სამსახურის კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული  საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და ვიზირება; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა.

5. ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასაცია) და დაცვა გადაზიდვის დროს; მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილება; ფიზიკურ პირთა დაცვა.

6. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების, აგრეთვე წესრიგის დაცვის  ორგანიზება;  დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და შესრულების კონტროლი, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.

7. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევათა და შემთხვევათა შესახებ განცხადებების, შეტყობინებების მიღება, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის  თათბირის ორგანიზება და ოქმის შედგენის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მართვა; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი;  დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მარკეტინგული კვლევის განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება.

8. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სტრუქტურული ქედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზება; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, დადება და კომპენტენციის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების განხორციელება;

9. შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

10. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.“;

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებს.’’.

5. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) დეპარტამენტის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

2) დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 20 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი