„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016157
01
17/01/2017
ვებგვერდი, 18/01/2017
010250050.35.172.016157
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2017 წლის 17 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი “ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016154) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



                                                                                                                                             დ ა ნ ა რ თ ი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა და  გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ვეტერანთა, 90 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების,  მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების სოციალური დაცვა და ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების  ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება.


მუხლი 2. სოციალური დაცვის  ქვეპროგრამები
პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება;

ე) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;

ვ) მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება;

ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

თ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;

ი) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია;

კ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ლ) 90 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება.


მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს: სოციალურად დაუცველი, ახალშობილთა, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, უსახლკაროები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები, მძიმე დაავადების მქონე შშმ პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები, ხანდაზმულები.

მუხლი 4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა:

ა) ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს;

ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს.

2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ.ე) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ შემთხვევაში:

გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე საჭიროებს მომვლელს“.

3. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას(შემდგომში კომისია).

4. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. კომისია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხოს მოქალაქე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს არანაკლებ სამი დეპუტატის მიერ დამოწმებული წერილობითი შუამდგომლობა, მისი უკიდურესი შეჭირვებულობისა და უფასო კვების პროგრამაში ჩართვის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ.

5. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ.

6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.

7. კვება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 5. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 
1. ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე ქალაქის მაცხოვრებლად.

2. პირველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო  ყოველ მომდევნო ახალშობილზე თითოეულისთვის 50 (ორმოცდაათი) ლარით მეტი.

3.  ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვება ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. დახმარების მიმღებმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;

ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილე) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.

2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);

ზ) ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ უპატრონო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების (გაწეულის/გასაწევის) დაფარვის თაობაზე (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);

თ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ი) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილე) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება 300 (სამასი) ლარით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება 
1. ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე:

ა) 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვს თვეში 100 ლარის ოდენობით;

ბ) მძიმე დაავადების მატარებელს (სიმსივნე IV სტადია, ასციტი, ლეიკემია, შიზოფრენია) თვეში 100 ლარის ოდენობით;

გ) პირს, რომელიც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, ტეტრაპლეგია, ჰემიპლეგია, პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული  პარაპარეზი, მყარი ნარჩენი მოვლენები მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზით, ქვედა კიდურის ტაკვი (ამპუტაციის შემდგომი პერიოდი)) თვეში 100 ლარის ოდენობით; 

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოს, თვეში 100 ლარის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენისას:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შშმ ბავშვისთვის ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი და ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე)  საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 8. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება 
1. ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით,  არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი დღის ვადაში;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიში;

დ) ცნობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოდან;

ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სადავო საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში) ან ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან, რომელშიც მითითებული იქნება ხანძრის შედეგად დაზარალებული სახლის ფაქტობრივი მფლობელი, რაც დადასტურდება 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებით;

ვ) დოკუმენტი, ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა საცხოვრისის არქონის შესახებ.

3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად, შემდგომი განხილვისათვის გადასცემს სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას.

4. საკომპენსაციო თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით.

5. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი:

ა) სამშვილიანი ოჯახები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

ბ) ოთხი და მეტი შვილიანი ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. სოციალურად დაუცველი  მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლებია, ერთჯერად ფულად დახმარებასთან ერთად ყოველთვიურად მიიღებენ თითოეულ ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარს.

3. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე:

ა) რომელიც სარგებლობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით;

ბ) რომელიც სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით.

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მშობლის/მშობლების  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო  ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) გარდაცვალების მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გარდაცვლილია).

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 10. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე:

ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში მშობელზე   250 (ორას ორმოცდაათი) ლარი თითო ბავშვზე;

ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში წარმომადგენელზე 500 (ხუთასი) ლარი თითო ბავშვზე;

2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);

ე) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 11. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
1. თანხა (თვეში არაუმეტეს  200 (ორასი) ლარი) გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  უსახლკარო ოჯახებზ, რომლებიც:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი;

ბ)არიან სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლები) და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ საცხოვრებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შემოსულ განცხადებებს სამსახური თანდართულ დოკუმენტაციასთან და დასკვნასთან ერთად შემდგომი განხილვისთვის გადასცემს  მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას.

3. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (სოციალურად დაუცველებისთვის);

დ) საცხოვრებელი ფართობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის უსახლკარობის შესახებ.


მუხლი 12. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია 
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ,  მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საჭიროა განხორციელდეს ბავშვთა მიტოვების (სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის) პრევენციული ღონისძიებები. ქვეპროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის  კვლავ ბევრი მოზარდი ხვდება სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც, გაეროს ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი, რათა  განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები.

2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა და ამ  მიზნით ფულადი სოციალური დახმარების გაწევა.

3. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენციის ქვეპროგრამა განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

4. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე, რომელიც:

ა) სარგებლობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით;

ბ) სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით.

5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ ბავშვზე (0-18 წლამდე)  გაიცემა ფულადი დახმარება:

ა) ჯანმრთელ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე 130 (ას ოცდაათი) ლარი.

6. დახმარების მიმღებმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლები;

დ) ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიში.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა“ ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა:

ა) საბრძოლო მოქმედებების მონაწილეზე/ინვალიდზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვა დანარჩენ კატეგორიაზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 14. 90 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული ადამიანების  თანადგომა და მხარდაჭერა.

2. თანხა გაიცემა მოქალაქეზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა 90 და მეტი წელი (საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარის კუთვნილი თანხა გადაეცემა მის ოჯახს).

3. ხანდაზმულ დღეგრძელთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მიმღებმა პირმა/წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);

დ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 15. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება 
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარების ქვეპროგრამა განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის გაცემის წესს.

2. საშეშე მერქანი გაიცემა ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს.

3. საშეშე მერქანი თითოეულ ოჯახზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 -სა.

4. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მინიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).

5. საშეშე მერქნის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება მარტოხელა, მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ასევე ოჯახს, სადაც ცხოვრობენ დედ-მამით ობოლი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

6. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

7. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში ანხორციელებენ ქ.ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძაგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები.

8. საშეშე მერქნის მიღების თაობაზე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, სრულყოფილი მასალები  შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას.

კომისია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, საშეშე მერქანი გაიცეს მოქალაქეზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ სამი დეპუტატის მიერ დამოწმებული წერილობითი შუამდგომლიბა, მისი უკიდურესი შეჭირვებულობისა და საშეშე მერქნით დახმარების პროგრამაში ჩართვის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ.

9. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 16. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 01 იანვრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 17. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ქვეპროგრამისათვის ინდივიდუალურია და მოხდება მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით.

მუხლი 18. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა ქალაქ ამბროლაურში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.  მოხდება ყოფითი პირობების გამოსწორება მოსახლეობის გარკვეული  ჯგუფებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, შშმ პირებისთვის, ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანთათვის, უსახლკაროთათვის, სოციალურად დაუცველთათვის და ა.შ. ხელი შეეწყობა მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარებას, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც იმთავითვე, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მუხლი 19. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 20. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამით მოსარგებლეზე, რომელსაც ყოველთვიური დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამოდენიმე ქვეპროგრამით, განსაზღვრულია მხოლოდ ერთი ყოველთვიური დახმარების გაცემა, მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპის დაცვით.

3. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

4. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.