დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასთან, მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022888 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2731
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასთან, მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2017 წლის განმავლობაში:
ა) ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 140 ერთეულით (მ.შ., მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 120 ერთეულით, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 20 ერთეულით), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების განსახორციელებლად შტატგარეშე დროებით მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით.
2. საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 140 ერთეულისა) განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 50 ერთეულისა) – სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ამავე ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 სექტემბრის №1820 განკარგულება.
4. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები