დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 14/05/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.050.000.05.002.002.929 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №158
2004 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1998 წ., №9, გვ. 65) დამტკიცებულ მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულთ. ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნას, აგრეთვე იმ პირთა შეწყალების თხოვნას, რომლებსაც მსჯავრი დასდეს იმ ქვეყნის სასამართლოებმა, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ, და რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე.
2. საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით და/ან თხოვნით იმ მატერიალური ზარალის შემდგომი ანაზღაურებისაგან გათავისუფლების შესახებ, რომლის გადახდევინებაც ამ მსჯავრდებულ პირებს დაკისრებული აქვთ საქართველოს სასამართლოს განაჩენით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმართავენ მსჯავრდებულები ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი (წევრები), ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების შუამდგომლობას და/ ან თხოვნას იღებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარია, რომელიც სათანადო რეგისტრაციის შემდეგ გადასცემს მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახურს.
3. მსჯავრდებულთა შეწყალება ხორციელდება მათი პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ ისინი თავს ცნობენ დამნაშავედ და ინანიებენ დანაშაულს.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის მოპოვებასა და დასკვნების გამოთხოვას როგორც თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან, ისე სახელმწიფო მმართველობის, მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვის ორგანოებიდან. ამ მასალების საფუძველზე სამსახური ადგენს ცნობას და ამზადებს საქმეს შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომაზე განსახილველად.
2. სამსახური შეწყალების საკითხთა კომისიას წარუდგენს ინფორმაციას და მასალებს იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების მე-9 მუხლის თანახმად, არ ექვემდებარებიან შეწყალებას.
3. სამსახური აფორმებს შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომის ოქმს. იგი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს განკარგულებათა პროექტებს, განკარგულებებიდან ამონაწერებს გზავნის დანიშნულებისამებრ, აწესებს მათი შესრულების კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს აგრეთვე შეწყალების თხოვნებსა და წარდგინებებზე პასუხების გაცემასა და აღრიცხვას. სამსახურს ევალება აგრეთვე მოამზადოს მასალები შეწყალების გამოყენების პრაქტიკის შესახებ და პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია შეწყალების საკითხთა კომისიას და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნათა განხილვის შედეგებზე.“;
გ) მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სასამართლოს განაჩენით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული მატერიალური ზარალის შემდგომი ანაზღაურებისაგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება.“;
დ) მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს ხუთ წელზე მეტი და მოხდილი არა აქვს სასჯელის ნახევარი მაინც;“;
ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების შესახებ შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. კომისიის გადაწყვეტილება შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ ცნობისათვის ეგზავნება სასჯელის აღსრულების დაწესებულებას.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები