დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, 2016 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 604 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.019671 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:
1. 2017 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გაგრძელდეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილება) დამტკიცებული, 2016 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება), ამ დადგენილებისა და თანდართული დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს), ხოლო ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამა (პროგრამული კოდი: 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა კი: ა) „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ბიუჯეტი – არაუმეტეს 80 000 ლარით. ამასთან, 2016 წელს ამავე ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში შესყიდული საქონლის (მომსახურების) ბენეფიციარებისთვის მიწოდება გაგრძელდეს 2017 წელს; ბ) „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 80 000 ლარით; გ) „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 160 000 ლარით. ამასთან, 2017 წლიდან ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილების დანართ 1.3-ის „ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; დ) „დღის ცენტრების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 320 000 ლარით; ე) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“: ე.ა) „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ შემთხვევაში, მექანიკური სავარძელ-ეტლებისთვის - არაუმეტეს 28 000 ლარით, ელექტროსავარძელ-ეტლებისათვის – არაუმეტეს 17 400 ლარით; ე.ბ) „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 120 000 ლარით; ე.გ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შემთხვევაში - არაუმეტეს 15 000 ლარით. ამასთან, წინა წლების სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტების მორგება-რეგულირების და ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურება, რომლის გაწევა ვერ მოესწრება 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, გაგრძელდეს უწყვეტად. იმ ბენეფიციართათვის, რომელთა მიმართ ზემოაღნიშნული მომსახურების განხორციელება დაწყებულია წინა წლის/წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ არის დასრულებული 2017 წლის 1 იანვრისთვის, სარეაბილიტაციო კურსის (მეტყველების თერაპევტის მომსახურების) რაოდენობა განისაზღვრება უკვე მიღებული მომსახურების რაოდენობის გამოკლებით; ვ) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 4 000 ლარით; ზ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 35 000 ლარით; თ) „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 600 000 ლარით; ი) „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 200 000 ლარით; კ) „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 60 000 ლარით; ლ) „სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 110 000 ლარით; მ) „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 12 000 ლარით; ნ) „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში – არაუმეტეს 11 000 ლარით. 3. სააგენტომ უზრუნველყოს, 2017 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით“ განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2016 წლის ამოწურვამდე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. |
|
დანართი
|
| ||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები