დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,ლენტეხის რაიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 03/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №473
2003 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ლენტეხის რაიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ
ლენტეხის რაიონში გასული წლის ძლიერი წვიმების შედეგად განვითარდა მეწყერული პროცესები, დაინგრა ხიდები, წაილეკა საავტომობილო გზები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდგომარეობა რთულდება იმითაც, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, სანამ დაიწყება ახალი წყალდიდობები, გასატარებელია ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება.
მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების განვითარების შესუსტებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის რაიონი 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე გამოცხადდეს საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად.
2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (თ. ჩარკვიანი) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს მდინარე ცხენისწყლისა და მისი შენაკადების ნაპირსამაგრი ნაგებობების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოთა ნუსხა, სათანადო ხარჯთა ნუსხითა და შესრულების ვადებით.
3. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. დვალი) ლენტეხის რაიონის გამგეობის რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი იურიდიული პირისათვის უზრუნველყოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი მოცულობის ხე-ტყის დასამზადებლად შესაბამისი ნებართვის გაცემა დროებითი ნაპირსამაგრი ჯებირების, ამრიდებელი წინაღობების, მისასვლელი გზებისა და წყალსადენების სათავე ნაგებობათა რეაბილიტაციისათვის.
4. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (დ. ბერძენიშვილი) ლენტეხის რაიონის გამგეობასთან ერთად შეიმუშაოს მეწყერ- და ღვარცოფსაშიშ ზონებში მოსახლეობის ადგილზე დამაგრების მიზნით განსახორციელებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ნუსხა, შეთანხმებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის (ნ. ჩხობაძე) და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან.
5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე).
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები