საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები)

საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები)
დოკუმენტის ნომერი 60-24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016436
60-24
07/11/2016
ვებგვერდი, 22/11/2016
480610000.03.030.016436
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა

(2016-2020 წლები)


საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 მაისს ქ. რომში ხელმოწერილი კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების მე-13 მუხლის თანახმად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთკავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების სურვილისა და კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა და განვითარების ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეთანხმდნენ 2016-2020 წლებისათვის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის წინამდებარე აღმასრულებელი პროგრამის თაობაზე. 

მხარეებმა შეათანხმეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროები:

1.  განათლების სფერო და ენის პოპულარიზაცია;

2. კულტურული ღონისძიებები;

3. კულტურული მემკვიდრეობა;

4. სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა;

5. ინფორმაცია რადიო და სატელევიზიო კომუნიკაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ;

6. სპორტი და ახალგაზრდობა;

7. ადამიანის უფლებები.


1. განათლების სფერო და ენის პოპულარიზაცია

სასკოლო   განათლება

1.1. მხარეები იმოქმედებენ ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა ინიციატივის მხარდასაჭერად, რომლებიც განისაზღვრება ქვეყნების შესაბამის სამინისტროებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით.

ამ მიზნით, იტალიური მხარე აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს:

· თანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში;

· აკადემიური პერსონალის მომზადებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს და მეთოდური მასალებით უზრუნველყოფას;

· საქართველოს და იტალიის სკოლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას;

· ხანმოკლე პერიოდით ქართველი პედაგოგების იტალიაში მიწვევასა და მასწავლებლებს შორის გაცვლით პროგრამებს;

·  ორი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას;

· ექსპერიმენტული დიდაქტიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ორი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ენების და კულტურის სწავლების დარგში;

· მხარეები ხელს შეუწყობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში  იტალიურ ენაზე სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.

საუნივერსიტეტო განათლება

1.2. მხარეები ურთიერთშეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს, როგორც სამეცნიერო კვლევისა და საერთო ინტერესების სფეროთა განსაზღვრისთვის, ასევე ორივე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის. ამ კუთხით  განხორციელებული იქნება ორმხრივი ყოველწლიური ურთიერთგაცვლითი პროგრამები, რომელიც გაითვალისწინებს 3 პროფესორ-მასწავლებლისა და/ან მკვლევარის მიწვევას მაქსიმუმ 8 დღის ხანგრძლივობით.

იტალიური და ქართული ენის სწავლება და პოპულარიზაცია

1.3.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  შესაბამისი ენისა და კულტურის გავრცელებას.  

1.3.2.   იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, განიხილავს შესაძლებლობას, ფინანსურად დაუჭიროს მხარი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს  იტალიური ენის კათედრების ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებისათვის იმ ზოგადსაგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებში, რომლებიც შესაბამის მოთხოვნას დიპლომატიური არხებით გააგზავნიან.

1.3.3.   იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, განიხილავს შესაძლებლობას, უზრუნველყოს იტალიური სასწავლო მასალების, აგრეთვე იტალიური ენის შესწავლისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებისათვის აუცილებელი წიგნებისა და აუდიო-ვიდეომასალების მიწოდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და კულტურული დაწესებულებებისათვის, რომლებიც შესაბამის მოთხოვნას დიპლომატიური არხებით გააგზავნიან.

1.3.4.   „დანტე ალიგიერის საზოგადოება“, რომლის საქმიანობას საქართველოში  ამ საზოგადოების თბილისის კომიტეტი ახორციელებს, ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას დიდაქტიკური და კულტურული აქტივობების ორგანიზების მეშვეობით, წიგნების მარაგის განახლებას, სისტემა CLIQ-ის ფარგლებში იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი PLIDA-ს (Progetto Lingua Italiana Dante Aligjieri) სერტიფიკატისა და იტალიური ენის შემსწავლელ კურს ADA (Attestato Dante Alighieri) გავრცელებას.

სასწავლო სტიპენდიები

1.4. იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად გასცემს სასწავლო სტიპენდიებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სასწავლო კურსებზე, სამაგისტრო  და დოქტორანტურის პროგრამებზე, სპეციალიზაციის და იტალიური ენის კურსებზე სასწავლებლად. იტალიური მხარე, ყოველწლიურად, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მოახდენს სასწავლო სტიპენდიების რაოდენობის, თანხობრივი ოდენობის და მათი გაცემის პირობების შეტყობინებას.  გარდა ამისა, სტიპენდიანტებისათვის გამოყოფილი იქნება  ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა (გარდა ქრონიკული დაავადებებისა და ორთოპედიური სტომატოლოგიური მომსახურების შემთხევებისა) და გათვალისწინებული იქნება საუნივერსიტეტო გადასახადებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლება, თუ ეს გადასახადები განსაზღვრულია  დაინტერესებული უნივერსიტეტების მიერ.

2. კულტურული ღონისძიებები

წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, ორივე მხარე ხელს შეუწყობს ინიციატივების განხორციელებას შემდეგ სფეროებში:

გამოფენები

2.1. ორივე მხარე, ურთიერთშეთანხმებით და საკუთარი ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს მაღალი დონის გამოფენების გამართვას და, ასევე, გამორჩეული მხატვრული ღირებულებების მქონე შედევრების ორმხრივ გაცვლას დროის გარკვეული პერიოდით, ორივე ქვეყანაში მათი პოპულარიზაციის მიზნით.

მუსიკა, ქორეოგრაფია, თეატრი

2.2. წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში მხარეები ურთიერთშეთანხმებით, ხელს შეუწყობენ განსაკუთრებულად გამორჩეული ჯგუფებისა თუ ცალკეული ხელოვანების სპექტაკლებისა და გასტროლების განხორციელებას და თანამშრომლობას ორი ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებებსა და ასოციაციებს შორის.

2.3. მხარეები, ურთიერთშეთანხმებით, ხელს შეუწყობენ კინემატოგრაფიის დარგში თანამშრომლობას, საქართველოსა და იტალიაში გამართულ კინოფესტივალებში კინოხელოვანების მონაწილეობას, პოპულარიზაციას გაუწევენ კინოკვირეულებისა და კინოჩვენებების გამართვას და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის კინემატოგრაფის დარგში მომუშავე დაწესებულებებს, ასოციაციებსა და პროფესიონალებს შორის.

ფესტივალები, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები

2.4. მხარეები გაცვლიან ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ორივე ქვეყნის ფესტივალებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების გამართვის თაობაზე და ურთიერთშეთანხმებით გაამარტივებენ გამორჩეული იტალიური და ქართული ჯგუფებისა თუ ცალკეული ხელოვანების მონაწილეობას ამ ღონისძიებებში.

2.5. მხარეები გაცვლიან გამოცდილებას ევროკავშირის პროგრამებისა და კულტურის სფეროში, მათ შორის ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) ინიციატივებთან დაკავშირებით.

2.6. მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა შემოქმედებითი ინდუსტრიების პარტნიორობას და, შესაბამისად, მოახდენენ შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულთა ურთიერთგაცვლას საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

2.7. მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სტრატეგიების (სამთავრობო, რეგიონული და დარგობრივი), შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების, მათი მონიტორინგის და შეფასების პროცესში, რისთვისაც ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ექსპერტების, პუბლიკაციების და ა.შ. ურთიერთგაცვლას; ჩაერთვებიან მხარეთა მიერ კულტურის პოლიტიკის კვლევასა და შემუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.).

3. კულტურული მემკვიდრეობა

არქივები

3.1. ორივე მხარე, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობების საფუძველზე და ორმხრივობის პრინციპის დაცვით, გამოცემების, მიკროფილმებისა და სხვა დოკუმენტაციის გაცვლის მეშვეობით, წაახალისებს ქვეყნების საარქივო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და სასწავლო და კვლევითი ვიზიტების განხორციელებას.

ბიბლიოთეკები

3.2. მხარეები ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, წაახალისებენ თანამშრომლობას ბიბლიოთეკებს, აკადემიებსა და კულტურულ ინსტიტუციებს შორის, წიგნების, გამოცემების, პრესის, მიკროფილმებისა და ასლების გაცვლის მეშვეობით.

3.2.1.   იტალიური მხარე ვალდებულებას იღებს, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსებული სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური წიგნების საცავის გამდიდრებას, რომელიც შედგება თბილისში იტალიის საელჩოს მიერ საჩუქრად გადაცემული 4600-მდე წიგნისგან.

საგამომცემლო საქმიანობა

3.3.  მხარეები ხელს შეუწყობენ მაღალი ღირებულების მქონე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას, რაც დაეხმარება ორივე ქვეყნის ლიტერატურის, სამეცნიერო და სამხატვრო ნამუშევრების უკეთ გაცნობას.

3.4. იტალიური მხარე ვალდებულებას იღებს, შეატყობინოს ქართულ მხარეს უცხო ენაზე იტალიური წიგნების მთარგმნელებისათვის შემდეგი პრემიებისა და გრანტების მისაღებ კონკურსებში მონაწილეობის წესების შესახებ:

- „ეროვნული პრემია თარგმანისათვის” უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლობებისათვის, რომელსაც გასცემს კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტრო, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით;

-  ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმებისა და  ფართო მასებისათვის განკუთვნილი სერიალების თარგმანის, ტიტრების მომზადებისა და დუბლირებისათვის, გამომცემლებისა და იტალიელი და/ან უცხოელი მთარგმნელებისათვის განკუთვნილი პრემიები და ფინანსური გრანტები, რომლებსაც, იტალიური კულტურის გავრცელების მიზნით, პერიოდულად გასცემს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ქვეყნის სისტემის გენერალური დირექცია.

არქეოლოგია, მუზეუმები, რესტავრაცია, არქიტექტურა და თანამედროვე ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

3.5. მხარეები ურთიერთშეთანხმებით წაახალისებენ თანამშრომლობას არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის, კონსერვაციისა და დაცვის სფეროში კომპეტენტურ  სამინისტროებს შორის. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრულ პროექტებს რესტავრაციისა და კონსერვაციის დარგში.

3.5.1. მხარეები გამოთქვამენ სურვილს, განსაზღვრონ სარესტავრაციო პროექტები, რომლებსაც ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ. მხარეები გააღრმავებენ  თანამშრომლობის ფორმას სვანეთის რეგიონის უძველესი ეკლესიების ფრესკების რესტავრაციის სფეროში.

3.6. პრევენციული და აღმკვეთი ზომების მეშვეობით, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის გამოვლენის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ითანამშრომლონ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობებისა და „კულტურულ ღირებულებათა შეტანა, გატანისა და საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვის და აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ“ იუნესკოს 1970 წლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად.

გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ითანამშრომლონ წყალქვეშა  კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, წყალქვეშა არქეოლოგიასთან დაკავშირებული ორივე ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

4. სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა

4.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას ორივე მხარისათვის ინტერესის შემცველი  მეცნიერების ყველა დარგში.

4.2. მხარეები კეთილგანწყობით ეკიდებიან არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს (CNR) შორის.

4.3.  მხარეები ხელს შეუწყობენ ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020”-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით მოქმედ კონსორციუმ(ებ)ში ორივე ქვეყნის უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების, მცირე და საშუალო საწარმოების ჩართვას. 

4.4. მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კვლევით ცენტრებს, ინსტიტუციებს, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს შორის მიღწეული ურთიერთობების განვითარებას შემდეგი მიზნით:

ა) ერთმანეთთან შეთანხმებულ სამეცნიერო სფეროებში კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად განხორციელებისათვის;

ბ)  სამეცნიერო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლისათვის;

გ) კვლევითი პროექტების განსახორციელებლად და გამოცდილების გაზიარების გასაფართოებლად სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის  ვიზიტების ორგანიზებისათვის;

დ) კონფერენციების, სემინარებისა და სხვა სახის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზებისათვის.

4.5. მხარეები ხელს შეუწყობენ მოლეკულური ფიზიკის დარგში კვლევითი პროექტების განვითარებას საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გამარტივების მეშვეობით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ ორ დაწესებულებას შორის 2016 წლის 5 მაისს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქ. პავიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრთან სიმსივნესთან ბრძოლის კუთხით დაწყებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

5. ინფორმაცია რადიო და სატელევიზიო კომუნიკაციის კუთხით თანაშრომლობის შესახებ

5.1. მხარეები  მხარს დაუჭერენ  თანამშრომლობისა და გაცვლით პროგრამებს  რადიო და სატელევიზიო კომუნიკაციის სფეროში კომპეტენტურ და  დაინტერესებულ ორგანოებს შორის ხელშეკრულებების დადების ხელშეწყობით.

6. სპორტი და ახალგაზრდობა

6.1. მხარეები ითვალისწინებენ თანამშრომლობას ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სფეროში, რომელიც  რეგულირდება ამ სფეროში პერიოდულად შეთანხმებული შესაბამისი პროგრამების მეშვეობით.

6.2. მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში თანამშრომლობის განვითარებას, ორი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი მათ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის კონტაქტების მეშვეობით. ნებისმიერ ხარჯს, რომელიც საჭირო იქნება ზემოაღნიშნული კონტაქტების ორგანიზებასთან დაკავშირებით, თითოეული მხარე გაიღებს თავისი ასიგნებებიდან, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.3. მხარეები შესაბამისი პროგრამების მეშვეობით ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე სპორტში გამოვლენილი ძალადობის, დისკრიმინაციისა, დოპინგისა და მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლას.

6.4. მხარეები ითანამშრომლებენ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ექსპლუატაციის თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით, ასევე ხელს შეუწყობენ ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას.

7. ადამიანის უფლებები

7.1. მხარეები  მხარს დაუჭერენ კულტურული ღონისძიებების გამართვას  ადამიანის უფლებათა დაცვის პოპულარიზაციისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით; კერძოდ, ხელს შეუწყობენ იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ქალისა და მამაკაცის უფლებათა  თანასწორობის დაცვა, ქალთა შემოქმედებითობისა და კულტურის სფეროში საქმიანობის როლის  ხაზგასმაა.

7.2. წინამდებარე პუნქტის 1-ლ ქვეპუნქტში მითითებული მიზნების განსახორციელებლად  მხარეები გამოიყენებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული კულტურული თანამშრომლობის ღონისძიებებს.  

დასკვნითი დებულებები

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული პროგრამა შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მომდევნო პროგრამის ხელმოწერამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის, პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. პროგრამა მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები განხორციელდება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვითა და ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე იტალიის ვალდებულებების შესაბამისად.

ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2016 წლის 7 ნოემბერს, ქართულ და იტალიურ ენებზე, ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე 2 ეგზემპლარად.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 


(ხელმოწერილია)

 

 

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

პაოლო ჯენტილონი

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი