შეთანხმების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60-23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016435
60-23
07/11/2016
ვებგვერდი, 22/11/2016
480610000.03.030.016435
შეთანხმების მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმების მემორანდუმი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შემდგომში „საქართველოს მხარედ“ წოდებული, და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, შემდგომში „იტალიის მხარედ“ წოდებული, და ორივე შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

საქართველოსა და იტალიას შორის 1997 წლის 15 მაისის შეთანხმებაზე დაყრდნობით, 

საქართველოსა და იტალიას შორის ამჟამად მოქმედი სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის აღმასრულებელი პროგრამის გათვალისწინებით,

ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის განვითარებასა და ზოგადი განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, გამოხატავენ ინტერესს იტალიური ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით და თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1. მემორანდუმის მიზნები

1.1.  წინამდებარე მემორანდუმის მიზნებია:

- მხარეთა თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობების გაღრმავების კუთხით;

- საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იტალიური ენის სწავლების ან/და სწავლების იტალიურ ენაზე განხორციელების მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის პირობები

2.1. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, მხარეები ერთობლივად ხელს შეუწყობენ:

- ამ  მემორანდუმის შესასრულებლად, შესაძლო დამატებითი დოკუმენტების მიღებას;

- შესაბამისი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იტალიური ენის სწავლებით ან/და სწავლების იტალიურ ენაზე განხორციელებით;

- სწავლების იტალიურ ენაზე განხორციელებას, პირველ რიგში, შპს ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“.

2.2. საქართველოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იტალიური ენის სწავლებით ან/და სწავლების იტალიურ ენაზე განხორციელებით, იტალიური მხარე, საკუთარი ფინანსური  შესაძლებლობების ფარგლებში,  უზრუნველყოფს:

- დაფინანსების გამოყოფას იტალიის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საქართველოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც იტალიურ მხარეს დაფინანსების  მოთხოვნით მიმართავენ;

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმებული სასწავლო პროგრამის დამთავრებისას მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, საგამოცდო ტესტების შექმნას იმ საგნებისათვის, რომელთა სწავლება იტალიურ ენაზე განხორციელდება;

- მეთოდური და საგანმანათლებლო მასალებით მომარაგებას;

- მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას.

2.3. ქართული მხარე უზრუნველყოფს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მომართვის საფუძველზე, იტალიურ ენაზე განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენას საქართველოს მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

მუხლი 3. სხვა დებულებები

ეს მემორანდუმი ამოქმედდება იტალიის ეროვნული კანონმდებლობით აღებული  საერთაშორისო ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების ჩარჩოებში, რომელსაც იტალიის ევროკავშირის წევრობა აკისრებს.

წინამდებარე მემორანდუმი ძალას შეიძენს მისი ხელმოწერის მომენტიდან და ძალაში დარჩება 5  წლის განმავლობაში.

წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეებს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

მემორანდუმის  მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მემორანდუმი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით.  მხარეებს შეუძლიათ გამოხატონ მემორანდუმი შეწყვეტის სურვილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, რომელიც მეორე მხარეს  უნდა გაეგზავნოს მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტამდე 90 დღით ადრე.

შპს ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკარი“ იტალიურ ენაზე სწავლებას განახორციელებს ამ მემორანდუმით დადგენილი წესით, საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული ავტორიზაციით გათვალისწინებულ პერიოდში.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2016 წლის 7 ნოემბერს, ორი ქვეყნის მთავრობების მიერ,  ქართულ და იტალიურ ენებზე, 2 ეგზემპლიარად. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით

 

ალექსანდრე ჯეჯელავა

მინისტრი

 

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელით

 

პაოლო ჯენტილონი

მინისტრი