„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.019573
507
14/11/2016
ვებგვერდი, 16/11/2016
230210000.10.003.019573
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №507

2016 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა (დანართი №6).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საგადა­სახადო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტი­ფიკატი ან „წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინას­წარი გადაწყვეტილება“ ან  „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაცია ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია ან ხორციელდება საქონლის წარმო­შო­­ბის დეკლარირება.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით:

ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული;

ბ) საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან „წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების“ წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის;

გ) „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციის შედგენა ხორციელდება პრეფერენციული მიზნებისათვის.“;

ბ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 - მე-19 მუხლები:

„მუხლი 17.  წარმოშობის დეკლარაცია

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციით (შემდგომში – წარმოშობის დეკლარაცია) ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციით (შემდგომში ასევე – წარმოშობის დეკლარაცია).

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებულ საქონელზე წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი ექსპორტიორის (შემდგომში – უფლებამოსილი ექსპორტიორი) სტატუსი – ნებისმიერი ღირებულების იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში; 

ბ) ნებისმიერ ექსპორტიორს – საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და რომლის ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.

3. წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.

მუხლი 18. წარმოშობის დეკლარაციის შედგენა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტზე (მათ შორის, ანგარიშფაქტურაზე) ან მიწოდების შეტყობინებაზე (თუ მათში აღწერილი მონაცემები იძლევა საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებას) შესაბამისი ტექსტის დატანით, რომელიც განსაზღვრულია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმის მე-4 დანართითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის მე-4 დანართით.

2. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი დაიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე.

3. უფლებამოსილმა ექსპორტიორმა წარმოშობის დეკლარაციაში უნდა მიუთითოს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომერი.

4. წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია შედგენილია უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ და მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი წარმოშობის დეკლარაცია განიხილება როგორც ხელმოწერილი მის მიერ.

5. თუ ნასყიდობის დოკუმენტი (მათ შორის, ანგარიშფაქტურა) ან მიწოდების შეტყობინება, რომელზეც ხორციელდება წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, მოიცავს პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის საქონელს, მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც იძლევა პრეფერენციული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.

მუხლი 19. უფლებამოსილი ექსპორტიორი

1. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ წესის დანართ №6-ით გათვალისწინებული „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ (შემდგომში – ექსპორტიორის განაცხადი).

2. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას:

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5, მე-11, მე-19, 21-ე და 24-ე ნაწილებით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა  (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);

ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;

გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

4.  ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის შესაბამისობა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.

5. შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში – ასევე  მისი საქმიანობის შემოწმებას.

7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი.

8. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მიეთითება იმ საქონლის დასახელება და სეს ესნ კოდი, რომელზეც უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია წარმოშობის დეკლარაციის შედგენა.

9. უფლებამოსილი ექსპორტიორის სახელით წარმოშობის დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ ექსპორტიორის განაცხადში მითითებულ, წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს.

10. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ექსპორტიორს სურს, განახორციელოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული საქონლისგან განსხვავებულ საქონელზე, იგი ხელახლა მიმართავს შემოსავლების სამსახურს ექსპორტიორის განაცხადით, რომლის პირველ გრაფაში დამატებით მიეთითება მისი ავტორიზაციის ნომერი, ხოლო განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ექსპორტიორის განაცხადს შემოსავლების სამსახური განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.

12. უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:

ა) წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე;

ბ) შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;

დ) საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. უფლებამოსილი ექსპორტიორის კონტროლი/შემოწმება ხორციელდება:

ა) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ – ამ წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით;

ბ) ნებისმიერ დროს მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე;

გ)  იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

14. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;

ბ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს  გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) ექსპორტისას კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა;

ი) უფლებამოსილი ექსპორტიორის წერილობითი განცხადება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ექსპორტიორს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ.

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ – ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი არ უქმდება, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

17. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.

18. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული ექსპორტიორის განაცხადი უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.

3. დადგენილებას დაემატოს დანართი №6 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




დანართი №6

უფლებამოსილი ექპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი

           

1. ექსპორტიორი

(სახელი გვარი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებგვერდის მისამართი)

 

2. წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირები

(სახელი გვარი, პირადი ნომერი, სამსახურებრივი პოზიცია, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი)

 

 

 

 

3. საქონელი, რომლის ექსპორტიც განხორციელდება

საქონლის შესაბამისი დასახელება სეს ესნ-ის მიხედვით

სეს ესნ კოდი (4-ნიშნა დონეზე)

საქონლის აღწერა

დანიშნულების ქვეყანა/ქვეყნები

წარმოშობის კრიტერიუმი*

საქონლის მწარმოებელი პირი

დასახელება

ს/ნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. საქონლის მწარმოებლის/მწარმოებლების (წარმოების) ფაქტობრივი მისამართი

5. გსურთ, წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლება? **

დიახ

არა

6. წინამდებარე განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

7. ვაცხადებ, რომ:

ვარ უფლებამოსილი, ხელი მოვაწერო წინამდებარე განაცხადს და ვადასტურებ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია და მასში არ არის წინასწარგანზრახვით გამოტოვებული მონაცემები, რასაც გავლენა ექნებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

სსიპ – შემოსავლების სამსახურს მივაწვდი ინფორმაციას მე-3 გრაფაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების/ინფორმაციის) ცვლილების შესახებ.

ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას წინამდებარე განაცხადში მითითებულ საქონელზე შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირების ხელმოწერა

ექსპორტიორის/წარმომადგენლის ხელმოწერა                

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

*  მიეთითება „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“  ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები.

** წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში კისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელზეც მითითებულია ავტორიზაციის ნომერი და განიხილება, როგორც ხელმოწერილი თქვენ მიერ.