2017-2018 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

  • Word
2017-2018 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022535
  • Word
2337
08/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022535
2017-2018 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2337

2016 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

2017-2018 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და ფიჭური სატელეფონო  მომსახურების  2016-2017   წლების   კონსოლიდირებული ტენდერისა და მისი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2017 წლის პირველი თებერვლიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, ჩატარდეს  კონსოლიდირებული  ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში  შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, შეიქმნას ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია და დამტკიცდეს თანდართული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და  საქმიანობის წესი.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

დანართი

 

ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია  (შემდგომში – სატენდერო  კომისია) შექმნილია ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების   მიზნით.

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე - სსიპ -  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბარაბაძე - სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ვარდიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ზაალ კაპანაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ვასილ ჯანჯღავა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა  ტარდება  საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის  5  წევრისა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.

8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით -  mobile2017@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 

9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.