„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26-81
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016334
26-81
01/11/2016
ვებგვერდი, 03/11/2016
010260030.35.101.016334
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26-81

2016 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი - www.matsne.gov.ge, 17/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016172) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის:

 

1.  მე-3 მუხლის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო მოღვაწე – პირი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის ან/და პოლიტიკური ავტორიტეტის საფუძველზე, განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში;“;

 

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სფეროში;“.

 

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენა

1.  გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია (შემდგომში - კომისია);

გ) მუნიციპალიტეტის მერი;

დ) საქართველოს პრეზიდენტი;

ე) საქართველოს მთავრობა;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%;

თ) დასახლების საერთო კრება;“.

 

3.  დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს/ობიექტებს და მას უნდა ერთოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების სახელწოდება/სახელწოდებები და სხვა);

გ) ინფორმაცია ობიექტთან/ობიექტებთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი ან/და ისტორიული მოვლენის/მოვლენების  თუ გამოჩენილი პიროვნების/პიროვნებების შესახებ და არსებობის შემთხვევაში;

დ) კომისია უფლებამოსილია კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესში  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა (გეოგრაფიული ობიექტის XY კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში, არსებობის შემთხვევაში, საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო, იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც, შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება).

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია.  განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად,  აქვეყნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.  საჭიროების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ინიციატივას დაურთოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისი სამსახურიდან (სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) მოპოვებული გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი კარტოგრაფიული მასალა XY კოორდინატების მითითებით WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.

4. დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში   საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას წარუდგინონ წერილობით  საკუთარი მოსაზრებები.

5. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელიც წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზონის, მიკრორაიონის, ქუჩის, პროსპექტის (გამზირი), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს,  თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სახელდებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, არეგისტრირებს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის  შესაბამისი დასკვნა;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე დართული დოკუმენტები;

გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განკარგულების პროექტს და თანდართულ მასალებს განხილვისთვის გადასცემს წამყვან კომისიას (კომისიებს), რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

 

4.  დაემატოს მე-10 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 10. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პროცედურა

1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება,   გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე, აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტისა.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი