დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმების კონცეფციის საფუძველზე კადრების სწავლებისა და გადამზადების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 10/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.070.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №441
2003 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმების კონცეფციის საფუძველზე კადრების სწავლებისა და გადამზადების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ძირეული რეფორმების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩაითვალოს უკვე შემუშავებული კონცეფციისა და აქედან გამომდინარე ახალი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე სამართალდაცვის ორგანოებისა და სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებზე სტუდენტთა სათანადო სწავლებისა და მომზადების უზრუნველყოფა. ამ მიზნით:
1. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (კ. ნარჩემაშვილი, გ. ქარქაშაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან (ვ. ხაბურძანია, მ. ლაფანაშვილი), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რ. მეტრეველი, რ. შენგელია) და სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები იურიდიული ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის მსმენელთათვის უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების რეფორმის კონცეფციის სპეცკურსის სახით წაკითხვის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონცეფციით გათვალისწინებული სხვა უწყებების თანამშრომელთათვის უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმების კონცეფციისა და აქედან გამომდინარე ახალი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე სწავლება-გადამზადებისათვის საბაზო ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთათვის – იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის სასწავლო ცენტრი; ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთათვის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკადემია.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა 3 თვის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან და კონცეფციით გათვალისწინებულ სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს ევროსაბჭოს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სათანადო ექსპერტებთან და შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული კონცეფციისა და მისგან გამომდინარე ძირითად საკანონმდებლო აქტების საფუძველზე საგამოძიებო და ოპერატიულ სამსახურებში მომუშავე თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების სპეციალური პროგრამა.
4. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თ. ჯაფარიძემ დახმარება აღმოუჩინოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ სასწავლებლებს სპეციალური პროგრამის რეალიზაციისათვის დონორ ორგანიზაციებში სათანადო ფინანსების მოძიების მიზნით.
5. მოწონებულ იქნეს ბუდაპეშტში მიღებული რეკომენდაციები სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით და ეთხოვოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლ. ჭანტურიას გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა ევროსაბჭოსთან, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პროექტის მოსამზადებლად და საქართველოს პარლამენტში დამტკიცებისათვის წარსადგენად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები