საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016308
69/2016
17/10/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
010190020.15.008.016308
საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №69/2016

2016 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები
განმეორებით კენჭისყრაში/მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ  2016 წლის 8 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ ამ მუხლის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსათვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალური სია, მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემების გათვალისწინებით.

3. განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურისათვის გამოიყენება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოყენებული სპეციალური სიების ის ნაწილი, რომლითაც ამომრჩეველს  პარლამენტის მაჟორიტარული/გამგებლის/მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მინიჭებული.

4. განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური) საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

5. განმეორებითი კენჭისყრის/არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია.


მუხლი 2. საარჩევნო კომისიები
  1. საოლქო საარჩევნო კომისიების ცესკოს მიერ არჩეულ დროებით და პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, ცესკოს პროპორციული ოქმის გამოქვეყნების დღიდან, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური არ იმართება.
  2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს, უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა ცესკოს მიერ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით. 
  3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
  4. განმეორებითი კენჭისყრისთვის/მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებს ახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები.
  5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.
  6. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
  7. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევა, ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
  8. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია 1 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და პირობებით. კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში იღებს საბუთებს და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/წევრებს.
  9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ხოლო მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა.

მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები
1. განმეორებით კენჭისყრაში/მეორე ტურებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა, იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც იმართება განმეორებითი კენჭისყრა/მეორე ტური, გაგრძელდეს განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს, გარდა განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღისა, შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ დადგენილი წესების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტებისათვის, წარმომადგენლის  დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.


მუხლი 4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები
განმეორებითი კენჭისყრისთვის/მეორე ტურისთვის:

1. ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ, განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას და მის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც განმეორებითი კენჭისყრა/მეორე ტური იმართება.

3. ცესკოში რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს, აკრედიტაცია გაუგრძელდეთ განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დღის ჩათვლით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს აკრედიტაციები გაუგრძელდეთ განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ეს ორგანიზაცია დარეგისტრირებულია იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც განმეორებითი კენჭისყრა/მეორე ტური იმართება.

5. რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეგისტრაციაში გასატარებლად, უფლება აქვთ, დამკვირვებელთა დამატებითი სიები წარუდგინონ შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.

6. რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით, შესაბამისი კომისიების მდივნებს წარუდგინონ განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არუგვიანეს მე-3 დღისა.


მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი