დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პოლიმერი 1“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1982 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022310 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1982
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პოლიმერი 1“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, პლასტმასის ქარხნის მიმდებარედ, 2990.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 – საერთო ფართით –33.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.13.028.013), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „პოლიმერი 1“-ს (ს/კ: 206346097).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 665 778 (ექვსას სამოცდახუთი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (პოლიეთილენის მილები, მათ შორის, გოფრირებული, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) გ/მ) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „პოლიმერი 1“-ის მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები