ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე

  • Word
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/4/641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016077
  • Word
3/4/641
29/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.000.016077
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

გადაწყვეტილება 3/4/641

2016 წლის  29 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

პლენუმის შემადგენლობა :

გიორგი პაპუაშვილისხდომის თავმჯდომარე;

ქეთევან ერემაძეწევრი;

კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;

ზაზა  თავაძეწევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მაია კოპალეიშვილიწევრი;

ოთარ სიჭინავაწევრი;

მერაბ ტურავა - წევრი;

ლალი ფაფიაშვილიწევრი;

თამაზ ცაბუტაშვილიწევრი.

 

სხდომის მდივანი : დარეჯან  ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება : ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის  თაობაზე.

 

დავის საგანი : „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №641) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლეები - სიმონ ჩხაიძე, თამარ სვანიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს.   საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის №3/3/641 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი დასაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს  ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა.

5. კონსტიტუციურ წარდგინებაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 31 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეაჩერა  საქმისწარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მოპასუხე სერგო გოგიჩაიშვილი, მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნით იყენებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ ქონებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რის შედეგადაც, 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა 3600 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის სახით, 108 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

7. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ფაქტობრივად აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას - უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მსგავსი რეგულირება, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე, ვალდებულია, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

8. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმით და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შინაარსობრივი მსგავსების მიუხედავად, სადავო ნორმა ადგენს განსხვავებულ მოწესრიგებას, კერძოდ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს მტკიცებულების მხოლოდ ერთ სახეს, რომლითაც შესაძლებელია სადავო ფაქტების დადასტურება. წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის თანახმად, ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დადასტურება მხოლოდ წერილობითი დოკუმენტით არის შესაძლებელი, რაც მხარეს უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებები, ვინაიდან  აღნიშნული ნორმატიული აქტის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

9. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიმღებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მან მიღებისას იცოდა ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესისგან განსხვავებით, სადავო ნორმა უპირობოდ ადგენს ქონებით მოსარგებლის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას, მიუხედავად  ქონების ფლობის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა.

10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმით განსაზღვრული ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო  და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტი გამოცემულია არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, არამედ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ იგი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან აქტის გამომცემ ორგანოს შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნდა.

11. წარდგინების ავტორი ასევე მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. აღნიშნული ნორმის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა. წარდგინების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არ გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დარეგულირების უფლებამოსილების მინიჭებას. აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება დაარეგულიროს კუთვნილი ქონების განკარგვის, ე.ი. მისი სამართლებრივი ბედის გადაწყვეტის და მართვის, ანუ ქონებით სარგებლობის საკითხი, თუმცა მას არ გააჩნია უფლებამოსილება, დაადგინოს სამოქალაქო სამართლებრივი ქცევის სავალდებულო წესი და განსაზღვროს სამართლებრივი დავის გადაჭრისთვის საჭირო მტკიცებულებები. ამასთან,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განისაზღვრება, რომ ქონების განკარგვაში მხოლოდ ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა და ლიზინგის ფორმით გადაცემა მოიაზრება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას და ზღუდავს პირისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს. შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტს, რომელიც სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოცემის უფლებამოსილებას მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს. 

13. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით

14. 2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებით  მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ (შემდეგში - საბჭო). წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ანალოგიურია. საბჭოს განმარტებით, მიუხედავად გარკვეული მსგავსებისა, აღნიშნულ საკანონმდებლო  ჩანაწერსა და სადავო ნორმაში არ მომხდარა სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობის კოპირება. საბჭოს მტკიცებით, კანონმდებელი, ამგვარი სურვილის შემთხვევაში, ორივე კანონში პირდაპირ მითითებას გააკეთებდა სამოქალაქო კოდექსზე, როგორც სხვა შემთხვევებში. საბჭოს მითითებით, ორივე საკანონმდებლო აქტში, სადავო ნორმის გარდა, მრავლადაა ნორმები, რომლებიც აწესრიგებს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც ასევე რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და უკავშირდება ქონების, მათ შორის წილებისა და აქციების განკარგვისა და მართვის საკითხებს. შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს წარდგინების ავტორთა არგუმენტაციას, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღების თვალსაზრისით.

15. წერილობითი მოსაზრების თანახმად, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ კანონთა იერარქიის ერთსა და იმავე დონეზე მყოფი სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური ან უფრო ახალი კანონი. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხი კი სპეციალური საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით მოწესრიგდება.

16. საბჭოს მტკიცებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით იმავე იურიდიული ძალის ნორმატიული აქტია, როგორიც საქართველოს კონსტიტუცია, განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას, საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგოს მის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

17. წერილობით მოსაზრებაში  აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს პირისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს, რადგან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლების გადაცემისას სამინისტროს მიერ აუცილებლად გამოიცემა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ან/და ფორმდება ხელშეკრულებები, ისევე როგორც მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც, სამინისტრო მეორე მხარესთან აფორმებს ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტაცია კი სწორედ წერილობითი ხასიათისაა, ამგვარად საბჭო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით მართლზომიერად სარგებლობის დადასტურება წერილობითი დოკუმენტის არსებობის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი  არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტს.

19. 2016 წლის 16 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებით  მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა (შემდგომში - კომიტეტი). კომიტეტის განმარტებით, ნორმატიულ აქტებს შორის საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი იერარქიულად ერთსა და იმავე საფეხურზეა. აღნიშნულ სამართლებრივ დოკუმენტებში გაწერილი სხვადასხვა ნორმა შესაძლოა განსხვავებულ ღირებულებებს იცავდეს, თუმცა ეს მათ იერარქიულ ქვემდებარეობას არ იწვევს. კომიტეტი აღნიშნავს, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა,  განკარგვა და როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ აქტებში, სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა განსხვავდება იმ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებისგან, რომლებშიც სახელმწიფო მონაწილეობს როგორც  კერძო სამართლის იურიდიული პირი.

20. კომიტეტი მიუთითებს სადავო ნორმისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შინაარსობრივ მსგავსებაზე და, ამდენად, მიიჩნევს, რომ აშკარაა სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებელთა ერთიანი მიდგომა საკითხისადმი. ორივე შემთხვევაში ქონებით მოსარგებლე პირთან კანონმდებლის დამოკიდებულება ერთგვაროვანია და სწორედ იმ შინაარსისაა, რომელზეც მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში. შესაბამისად, აღნიშნულ პუნქტში გათვალისწინებული „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, სახელმწიფოს თუ ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა წესრიგდებოდეს საჯარო სამართლით. საჯარო სამართლის რეგულირების სფეროს მოწესრიგება როგორც კონსტიტუციით, ისე იმავე იურიდიული ძალის მქონე კონსტიტუციური კანონით, განეკუთვნება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას.

21. წერილობით მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად სადავო ნორმასა და სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიხედვით დადგენილ წესს შორის გარკვეული შინაარსობრივი მსგავსებისა, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ცალსახად მივიჩნიოთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის მიმართება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობასთან.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებით, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტს და კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

II

სამოტივაციო  ნაწილი

 

1. საქართველოს კონსტიტუცია ახდენს ხალხისაგან გადაცემული ხელისუფლების განაწილებას შესაბამისი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოებზე. ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში  განხორციელების ვალდებულებას. ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების პრინციპი მოითხოვს, რომ კონსტიტუციური კომპეტენციების განხორციელება და ამოცანების შესრულება კონსტიტუციის საფუძველზე უფლებამოსილმა ორგანომ განახორციელოს.

2. ამავე დროს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და  ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. სახელმწიფო ხელისუფლების ამგვარი ინსტიტუციონალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება სახელისუფლებლო ძალაუფლების უზურპირების პრევენცია, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

3. ხელისუფლების ამგვარი ფორმით განხორციელება უზრუნველყოფს შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებს შორის პასუხისმგებლობის რაციონალურ დანაწილებას. ხელისუფლების დანაწილების პირობებში შესაძლებელი ხდება სახელმწიფო გადაწყვეტილებების მაქსიმალურად კვალიფიციურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიღება. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ეფექტური და სამართლიანი მართვის წინა პირობაა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება იმ ორგანოების მიერ, რომლებიც კომპეტენტური არიან თავიანთი კონსტიტუციური სტატუსით, ფუნქციითა და უფლებამოსილებებით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციით დადგენილი ფარგლების მნიშვნელოვან გამოხატულებას. კონსტიტუცია ადგენს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მიერ უნდა განხორციელდეს.

5. მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები არიან აღჭურვილი კონსტიტუციური მანდატით, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ისეთი სუვერენული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, მაგალითად როგორებიც არის  სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, სახელმწიფო თავდაცვა და უშიშროება, საგარეო პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები და ა.შ. ამ ფუნქციების განხორციელდება სხვა სუბიექტების მიერ გამოიწვევს კონსტიტუციით დადგენილი ძალაუფლების ბალანსის დარღვევას.

6. კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, ისე  საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას. ამდენად, ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კონსტიტუციის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ საკითხებზე გამგებლობა განახორციელონ მხოლოდ საქართველოს უმაღლესმა სახელმწიფო ორგანოებმა.

7. ამავე დროს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების დელეგირება“. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს კონსტიტუციის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ საკითხებზე გამგებლობა, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ უფლებამოსილების მასზე დელეგირებას გადაწყვეტს.

 

სადავო სამართლებრივი ურთიერთობა

 

8. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლი შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით სარგებლობის საკითხებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის] ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან.

9. 641 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „სამოქალაქო სამართლისა“ და „საპროცესო“ კანონმდებლობის საკითხებს და არსებობს საკმარისი საფუძველი მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევისათვის. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, ეს ნორმა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას - უსაფუძვლო გამდიდრებას.

10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრების მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს კერძო ხასიათის ქონებრივ ურთიერთობებს, მაგრამ სახელმწიფო ქონებასთან, ისევე როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შესაბამისი სპეციალური საკანონმდებლო აქტებით. მოპასუხე მიიჩნევს, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას, საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, როგორც ქონების მესაკუთრესა და ქონებით მოსარგებლეს შორის, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს.

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა“ მიეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლიდან გამომდინარე,  საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხების განსაკუთრებულ გამგებლობაზე უფლებამოსილ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი. 

12. აღნიშნულის პარალელურად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგეობას. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები  სამოქალაქო კანონმდებლობის მიღების გზით, ხოლო საკუთარი ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას.

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსს, ხელისუფლების განხორციელების ძირითად ფორმებსა და პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და მათი განხორციელების წესს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

14. აშკარაა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზემოთ ხსენებული კომპეტენციები განსაზღვრულია ერთი და იმავე იურიდიული ძალის მქონე კონსტიტუციური დოკუმენტებით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, სადავო ნორმა წარმოადგენს საკუთრების უფლების მარეგულირებელი სამოქალაქო და საპროცესო სამართლებრივ წესს თუ, საკუთარი საკუთრების მართვისა და განკარგვის მიზნით, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინების შინაარსი

 

15. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერმინებში „სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიის კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646  გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5;  საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/578 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე.

16. განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ხსენებული ტერმინების შინაარსის ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი და საკმარისია სასამართლომ დაადგინოს, რამდენად აწესრიგებს სადავო ნორმა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც მოცემულია კონსტიტუციის ხსენებულ დებულებაში. სადავო ნორმა შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით უნებართვო სარგებლობის საკითხის, მისგან მომდინარე შედეგების მოწესრიგებას. შესაბამისად, არსებული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა შემოიფარგლება იმის დადგენით, თუ რამდენად წარმოადგენს ხსენებული ურთიერთობის მოწესრიგება კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების საგანს.

17. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სამართლებრივი  წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს კერძო საკუთრების უფლების სათანადო რეალიზებას და მის სათანადოდ დაცვას სახელმწიფოს თუ კერძო პირების ჩარევისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად,  სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). სახელმწიფო, სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის კანონმდებლობის მიღების გზით, ადგენს იმ კერძოსამართლებრივ წესრიგს, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს და ადგენს საკუთრების უფლების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის სამართლებრივ რეჟიმს.

18. სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის კანონმდებლობა შეიძლება მოიცავდეს სამოქალაქო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ფართო სპექტრს. ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალი არეგულირებს ჰორიზონტალურ ურთიერთობებს. ანუ ისეთ ურთიერთობებს, რომლებშიც პირები მონაწილეობენ როგორც თანასწორი, საკუთარ ნებას დაყრდნობილი მოქმედი სუბიექტები. სამოქალაქო ურთიერთობებში კერძო პირებთან ერთად მონაწილეობენ და სამოქალაქო სამართლის რეგულირების ქვეშ ექცევიან სახელმწიფო და სხვა საჯარო სამართლებრივი სუბიექტებიც. სამოქალაქო ურთიერთობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ ურთიერთობას ავტომატურად საჯარო სამართლად არ აქცევს, თუ საზოგადოებრივი ინტერესებით არ არის განპირობებული ამ ურთიერთობის ცალკეული კომპონენტების სპეციალური, საჯარო სამართლით მოწესრიგება, რა დროსაც სახელმწიფო წარმოდგება არა როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, არამედ - საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ლეგიტიმური ორგანო.

19. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტს და განიხილება  ამ ურთიერთობის მონაწილე სხვა სუბიექტების თანასწორად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრება გულისხმობს ყველასათვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლების დამკვიდრებას. საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც უარი თქვა საკუთრების ფორმებზე და, შესაბამისად, პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტზე. ასეთ მესაკუთრეს საბჭოთა სინამდვილეში წარმოადგენდა სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა. საქართველოს ახალი სამაქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულია უმნიშვნელოვანესი დებულება, რომ ,,სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ  ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი". კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაკანონებულმა პრინციპმა სახელმწიფო გაათანაბრა ამ ურთიერთობის სხვა სუბიექტებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის 1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი” და „ანაჯგუფი” (ყოფილი „თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ქმედებები, საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრების სარგებლობის უზრუნველსაყოფად და კერძო პირების მიერ მისი ხელყოფისაგან დაცვის მიზნით ხორციელდება, თავისი დატვირთვით არის ორ კერძო პირს შორის საკუთრებითი წესრიგის რეგულირების მსგავსი.

20. სხვისი ქონებით უნებართვო სარგებლობას სახელმწიფომ შეიძლება დაუკავშიროს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ქმედებით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება, გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონების უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა, გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები შეიძლება იყოს როგორც საჯაროსამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც საჯარო ინტერესების (მათ შორის ადამიანის უფლებების) დაცვის მიზნით სახელმწიფო ადგენს გარკვეული ქმედებების აკრძალვას, მათ შორის მათ კრიმინალიზაციას (მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობა, ამავე კოდექსის 178-ე მუხლი - ძარცვა და ა.შ.) და კერძოსამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც სახელმწიფო კერძო პირს აღჭურავს სათანადო მექანიზმებით, მოახდინოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა, მისი ქონების უნებართვო სარგებლობის შედეგად სათანადო კომპენსაციის მიღება, მესამე პირებისათვის სარგებლობის აკრძალვა და ა.შ.

21. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრის ქონებრივი ინტერესის შელახვისათვის როგორც სასჯელის დაწესება (სისხლის სამართლის კანონმდებლობა), ასევე მისთვის სათანადო ინსტრუმენტების მინიჭება, რათა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე  დაიცვას კერძო საკუთრება მესამე პირების მიერ ქონების უნებართვო სარგებლობისაგან, მიიღოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სავაჭრო და სამოქალაქო კანონმდებლობა) საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ექსკლუზიურ კომპეტენციას.

22. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით,  უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ექსკლუზიურ კომპეტენციას ასევე წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლო არც ამ ცნების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე დგას. საპროცესო კანონმდებლობა წარმოადგენს საჯარო სამართლის მნიშვნელოვან დარგს და მოიცავს იმ საკანონმდებლო აქტების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებენ სამართალწარმოების განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებს. შესაბამისად მესაკუთრის შელახული ინტერესის დაცვის წესის დადგენა, ის, თუ რა მეთოდებით, რომელ ორგანოში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ამტკიცოს მან მისი ინტერესების შელახვა და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაციის მიღება ან სხვა ღონისძიების გატარება, ასევე წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას.

23. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები შებოჭილნი არიან ადამიანის უფლებებით,  თავისუფლებებით და კონსტიტუციური პრინციპებით, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო, სავაჭრო, საპროცესო, სისხლის სამართლის და სხვა კანონმდებლობის მიღება ამ ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, არ ნიშნავს, რომ ისინი კანონმდებლობის შექმნისას თავისუფალი არიან ქმედებებში. თითოეული ის საკანონმდებლო ნორმა თუ სხვა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს, ექვემდებარება კანონიერებისა და კონსტიტუციურობის კონტროლს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რომელი ორგანოა უფლებამოსილი, მოაწესრიგოს განსახილველი ურთიერთობა. სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს ის, თუ თავისი მატერიალური თვალსაზრისით, შინაარსობრივად რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა (ან ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები) კონსტიტუციური უფლებების ან/და კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს, ან მატერიალური შინაარსით რომელი რეგულირებაა უფრო სამართლიანი.  

 

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება, განკარგოს საკუთარი ქონება

 

24. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. როგორც აღინიშნა, ამავე კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხს.

26. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება არ მოიცავს ამ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ურთიერთობის მოწესრიგების კომპეტენციას. ეს კომპეტენცია არ გულისხმობს ამ ქონებასთან დაკავშირებით მესამე პირებისათვის ცალმხრივად რაიმე ვალდებულების დაკისრების ან  განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესების უფლებამოსილებას. მაგალითისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის უფლებამოსილი, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით.

27. ქონების მართვა და განკარგვა საკუთრების უფლების რეგულირებისაგან განსხვავებით, უკავშირდება მესაკუთრის ნების გამოვლენის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. აღნიშნული კომპეტენცია არ გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, თანასწორი მხარის მიმართ რაიმე ვალდებულების დადგენას. ქონების მართვა და განკარგვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონების სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას. მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, ანუ ის, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლა, ქონების სარგებლობაში გადაცემა.  თუმცა, ამ წესის უმთავრესი მიზანია თავად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების ქმედების სამართლებრივი რეგულირება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რა წესით და როგორ უნდა იმოქმედონ მათ ქონებით სარგებლობისას ან ამ ქონების განკარგვისას. ქონების მართვისა და განკარგვის ქვეშ ვერ მოვიაზრებთ ისეთი რეგულაციის შემოღებას, რომელიც დაადგენს მესამე პირების ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობაში შესვლის ნების გამოვლენის არარსებობის პირობებში.

28. მაგალითად, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს იმას, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ქონებით მოსარგებლემ სარგებლობის უფლების მოპოვებისას, ის ფაქტობრივად ადგენს იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ავტონომიური რესპუბლიკა თანხმობას აცხადებს მესამე პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემაზე. ამ პროცესში მოსარგებლე თავად აცხადებს ნებას და მასსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სამართლებრივი ვალდებულებები მხარეთა ნებაზე დაფუძნებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა, რომლის მარეგულირებელ წესს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ან სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი სხვა ნორმები წარმოადგენს.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების მართვა და განკარგვა გულისხმობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ქონების მესაკუთრის მიერ საკუთარ ნივთზე ბატონობის განხორციელებას. მის მიერ ნივთის ფლობას, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით ნების გამოვლენას, მათ შორის, ამ ნების გამოვლენის წესის განსაზღვრას. თუმცა, აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს ქონებით მოსარგებლესა და მესაკუთრეს - ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერობის მარეგულირებელი წესის დადგენას, ქონების მესაკუთრის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი ისეთი წესების განსაზღვრას, რომელთა შესრულებაზე მოსარგებლეს ნება არ გამოუვლენია და, შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესრულების ვალდებულება არ წარმოშობილა.

30. მესაკუთრე (მათ შორის, კერძო პირი) ქონებით სარგებლობისა და  განკარგვის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს, როდესაც ამ ქონებით სარგებლობის სახელშეკრულებო პირობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ანაზღაურების პირობებს, ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ადგენს. თუმცა, ის ამ უფლებამოსილებას სცდება, როდესაც თავად ამ სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო (მაგ.: დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება) მარეგულირებელ იმპერატიულ ნორმებს ადგენს, ხელშეკრულების ბათილობის ან ხელშეკრულების არარსებობის პირობებში მეორე მხარის მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ქონების მართვა და განკარგვა გულისხმობს საკუთრების ბედის გადაწყვეტას იმ სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს და არა თავად ამ საკუთრების უფლების რეალიზების წესის განსაზღვრას. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ავტონომიურ რესპუბლიკას არ უდგენს იმაზე მეტ უფლებას ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს დადგენილია კონსტიტუციის 21-ე მუხლით ქონების მესაკუთრე კერძო პირებისათვის. შესაბამისად, ქონებით სარგებლობისა და განკარგვისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვალდებულია, დაემორჩილოს იმ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც ქონების განკარგვისათვის არის დადგენილი საქართველოს პარლამენტის მიერ.

 

სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ბუნება/მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან

 

31. სადავო ნორმა აწესრიგებს ჰორიზონტალურ ქონებრივ ურთიერთობას, კერძოდ, ადგენს ერთი პირის (ქონებით მოსარგებლის) მიერ მეორე პირის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების სათანადო საფუძვლის გარეშე გამოყენების სამართლებრივ შედეგებს. როგორც აღინიშნა, ქონებრივი ურთიერთობები ექვემდებარება მოწესრიგებას სამართლის სხვადასხვა დარგის მიერ. მაგალითად, ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისათვის პასუხისმგებლობის საკითხებს ადგენს სისხლის სამართალი. ქონების ხელყოფის შემთხვევაში ქონების მესაკუთრისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხები, როგორც წესი, სამოქალაქო სამართალის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. ამ შემთხვევაში სახეზეა ჰორიზონტალური ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობენ თანასწორი სუბიექტები, რომელთაგან ერთი ხელყოფს მეორის ქონებრივ სიკეთეს. ამგვარი ურთიერთობების მოწესრიგებით სამოქალაქო სამართალი ემსახურება წარმოქმნილი დისბალანსის კომპენსირებას და ხელმყოფს აკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

32. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ქონების ხელყოფის შედეგად გადასახდელი კომპენსაციის გამოთვლის წესის დადგენა წარმოადგენს ქონების ხელყოფის შედეგად მისი მესაკუთრისათვის წარმოშობილი სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის განსაზღვრას. ამავე დროს, სადავო ნორმის მიზანი არ არის მოსარგებლე პირის დასჯა ქონებით სარგებლობისათვის, მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, ნორმის მიზანია განსაზღვროს ქონების მესაკუთრის მიერ მისაღების კომპენსაცია მისი ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვისათვის, შესაბამისად, სადავო ნორმა არეგულირებს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას.

33. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოწესრიგება ამ ქონების მართვისა და გამგეობის კომპეტენციის ქვეშ მოიაზრება და არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალს. მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ცალმხრივად ადგენს მესამე პირების ქონებრივ ვალდებულებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ამ ქონებით უნებართვოდ სარგებლობის კომპენსირების წესებს. ასეთი საკითხების გადაწყვეტა სცდება ქონების მართვისა და განკარგვის კომპეტენციას და წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის რეგულირებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლესი ორგანოების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხია.

34. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სადავო ნორმას აქვს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის შემზღუდავი ეფექტი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც იქნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონისა, რომელიც დაადგენდა, რომ სადავო ურთიერთობაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ან დააწესებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომას მისი ქონების უნებართვო სარგებლობისათვის.

35. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი  აგრეთვე მიუთითებს, რომ განსახილველი ნორმა ასევე განსაზღვრავს გარკვეული სახის მტკიცებულებას - წერილობით დოკუმენტს -  საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც სადავო ფაქტები უნდა დადასტურდეს, რაც მხარეს უზღუდავს შესაძლებლობას, სასამართლო დავის შემთხვევაში თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მიუთითოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მტკიცებულებებზე, რადგან ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

36. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქონებით მოსარგებლე ვალდებულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად - საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. ამდენად, მოცემული ნორმა განსაზღვრავს მტკიცებულებას - საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება - ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური. ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, განსახილველი კანონით დადგენილია სამართალწარმოების პროცესში წარსადგენი მტკიცებულების კონკრეტული სახეობა.

37. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს,  რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება.   მტკიცებულებების მეშვეობით დგინდება მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილება. მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა წარმოადგენს სამართალწარმოების მნიშვნელოვან კომპონენტს. შესაბამისად, წესები, რომლებიც აწესრიგებს მტკიცებულებების წარდგენის საკითხებს, მიეკუთვნება სამართალწარმოების მომწესრიგებელ საპროცესო კანონმდებლობას.

38. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას, წარმოადგენს ქონების მართვისა და გამგეობის საკითხის რეგულირებას. ამგვარი განმარტება ემყარება კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის არასწორ ინტერპრეტაციას. ქონების მართვისა და გამგეობის შესახებ უფლებამოსილება არ გულისხმობს ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საკითხების მოწესრიგების კომპეტენციას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი აწესრიგებს, ერთი მხრივ, სამოქალაქო სამართლის, მეორე მხრივ, საპროცესო სამართლის კანონმდებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. აღნიშნული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ გამგებლობას. შესაბამისად, სახეზეა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-6 მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების დელეგირებაც კი. ამგვარად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან  მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-12 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

 

1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან  მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე  გამოქვეყნების  მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეს“.

 

პლენუმის წევრები:

 

გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი