მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019501
436
12/09/2016
ვებგვერდი, 13/09/2016
010110020.10.003.019501
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №436

2016 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4  მუხლის მე-2  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - პროგრამა).
მუხლი 2
პროგრამის მიზანია, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ შეტანილ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემდგომი საქმიანობისათვის  დამატებითი სტიმულის მიცემა და მაღალმთიან დასახლებებში სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით.
მუხლი 3
პროგრამის განხორციელების მიზნით:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს ენიშნებათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების გაცემა, შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს  კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებათა  ფარგლებიდან;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ყოველწლიურად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების შეუფერხებლად გაცემისთვის,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ საბიუჯეტო ასიგნებებში სათანადო ფინანსური რესურსის ასახვის მიზნით.

მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომლებსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, შეტანილნი არიან მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში,  მაღალმთიან დასახლებებში ეწევიან სამწვრთნელო საქმიანობას არანაკლებ ბოლო 3 წლის მანძილზე (სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში, არანაკლებ 5 პირისთვის რეგულარული საწვრთნელი პროცესის ორგანიზებით) და ამავე დროს, დასაქმებულნი არიან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში.
მუხლი 5
ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ყოველთვიურ ოდენობაზე დამატებით 10 (ათი) ლარი ამ პროგრამის მე-4 მუხლში განსაზღვრულ  ბენეფეციარებს მიეცემათ შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) არანაკლებ ბოლო 3  წლის მანძილზე, შესაბამის სპორტის სახეობაში (ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში), მის მიერ აღზრდილი არანაკლებ ერთი სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან/და არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი რეგიონულ/ადგილობრივ შეჯიბრებებში;

ბ) ფლობს სამწვრთნელო საქმიანობის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომს) ან/და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის/საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემულ სამწვრთნელო საქმიანობის  ლიცენზიას.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული მოთხოვნებიდან ორივე მოთხოვნის ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ამ დადგენილების მე-4 მუხლში განსაზღვრულ  ბენეფიციარებს ამავე დადგენილების  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ყოველთვიურ ოდენობაზე დამატებით მიეცემათ 20 (ოცი) ლარი.
მუხლი 7
ამ დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიღება პირს უწყდება:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) მაღალმთიან დასახლებებში ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამწვრთნელო საქმიანობის შეწყვეტის  ან/და ამავე დადგენილების მე-4 მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში;

დ) სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, პირის მიერ ამ პროგრამის შესაბამისად სამწვრთნელო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან,  ეროვნული  სპორტული ფედერაციებიდან და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე).

მუხლი 8
ა) მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან,  ეროვნული  სპორტული ფედერაციებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მე-7 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი გარემოებების დადგენის/გადამოწმების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველთვიურად სათანადო დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან,  ეროვნული  სპორტული ფედერაციებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებიდან.

მუხლი 9
ამ დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიური ფინანსური დახმარების დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი