დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1672 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022095 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1672
2016 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა – ვაკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, გმირ კურსანტების ქუჩის II შესახვევის №7-ში მდებარე 8991.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით – 584,52 კვ.მ, №2 საერთო ფართით – 43,21 კვ.მ, №3 საერთო ფართით – 52,25 კვ.მ და №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.031.001) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა – ვაკეს“ (ს/კ: 205264284).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 3 755 202 (სამი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ორას ორი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისგან არანაკლებ 1450 (ერთი ათას ოთხას ორმოცდაათი) ტონა, მზა ან დაკონსერვებული ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან და სხვა არანაკლებ 10 (ათი) ტონა) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა – ვაკის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები