„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016570
505
05/09/2016
ვებგვერდი, 06/09/2016
140130000.22.034.016570
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №505

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 7. „112“-ის სტრუქტურა

1. „112“ საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. „112“-ის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ოპერატიული მართვის სამმართველო:

ა.ა) თბილისის ცენტრი (სამსახური);

ა.ბ) რუსთავის ცენტრი (სამსახური);

ბ) ადმინისტრაცია (სამსახური);

გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური;

ე) საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) ინსპექტირების სამსახური.“.

 

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9. „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები:

1. ოპერატიული მართვის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და  შეფასებას;

ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

გ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას;

დ) საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწევს მოქალაქეებს პირველად კონსულტაციას;

ე) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებათა აღრიცხვას, ანალიზსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ფუნქციების შესრულებას;

ზ) უზრუნველყოფს თბილისისა და რუსთავის ცენტრების საქმიანობის კოორდინაციას;  

თ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. თბილისის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. ადმინისტრაცია (სამსახური):

ა) უზრუნველყოფს „112“-ის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს „112“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;

გ) წარმოადგენს „112“-ს სასამართლო ორგანოებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „112“-ის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას;

ე) უზრუნველყოფს „112“-ის საქმისწარმოებას დადგენილი წესების შესაბამისად;

ვ) ახორციელებს დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და დაარქივებას;

ზ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, ასევე სხვა ადრესატისათვის „112“-ის დოკუმენტების გადაცემას;

თ) შეიმუშავებს „112“-ის შრომის შინაგანაწესს;

ი) „112“-ის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით „112“-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს;

მ) „112“-ის საქმიანობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე უზრუნველყოფს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას;

ნ) ახორციელებს საპროტოკოლო და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს; 

ო) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) ახორციელებს „112“-ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და სტანდარტების პროცესის მართვას, შიდა კვლევების ჩატარებას, შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ბ) შეიმუშავებს „112“-ის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, მიღებას და შეფასებას;

დ) ორგანიზებას უწევს „112“-ში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას;

ე) ახორციელებს ფსიქოლოგიური ტესტირების ჩატარებას და პიროვნული რეკომენდაციების მომზადებას; 

ვ) შეიმუშავებს მოტივაციის/წახალისების სისტემებს და ახორციელებს მათ მონიტორინგს;

ზ) ხელმძღვანელობს და ახორციელებს „112“-ის მოსამსახურეთა ატესტაციას;

თ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სწავლების პროცესის ხარისხის კვლევას;

ი) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებას/ჩატარებას და გამოცდების შედეგების მიხედვით მოსამსახურეთა შეფასებას;

კ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სამსახურიდან მიღებული ინიციატივის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას და განხორციელებას;

ლ) ახორციელებს საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ სტატისტიკურ ანალიზს;

მ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭებისა და წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ნ) ამზადებს წინადადებებს „112“-ის სტრუქტურული ერთეულების  სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

ო) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

პ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას;

ჟ) ამზადებს დოკუმენტაციას „112“-იდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

რ) ახორციელებს მოქმედი და საარქივო პირადი საქმეების მომზადებას, აღრიცხვას, შენახვას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას და უზრუნველყოფს საარქივო პირადი საქმეების დაცვას;

ს) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

ტ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს „112“-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, მათ განახლებასა და გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების დანერგვასა და მომსახურებას;

ე) უზრუნველყოფს „112“-ის შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას, ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას;

ვ) უზრუნველყოფს „112“-ის არსებული სერვისების/პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების/პროდუქტების შექმნას ან შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება-განხორციელებას;

ზ) აწარმოებს კვლევებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით;

თ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;

ი) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას;

კ) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას;

ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახური:

ა) შეიმუშავებს „112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ადგენს და წარადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;

გ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს „112“-ის სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

დ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს;

ე) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს;

ზ) უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

თ) ახორციელებს „112“-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე მუდმივ მონიტორინგს, მათ დაცვას და გაუმჯობესება-განვითარების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;

კ) ახორციელებს „112“-ის მომარაგების ორგანიზებას და წარმართავს „112“-ის სამეურნეო საქმიანობას;

ლ) უზრუნველყოფს „112“-ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას; „112“-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისი მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას;

ნ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასობრივ საკომუნიკაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ბ) უზრუნველყოფს „112“-ის იმიჯზე ზრუნვას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას;

დ) უზრუნველყოფს „112“-ის შესახებ საზოგადოების ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობას;

ე) უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას;

ვ) უზრუნველყოფს სტრატეგიულ და კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებასთან კომუნიკაციების მართვას;

ზ) „112“-ის საჭიროებათა გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს;

თ) ახორციელებს „112“-ის ვებგვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;

ი) ასრულებს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში წარმომადგენლობით ფუნქციებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას;

კ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. ინსპექტირების სამსახური:

ა) აკონტროლებს „112“-ის მოსამსახურეებისათვის დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას, აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;

ბ) უზრუნველყოფს ოპერატიული მართვის სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხის კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში მითითებების გაცემას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

გ)  უზრუნველყოფს „112“-ის ოპერატორთა რანგირების მიზნით მათ შეფასებას;

დ) „112“-ის ოპერატორთა შეფასების სისტემის მიხედვით უზრუნველყოფს მათ შეფასებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) უზრუნველყოფს სამსახურებრივ შემოწმებას და აღნიშნული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას და პრევენციას;

ზ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 7 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი