დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხანას“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1664 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 12/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/1664
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2016 წლის 12 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა დიდავა
განმცხადებელი: შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხანა“ (ს/ნ 245386540)
დირექტორი: ზვიად კონცელიძე
მოთხოვნა - შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ს გაკოტრება.
განიხილა შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2016 წლის 08 აგვისტოს შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ დირექტორმა ზვიად კონცელიძემ განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები. საწარმო წლების მანძილზე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური რესურსები არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად და გადახდისუუნაროა. საზოგადოებას გააჩნია 3 330 760,56 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებებიდან 2 146 312,35 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ (მათ შორის 1 969 804, 35 ლარი საგადასახადო-საბიუჯეტო) დავალიანებას, ხოლო საზოგადოების აქტივები შეადგენს 1 673 726 (219 000 + 1 454 725 + 1) ლარს. შპს „ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში“ შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, საზოგადოება ფაქტობრივდ არ ფუნქციონირებს. კომპანიის აქტივები შეადგენს 1 673 726 (219 000 + 1 454 725 +1) ლარს. აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოებაში საწარმოს მიმართ აქვს 2 146 312,35 ლარის მოთხოვნა, რის გამოც საზოგადოების საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, რაც შეუძლებელს ხდის დებიტორების მიმართ დავების წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დებიტორების უმეტესი ნაწილი მოთხოვნას არ აღიარებს, ნაწილი კი ხანდაზმულია. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრიდან ამონაწერში დაფიქსირებულია ჩანაწერები ქონებაზე საგადასახადო ყადაღის დადების და გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
განმცხადებელი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ მიმართ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განმცხადებლის შპს - ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ (დირექტორი - ზვიად კონცელიძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2 . მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5 . იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 30 სექტემბერს, 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3).
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2016 წლის 25 აგვისტომდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .
მოსამართლე გოჩა დიდავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები