რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ

რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010180000.08.002.017012
198
10/08/2016
ვებგვერდი, 24/08/2016
010180000.08.002.017012
რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №198

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე

უარის თქმის შესახებ

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.“ იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ „რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.“.

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებულია უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის №339-IIს რეზოლუციის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანებია: ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.“. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის ფედერაციას საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც შეუძლებელს ხდის კანონის მოთხოვნათა დაცვით რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რეფერენდუმის ჩატარება ამ ვითარებასა და რეალობაში, დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს მისცემს ოკუპანტ ქვეყანას და შეასუსტებს ზემოაღნიშნული რეზოლუციით განსაზღვრულ დეოკუპაციის პოლიტიკას. 

ამავე დროს, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რეფერენდუმის ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილში ჩატარების სამართლებრივ რეგულაციას, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქცია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის (ცესკოში რეგისტრაციის №1310) მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირება: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შინაარსის („ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“) იდენტურია. ამდენად, რეფერენდუმზე დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელების საკითხი.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.“

საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირების შემდეგ, ის ქვეყნდება საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.  საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციაში ერთ თვეში შესაბამისი ცვლილებები ვერ განხორციელდება, რითაც ირღვევა „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნა.

ფაქტობრივად, სარეფერენდუმო კითხვის ავტორების სურვილია  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იდენტური შინაარსის ნორმის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერა, აღნიშნული აკრძალულია  საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელთა თანახმადაც აკრძალულია რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 178-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, უარი ითქვას სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხთან „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ დაკავშირებით რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე.

2. ეს ბრძანებულება ძალაშია კონტრასიგნაციის შემთხვევაში და ქვეყნდება დადგენილი წესით.

 

                                                                                                                           გიორგი მარგველაშვილი

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                           გიორგი კვირიკაშვილი