საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 19/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.002.002
  • Word
253
09/06/2003
სსმ, 58, 19/06/2003
310.150.000.05.002.002
საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №253

2003 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ

ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საჰაერო სივრცის რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების შეთანხმებულ მოქმედებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა პერიოდში მათი ფუნქციების გამჯვნას და შეთანხმებულ მოქმედებას.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის A25-3 რეზოლუციის გათვალისწინებით მოთხოვნის შესაბამისად და სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებლი სახელმწიფო ორგანოების შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების მიზნით:

1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, განვითარებაზე, რეგულირებასა და საჰაერო მოძრაობის ერთიან ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ:

ა) სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებს;

ბ) არასაომარი მდგომარეობისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას (სამხედრო საჰაერო ძალებთან შეთანხმებით).

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს:

ა) სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას:

ა.ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გნერალური შტაბის მიერ განსაზღვრული საომარი მოქმედებების რაიონის გარეთ – სამოქალაქო ავიაციის საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის ორგანოებს სამხედრო ძალებთან შეთანხმებით;

ა.ბ) საომარი მოქმედების არეში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებს;

ბ) არასაომარი მდგომარეობისას სამოქალაქო ავიაციის საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის ორგანოებს, ხოლო სამხედრო აეროდრომების (ბაზების), წვრთნების, სროლების და სხვა რაიონებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებს.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) უზრუნველყონ:

ა) საჰაერო სივრცის სტრუქტურის განვითარების ძირითადი სტრატეგიის წარმართვისათვის უწყებრივი სახელმძღვანელოების არსებული წესით ერთობლივად შემუშავება და ამოქმედება;

ბ) გეგმური და რეალური ფრენების, ასევე საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა სახეობების (სარაკეტო და საარტილერიო სროლები, ბურთ-ზონდების გაშვება და სხვ.) ურთიერთშეტყობინების სისტემის შექმნა;

გ) ყველა იმ ნორმატიული აქტის პროექტის ურთიერთშეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფრენების უსაფრთხოებასა და საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა სახეობებს;

დ) საავიაციო მოვლენებზე ურთიერთინფორმირება და საავიაციო შემთხვევების/ინცინდენტების მოკვლევის ერთიანი მიდგომის განსაზღვრა;

ე) სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის სარადიოლოკაციო, აეროსანაოსნო და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების ურთიერთშეთანხმებული დაგეგმვა;

ვ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მოწყობილობების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის შეძენა და გამოყენება;

ზ) სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეთვალყურეების ერთიანი პროგრამით მომზადება;

თ) საჰაერო სივრცის ორგანიზების, ფრენების წარმოებისა და მართვის შესახებ სპეციალიზირებულ და რეგიონალურ თათბირებზე სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობა;

ი) საავიაციო შემთხვევების/ინცინდენტების დროს საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ურთიერთშეთანხმებული განხორციელება და ერთობლივი მოქმედების წვრთნების ჩატარება.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროებმა.

ე. შევარდნაძე