დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 13/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №240
2003 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონის პროექტის მომზადების საფუძველია შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.“
2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კანონის პროექტის საბოლოო რედაქცია მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარედგინება სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურთან, უშიშროების საბჭოს აპარატთან ან დარგის ექსპერტებთან კანონპროექტის შეთანხმების აუცილებლობას.“.
3. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ა) სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახური ან უშიშროების საბჭოს აპარატი ვალდებულია კანონპროექტის წარდგენიდან 5 დღის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს მას თავისი დასკვნა. ამ ვადაში დასკვნის გაუცემლობის შემთხვევაში კანონპროექტი ითვლება სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურთან ან უშიშროების საბჭოს აპარატთან შეთანხმებულად.
ბ) კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის ქვედანაყოფთან ან უშიშროების საბჭოს აპარატთან შეთანხმების შემდეგ სამართლებრივ ექსპერტიზას გადის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურში.“
გ) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს პროექტისა და მასთან დაკავშირებული შენიშვნების წარმდგენი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, აგრეთვე გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დ) თუ პროექტთან დაკავშირებით არსებობს დასაბუთებული სამართლებრივი ან სხვა ხასიათის შენიშვნა, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მიერ კანონპროექტი უბრუნდება წარმდგენ სახელმწიფო ორგანოს.
ე) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური დადებითი სამართლებრივი დასკვნის შემთხვევაში ადგენს კანონპროექტის პასპორტს (დანართის მიხედვით), რომელშიც აღინიშნება:
– კანონპროექტის სრული სახელწოდება;
– კანონპროექტის წარმომდგენი სახელმწიფო ორგანოს დასახელება;
– კანონპროექტის მომზადების საფუძველი;
– მასალის მოცულობა;
– კანონპროექტის შეთანხმება, შენიშვნები;
– სამსახურის დასკვნა;
– მთავრობის სხდომაზე მოწვეული პირები;
– კანონპროექტის სააღრიცხვო მონაცემები.
ვ) საქართველოს კანონის პროექტის პასპორტს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
ზ) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური კანონპროექტს პასპორტითა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციით გადასცემს სახელმწიფო კანცელარიის საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახურს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
თ) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის შესაბამისი დასკვნისა და ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული კანონპროექტის პასპორტის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებით.“.
4. მე-20 მუხლის მეცხრე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონის პროექტის საბოლოო ტექსტს შეიმუშავებს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ან საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულება. კანონპროექტის წარდგენის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით სახელმწიფო მინისტრი. კანონის პროექტის საბოლოო ტექსტი წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურს, სადაც იგი გადის დამატებით სამართლებრივ ექსპერტიზას, რის შემდეგაც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.“.
5. მე-20 მუხლის მეცხრე პუნქტის შემდეგ აბზაცები გადაინომროს თანმიმდევრულად არაბული ციფრებით.
6. მე-20 მუხლის შემდეგ ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. საქართველოს პარლამენტიდან კანონპროექტის გამოთხოვა
ა) საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე გამოთხოვის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს იმ სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი.
ბ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი კანონპროექტის გამოთხოვის თაობაზე შესაბამისი მოტივირებული წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც უფლებამოსილია წარმოდგენილი მოტივაციის საფუძვლიანობის შემთხვევაში, წარადგინოს საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად, კანონპროექტის გამოთხოვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის მისაღებად.
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურისა და პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის გამოთხოვის თაობაზე შესაბამისი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს.“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის
პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური
საკანონმდებლო აქტის პროექტის მოძრაობის პასპორტი
1. საკანონმდებლო აქტის პროექტის სახელწოდება
2. საკანონმდებლო აქტის პროექტის წარმომდგენი
3. საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადების საფუძველი
4. მასალის მოცულობა:
ა) საკანონმდებლო აქტის პროექტი (განმარტებითი ბარათით) –
ბ) სხვა დანართები –
5. საკანონმდებლო აქტის პროექტის შეთანხმება
| №№ | აღმასრულებელი ხელისუფლების (და სხვა) დაწესებულება | განხილვის შედეგი | №№ | სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფი | განხილვის შედეგი |
| 1 |
|
|
|
|
|
6. შენიშვნები
| №№ | შენიშვნების ავტორი | გვ. რაოდენობა | №№ | შენიშვნის ავტორი | გვ. რაოდენობა |
| 1 |
|
|
|
|
|
7. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დასკვნა:
8. მთავრობის სხდომაზე მოწვეული პირები:
9. საკანონმდებლო აქტის პროექტის სააღრიცხვო მონაცემები
| სახელმწიფო კანცელარიაში წარმოდგენის თარიღი | რეგისტრაციის ნომერი | სამსახურში მიღების თარიღი | სამსახურის დასკვნის შედგენის თარიღი | სამსახურიდან გასვლის თარიღი |
|
|
|
|
|
|
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მ. ცაცანაშვილი
“––” ––––– 2003 წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები