დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, ატიპური პნევმონიის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 30/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №231
2003 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, ატიპური პნევმონიის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):
ა) გააძლიეროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ადგილობრივი გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და მომსახურე პერსონალის სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობა;
ბ) შეიმუშაოს სპეციალური ღონისძიებები მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის საეჭვო შემთხვევის დროს დაავადებული პირის ჰოსპიტალიზაციისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების კანონით დადგენილი წესით ეპიდკონტროლის განსახორციელებლად, რისთვისაც უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებათა მზადყოფნა მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით შესაძლო ავადმყოფთა ან ამ დაავადებაზე საეჭვო პირთა ჰოსპიტალიზაციის ან ობსერვაციისათვის;
გ) უზრუნველყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ექიმები, ეპიდემიოლოგები და სხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით;
დ) უზრუნველყოს საქტელერადიომაუწყებლობის (ზ. შენგელია), პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელშეწყობით მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების, რეკომენდებული პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და ეპიდსაწინააღმდეგო სავალდებულო მოქმედებათა შესახებ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ქმედითი დახმარება შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების შესაბამისად, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადებულთა ან საეჭვო პირთა სამედიცინო და/ან ამ მიზნისათვის გამოყოფილ სხვა სათანადო დაწესებულებებში ობსერვაციისა და მათ მიმართ სავალდებულო საკარანტინო ღონისძიებების განსახორციელებლად.
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ადგილობრივი გავრცელების არეებში ნამყოფი მოქალაქეების აღრიცხვისა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით გაამკაცროს საპასპორტო კონტროლი და არ დაუშვას მგზავრებისა და ეკიპაჟის გადაადგილება სამედიცინო სანიტარიული კონტროლის გარეშე.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) ხელი შეუწყონ:
ა) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებებში, სადგურებში, აეროპორტებში, ნავსადგურებში სათანადო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზებას და მომსახურე პერსონალის ინფორმირებას მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომების ამოცნობის, დაავადების პროფილაქტიკისა და ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე;
ბ) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში საკარანტინო და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის გამოვლენის შემთხვევაში ავადმყოფის დროებითი იზოლირების მიზნით სათანადო ფართობის (იზოლატორის) გამოყოფას.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) უზრუნველყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის საელჩოებს შორის ოპერატიული კავშირისათვის სათანადო დახმარება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვისათვის ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშაონ ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა ოპერატიული გეგმა და შექმნან შესაბამისი შტაბები.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და აღმკვეთი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შეუფერხებლად დააფინანსოს შესაბამისი სამსახურები.
8. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე), იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც დაკავებული არიან საზღვარგარეთის ქვეყნებში ტურისტული და საქმიანი ვიზიტების ორგანიზაციით, რეკომენდაცია გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს დაავადების ადგილობრივი გავრცელების არეალში მათი გამგზავრების მაქსიმალური შეზღუდვის თაობაზე.
9. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების შესაძლო შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები