„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 15-40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 08/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016415
15-40
25/05/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
480610000.03.030.016415
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

აღნიშნავენ რა თანამშრომლობას, რომელიც დაიწყო ერთობლივი პროექტის განხორციელებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამის (Euroeast) ფარგლებში და მიზნად ისახავენ რა, უზრუნველყონ პროექტით მიღწეული მიზნების შემდგომი განვითარება,

ითვალისწინებენ რა ორივე მხარის სახელმწიფოს მთავრობების მიერ თანამშრომლობის შესახებ გამოთქმულ სურვილს დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციის სფეროში, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 26 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროში,

ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ საქართველო და ლიტვის რესპუბლიკა არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (ACN) წევრები და მიზნად ისახავენ OECD-ის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, განსაკუთრებით, უცხოელი საჯარო მოხელეების მიერ საერთაშორისო ბიზნესტრანზაქციებში მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით,

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ საქართველო და ლიტვის რესპუბლიკა არიან ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) წევრები,

სურთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობის ეფექტიანობა კორუფციის პრევენციისა და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის სფეროში,

ითვალისწინებენ რა კორუფციის პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ცნობიერების გაზრდის თანაბრად მნიშვნელოვან და ურთიერთშემავსებელ ფუნქციებს და კორუფციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საჭიროებას,

პატივს სცემენ თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ  კანონმდებლობასა და ისეთ საერთაშორისო შეთანხმებებს, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის 31 ოქტომბრის კონვენცია „კორუფციის წინააღმდეგ“, ევროპის საბჭოს 1999 წლის 27 იანვრის „სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციაზე“ და ევროპის საბჭოს 1999 წლის 4 ნოემბრის „სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციაზე“,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

შეთანხმების მიზანი

1. წინამდებარე შეთანხმება მიზნად ისახავს უფრო მჭიდრო, მკაფიო და სწრაფ თანამშრომლობას მხარეებს შორის კორუფციის პრევენციის, კორუფციასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (ოპერატიული ღონისძიებების) საკითხებზე.

2.  წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს იმ ფარგლებში, რამდენადაც ისინი შეესაბამება მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

მუხლი 2

თანამშრომლობის ფარგლები და ფორმები

1.   წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ:

a) კორუფციასთან დაკავშირებული კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დანაშაულის გამოძიებაში იმდენად, რამდენადაც მხარეებს სურთ მოცემული სამართალდარღვევების და ამ სამართალდარღვევების ჩამდენი პირების დადგენა;

b) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (ოპერატიული ღონისძიებების) განხორციელებაში, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისას;

c) კორუფციის პრევენციის სფეროში.

2.   მხარეთა თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:

a)   მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის, კორუფციის პრევენციის, სოციოლოგიური და მეცნიერული კვლევების, მათი შედეგებისა და სხვა სახის ინფორმაციის შესახებ, რათა მიღწეულ იქნას წინამდებარე შეთანხმების მიზანი;

b)   ტრენინგების, სამუშაო ჯგუფებისა და სემინარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მეთოდოლოგიური და სამართლებრივი მასალის გაზიარება;

c)  კორუფციის პრევენციის ზომების გატარება და  კორუფციის პრევენციის  ერთობლივი პროგრამების განხორციელება.

3. წინამდებარე შეთანხმების მიზნის მისაღწევად, მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ და მხარი დაუჭირონ უშუალო თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და ზომების განხორციელების კუთხით, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

მუხლი 3

გაცვლილი ინფორმაციის შინაარსი

წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას, მხარეები:

1. მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან:

a) კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის მომზადების,  კორუფციასთან დაკავშირებული მიმდინარე დანაშაულის ან კორუფციასთან დაკავშირებული უკვე ჩადენილი დანაშაულის შესახებ საჭირო ინფორმაციას იმ ფარგლებში, რამდენადაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეესაბამება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტეროტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას და თუ მოთხოვნის შესრულება გავლენას არ ახდენს მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების მიმდინარეობაზე;

b)  სხვა სახის ინფორმაციას იმ იურიდიული პირების ქმედებების, აქტივებისა და მათ შესახებ ნებისმიერი სხვა ფაქტის შესახებ, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას რომელიმე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე, ინფორმაციას ფიზიკური პირების შესახებ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს შეესაბამება იმ მხარის სახელმწიფოს ტეროტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის შესახებ, სადაც ეს ინფორმაცია საჭიროა მეორე მხარის მიერ კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებისთვის;

c)  ინფორმაციას, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების კუთხით, მხარის მიერ დაგეგმილი სავარაუდო ღონისძიებებისა და ქმედებების შესახებ;

d)  ინფორმაციას კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებისა და გამოვლენისთვის გამოყენებული საშუალებების შესახებ;

e) სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მხარეების მიერ შესასრულებელ ფუნქციებთან.

2. საკუთარი ინიციატივით, მიაწვდიან ინფორმაციას:

a) თუ მიღებული აქვთ ინფორმაცია მეორე მხარის, მესამე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის საჯარო მოხელის მექრთამეობის შესახებ, რაც შესაძლოა ჩადენილი იყოს მეორე მხარის მოქალაქეების მიერ, იურიდიული პირების მიერ, რომლებსაც აქვთ ოფისი მეორე მხარის სახელმწიფოში, ან სხვა პირების მიერ, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი, ცენტრალური ადმინისტრაცია ან საქმიანობის წარმოების ადგილი მეორე მხარის სახელმწიფოში;

b) როცა ეს მნიშვნელოვანი და რელევანტურია კორუფციასთან დაკავშირებული კონკრეტული დანაშაულის ან ნებისმიერი სხვა დანაშაულის წარმატებული პრევენციის, გამოვლენის ან გამოძიებისთვის;

c)  კორუფციის პრევენციის ზომების შესახებ.

მუხლი 4

კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პროცედურა და პირობები

1. მხარეებმა, საკუთარი ინიციატივით და მოთხოვნის საფუძველზე, წერილობით უნდა გაცვალონ ინფორმაცია. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a)  მომთხოვნი მხარის სახელწოდებას;

b)  მოთხოვნის მიმღები მხარის სახელწოდებას;

c)  მიმდინარე გამოძიების დეტალურ აღწერას;

d) მოთხოვნის დასაბუთებას, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად (როდესაც მოთხოვნა, მომთხოვნი მხარის დისკრეციით, არის გადაუდებელი, მომთხოვნმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მისი გადაუდებელი შესრულების საფუძვლები);

e) მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსის აღწერას;

f)  მოთხოვნილი ინფორმაციის გამოყენების მიზანს;

g)  მოთხოვნის შესრულებისთვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.

2. ინფორმაციის გაცვლა, უარი ინფორმაციის მიწოდებაზე, ასევე, მოთხოვნების კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს:

a)  საქართველოში: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილის მიერ, ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მიერ;

b) ლიტვის რესპუბლიკაში: ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, უფროსის პირველი მოადგილის მიერ.

3.  მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. გადაუდებელი მოთხოვნების წარდგენა და გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს:

a) საქართველოში: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ცალკეულ შემთხვევებში დასახელებული სხვა უფლებამოსილი პირების მიერ;

b)   ლიტვის რესპუბლიკაში: ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ცალკეულ შემთხვევებში დასახელებული სხვა უფლებამოსილი პირების მიერ.

5. თითოეულ მხარეს შეუძლია, ნაწილობრივ ან მთლიანად, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, თუ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ხელყოს ადამიანის უფლებები, საფრთხე შეუქმნას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან/და სხვა არსებით ინტერესებს, ან თუ ის ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

6.  წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მხარეები იმოქმედებენ მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების პროცედურის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2009 წლის 11 ივნისის  შეთანხმებით გაწერილი დებულებების შესაბამისად.

7. მხარეებმა, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ მიღებული საიდუმლო ინფორმაციის დაცულობა.

8. წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ თავიანთი უფლებამოსილი პირების შესახებ და ერთმანეთს უნდა მიაწოდონ კონკრეტული საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის მიხედვით განხორციელდება ინფორმაციის, მოთხოვნებისა და სხვა დოკუმენტების მიწოდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.

9. ინფორმაციის მიწოდება უნდა შეწყდეს და მიწოდებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს მე-2 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 5

ექსპერტებისა და სპეციალისტების გაცვლა

1.  მხარეთა მიერ გამოყენებული ღონისძიებებისა და modus operandi შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების შეთავაზების მიზნით, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროებში, მხარეებმა უნდა გაცვალონ თავიანთი ექსპერტები ან სპეციალისტები.

2. ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე, მხარეებმა, საკუთარი ექსპერტების ან სპეციალისტების წარგზავნით, ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ უფლებამოსილ კომპეტენტურ დანაყოფებს შორის თანამშრომლობას.

3.  წარგზავნილ ექსპერტებს ან სპეციალისტებს ექნებათ დამკვირვებლისა და მრჩევლის სტატუსი და ვალდებულნი იქნებიან, დაიცვან იმ მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის დებულებები, სადაც ასრულებენ ფუნქციებს.

მუხლი 6

ერთობლივი ტრენინგი და პროფესიული განვითარება

1. მხარეებმა მუდმივად უნდა ითანამშრომლონ, განსაკუთრებით კი:

a) შეიმუშაონ და განახორციელონ ერთობლივი ტრენინგპროგრამები და სხვა სასწავლო ღონისძიებები;

b) ორგანიზება გაუწიონ და ჩაატარონ სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები;

c) ორგანიზება გაუწიონ სამუშაო ვიზიტებს, გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებსა და სემინარებს.

მუხლი 7

თანამშრომლობის ენები

წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ან მომთხოვნი მხარის სახელმწიფო ენაზე თანდართული ინგლისურენოვანი თარგმანით.

მუხლი 8

ინფორმაციის გამოყენება

1.  წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და გამოყენების შემთხვევაში, მხარეებმა უნდა დაიცვან თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის დებულებები, ასევე, „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2009 წლის 11 ივნისის  შეთანხმება.

2.  მხარეებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რათა დაიცვან ინფორმაცია შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, ასევე, ინფორმაციის ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისგან.

3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ან სხვა მასალა არ შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ მესამე მხარეს, ან გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნით, გარდა იმისა, რისთვისაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გადაცემა, თუ არ არსებობს ინფორმაციის ან სხვა მასალის გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

4.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა არასწორი ან არაზუსტი პერსონალური მონაცემების გადაცემა, მოთხოვნის მიმღები მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მომთხოვნ მხარეს ამის შესახებ და ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ უნდა შეასწოროს ან გაანადგუროს ასეთი ინფორმაცია.

5.  ინფორმაციის გაცვლისას მხარეებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9

დავების მოგვარება

წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის უშუალო კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით, მათი კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით.

მუხლი 10

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ქართული მხარის წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ერთობლივი თანხმობით და ცალკეული ოქმების სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ ნაწილს.

3. ნებისმიერი ცვლილების და დამატების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა განხორციელდება  წინამდებარე მუხლით გაწერილი პროცედურის შესაბამისად.

4.  წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის მიერ, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, სამი (3) თვით ადრე მიღებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

5. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, დაცვისა და გაუმჟღავნებლობის პირობები, რომლებიც შეთანხმებულ იქნა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, ძალაში რჩება მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

შესრულებულია ქ.  თბილისში, 2016 წლის 25 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით

 

 

.....................................................................

ვახტანგ გომელაური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

 

ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელით

 

 

.........................................................................

საულიუს ურბანავიჩიუსი

ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორი