„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 957
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.05.001.000.261
  • Word
957
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
300.230.000.05.001.000.261
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №№23-26, მუხ. 504) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

საქართველოს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბაზელის კონვენცია1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებსა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ. საქართველოს მიერ ბაზელის კონვენციის სამართლებრივ მოთხოვნათა შესრულების სფეროში ევროგაერთიანებებთან თანამშრომლობის ვალდებულება გათვალისწინებულია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1996 წლის 4 სექტემბერს;

ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულება ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 1 თებერვლის №259/93/EEC დებულება ევროგაერთიანების ფარგლებში, ევროგაერთიანებაში და ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ ნარჩენების გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ.

    მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი აკრძალულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი.

2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია:

ა) სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);

ბ) არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების იმპორტი მათი გაუვნებელყოფის, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა A ჯგუფი.

    მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი დაშვებულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების, რეექსპორტის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „B“ ჯგუფი.“. ეს ნარჩენებია: შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ყველა ტიპის მაკულატურა, პლასტმასები (მხოლოდ იმ ტიპისა, რომელთა გადამუშავებაც საქართველოში შესაძლებელია), საფეიქრო და საგალანტერიო წარმოების, ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი), აგრეთვე მინის ნარჩენები. ეს ნარჩენები ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების მწვანე სიით“ განსაზღვრულ ნარჩენების კატეგორიათა მიხედვით მიეკუთვნებიან:

ა) კატეგორია „GA“-ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავენ სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით);

ბ) კატეგორია „GH“-ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები);

გ) კატეგორია „GI“-ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები);

დ) კატეგორია „GJ“-ს (საფეიქრო ნარჩენები);

ე) კატეგორია „GN“-ის GN010/ეx 0502 00-ის სახეობას;

ვ) კატეგორია GL-ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები);

ზ) კატეგორია GE-ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში).

2. ნარჩენების იმპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოსა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს.

    მუხლი 4. სახიფათო და რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაცია

1. რადიაქტიურ ნარჩენებს განეკუთვნება ყოველგვარი ნარჩენები (ნაკეთობები, მასალები, ნივთიერებები და ბიოლოგიური ობიექტები), დაბინძურებული რადიაქტიური ნივთიერებების ისეთი ოდენობით, რომელიც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმებს.

2. სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

ა) ბაზელის კონვენციის პირველი დანართით დადგენილი, კონტროლსა და განსაკუთრებულ განხილვას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის მე-3 დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი ნარჩენების ყვითელი სიითა და ნარჩენების წითელი სიით განსაზღვრული ნარჩენები.

    მუხლი 5. დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ერთოდეს ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს

1. ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, აგრეთვე ბაზელის კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნებით დადგენილი მონაცემები.

2. ევროპის კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შემთხვევაში დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებულ ფორმებს.

    მუხლი 6. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირება

1. ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებენ საქართველოს საბაჟო ორგანოები სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.

2. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურა და წესი განისაზღვრება დებულებით საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურისა და წესის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 7. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის დროს დაცული უნდა იყოს გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის 34-ე მუხლით, გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონით, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურისა და წესის შესახებ დებულების დამტკიცებამდე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების (კონტროლის) პროცედურასა და წესს განსაზღვრავენ ბაზელის კონვენციითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაციისათვის საჭირო დასაშვები ნორმების არარსებობის ან მათი გაუქმების შემთხვევაში მოქმედებს ამ სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ნორმებიდან უმკაცრესი.“.

II. ამ კანონის ამოქმედების დღიდან გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 8 თებერვლის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №№23-26, მუხ.505).

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№957Iს