დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებაში - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ - ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016193 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №25
2016 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებაში - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ (სსმ, ვებგვერდი, 09/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის" (შემდგომში – ანსამბლი) რეორგანიზაცია, ანსამბლის შემადგენლობიდან გამოეყოს საგუნდო კაპელა და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“.“.
3. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს ,,11“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ თანდართული დებულება.“.
4. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას" სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.“.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №09/ძ ბრძანება.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ (შემდგომში – კაპელა), როგორც შემოქმდებითი, მხატვრულ – სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. კაპელას აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. კაპელა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით და ამ დებულებით.
5. კაპელა უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. კაპელა ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე.
7. კაპელის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68.
მუხლი 2. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. კაპელის ძირითადი მიზანია ქართული, აფხაზური და მსოფლიო საგუნდო და აკადემიური მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
2. კაპელის საქმიანობის საგანია:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა;
ბ) თანამედროვე ქართული და აფხაზური მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება;
გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება;
დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
3. კაპელა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მხატვრული ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიომაუწყებლობით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო- კომერციული საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს კაპელის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე, ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს კაპელის შინაგანაწესი, განსაზღვროს კაპელაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები (მათ შორის, ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, და ამ დებულების შესაბამისად;
თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის, კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;
ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში. დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;
კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა შემოქმედებით ორგანიზაციებთან ნაწარმოების შესასრულებლად ან/და ჩასაწერად. საჭიროების შემთხვევაში, საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ;
ლ) აწარმოოს ჩანაწერები კომპაქტდისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია ან/და გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
მ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი ჯგუფები შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები.
4. კაპელას მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, კაპელის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება კაპელის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
6. კაპელა ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობები საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას კაპელის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3. კაპელის მართვა
1. კაპელის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. კაპელას ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.
3. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
4. კაპელის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
5. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს კაპელის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება კაპელის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კაპელას ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) უზრუნველყოფს კაპელის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ე) კაპელის სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს კაპელის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;
ვ) ხელმძღვანელობს კაპელის სამხატვრო საბჭოს სხდომებს.
6. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი იმავდროულად არის კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.
7. კაპელის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) კაპელის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს კაპელის შრომით ურთიერთობებს. დებს შრომით ხელშეკრულებებს კაპელის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
გ) ამტკიცებს კაპელის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
დ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
8. კაპელის დირექტორი იმავდროულად არის კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
9. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კაპელის დირექტორი.
10. დასაშვებია სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დირექტორის თანამდებობის შეთავსება.
მუხლი 4. კაპელის სამხატვრო საბჭო
1. კაპელის სამხატვრო საბჭო წარმოადგენს კაპელის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს კაპელის მხატვრულ-შემოქმედებით მიმართულებებს.
2. კაპელის სამხატვრო საბჭო ითანხმებს კაპელის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
3. კაპელის სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას, შემადგენლობას და მოქმედების ვადას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი.
4. კაპელის სამხატვრო საბჭოს სხდომების პერიოდულობა განუსაზღვრელია და მათ საჭიროების შემთხვევაში იწვევს კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.
5. კაპელის სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება კაპელის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, კაპელის რეპერტუარისა და სარეპერტუარო პოლიტიკის, კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების მიერ დასმული შემოქმედებითი საკითხები.
6. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
7. კაპელის სამხატვრო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის დროებითი არყოფნის შემთხვევაში კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს კაპელის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 5. კაპელის ქონება და სამეურნეო საქმიანობა
1. კაპელა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მისთვის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. კაპელის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სასცენო კოსტიუმებისა და რეკვიზიტის, ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან.
3. კაპელის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 6. კაპელის დაფინანსების წყაროები
1. კაპელის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სუფსიდიები და სხვა მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-ვიდეო-და აუდიო- ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების გამოყენებით;
ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კაპელის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;
თ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები;
ი) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
კ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად მოხმარდება კაპელის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 7. კაპელის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები
1. კაპელის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. კაპელის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 8. კაპელის საბუღალტრო ანგარიშგება
1. კაპელა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. კაპელის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. კაპელის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. კაპელის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. კაპელის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები