საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 942
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 16/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480.330.000.05.001.000.255
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 15.06.2017, №968)

 

საქართველოს კანონი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

 

თავი I. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნები, ამოცანები და საქმიანობა

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება.

2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის იურიდიული პირი.

    მუხლი 3

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილია და მისი საქმიანობა ემყარება ამ მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებს:

ა) ჰუმანურობა;

ბ) მიუკერძოებლობა;

გ) ნეიტრალურობა;

დ) დამოუკიდებლობა;

ე) ნებაყოფლობითობა;

ვ) ერთადერთობა;

ზ) უნივერსალურობა.

    მუხლი 4

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (შემდგომში – ჟენევის კონვენციები), მათი 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმების (შემდგომში – დამატებითი ოქმები), „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და თავისი წესდების შესაბამისად.

    მუხლი 5

საქართველოში შეიძლება არსებობდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მხოლოდ ერთი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 6

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება:

ა) მონაწილეობს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებებში; ახორციელებს პროგრამებს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სოციალური ხასიათის სხვადასხვა სახელმწიფო შეკვეთებს;

გ) ეწევა სისხლის უსასყიდლო დონორობის პროპაგანდას, მონაწილეობს სისხლის უსასყიდლოდ ჩაბარების ორგანიზებაში;

დ) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შეიარაღებული ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში;

ე) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის მასობრივი დაზიანების დროს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან მონაწილეობს მათ განხორციელებაში;

ვ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების, შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაზარალებულ პირთა დასახმარებლად;

ზ) მონაწილეობს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამით მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, მომზადების ღონისძიებებში;

თ) ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით;

ი) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის ძებნის სამსახურს;

კ) ასრულებს ჟენევის კონვენციებიდან, დამატებითი ოქმებიდან, ამ კანონიდან და თავისი წესდებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.

თავი II. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 7

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას.

    მუხლი 8

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროებია:

ა) საწევრო გადასახადები;

ბ) გრანტები, საჩუქრები და შემოწირულობანი;

გ) საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

    მუხლი 9

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას კონკრეტული პროგრამების განსახორციელებლად და სოციალური შეკვეთების შესასრულებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან შეიძლება გამოეყოს ფინანსური სახსრები.

თავი III. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№942_ Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.