დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის“ შექმნისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების და რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021712 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1265
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის“ შექმნისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების და რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, მეწარმე სუბიექტებისა და დაინტერესებულ პირთათვის შესაბამის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის“ შექმნისა და განვითარების სტრატეგია (შემდგომში - სტრატეგია).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიისა (შემდგომში - კომისია) და სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) შექმნა და მათი დებულებების დამტკიცება.
3. კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ -საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა, კომისიასა და სამუშაო ჯგუფში (საბჭოში) მონაწილეობის მიზნით.
5. კომისია და სამუშაო ჯგუფი (საბჭო) უფლებამოსილნი არიან, საჭიროებისამებრ, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიონ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.
6. დაევალოთ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო მუნიციპალიტეტებს და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, ეთხოვოთ, სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
7. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობის კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები