დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021702 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1255
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2016 წლის ივლის-სექტემბერში შაორის ტერიტორიაზე (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
ა) „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და, საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;
ბ) „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით;
ბ) მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, „მომავლის ბანაკის“ შენობა-ნაგებობებში (შაორის ტერიტორიაზე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მათი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა;
გ) კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა გამოყოფა, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ გამართვის ადგილზე (შაორის ტერიტორიაზე) მორიგეობის მიზნით.
4. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
ა) უზრუნველყოს პროგრამა „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) 18-29 წლის ასაკის 1280 ბენეფიციარის კანდიდატურის შერჩევა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის უპირატესობის მინიჭებით);
ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:
ბ.ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ერთი ფოტოსურათი;
ბ.ბ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100ა;
გ) ბენეფიციართა ტრანსპორტირება თბილისი-შაორი-თბილისის მიმართულებით, შესაბამისი ნაკადების მიხედვით.
5. ეთხოვოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შაორის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკის მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები