ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016219
17
04/07/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
010250050.35.107.016219
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2016 წლის 4 ივლისი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა



დანართი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების

მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი


მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვის და ახალი სასაფლაოს გახსნის ზოგად წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით;

ბ) სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია –ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლას, მმართველობას და მომსახურებას;

გ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

დ) საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;

ე) საგვარეულო (საოჯახოსაფლავი – საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების, მათი თანხმობით, ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;

ვ) სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ზ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების საფასურს;

თ) სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;

ი) საფლავის მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია;

კ) დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად;

ლ) ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნისათვის;

მ) გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა;

ნ) სასაფლაოს დახურვა – საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე არ ხდება ახალი საფლავების გამოყოფა;

ო) სასაფლაოს გაუქმება – საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი დაკრძალვა.


მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 50 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე  ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე.

2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, განკარგულების ფორმით, იღებს საკრებულო.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

ბ) მდინარეების ხელოვნური და ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობების შემთხვევაში;

გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.

 


მუხლი 4. სასაფლაოების მართვა
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სასაფლაოების მართვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია) მეშვეობით.

2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაოები.


მუხლი 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური
1. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისათვის მიმართვის შემთხვევაში საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი სამარის მქონე საფლავი.

2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასურები, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი განისაზღვრება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით.

3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის ნომრის მითითებით.


მუხლი 6. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის უფლებამოსილება
1. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს სასაფლაოს მართვასთან, მის მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.

2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურეობა:

ა) სასაფლაოებზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

ბ) საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება,  გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

გ) ახალგახსნილ სასაფლაოზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება (სარეგისტრაციო ფირფიტაზე სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფის და მათი რიგითობის შესახებ ინფორმაცია);

დ) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

ე) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;

ვ) სხვა მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

4. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) რეგისტრაციის  ადგილი;

გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას.

5. სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დადგენილი წესით:

ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვა. წესრიგში იქონიოს და მოუაროს აღნიშნულ სასაფლაოს;

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთების სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები და სხვა;

დ) საკრებულოზე განსახილველად ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს წინადადებები სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო ახალი სახეების, მათი საფასურის და ოდენობის შესახებ.

2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 7. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების, ხეების მოვლას;

ბ) წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;

ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას.

2. სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.


მუხლი 8. საფლავის მოწყობა და ექსპლოატაცია
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.

2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს სათანადო წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;

დ) სასაფლაოს გამწვანება, პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება, დეკორატიული ნარგავების დარგვა;

ე) სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო სადგომის მოწყობა.

3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება, წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.

4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 3 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია (1X3). საფლავის ტერიტორიის ზღვრულ ნორმად მიჩნეულ იქნეს 12 კვ.მ.

5. საფლავის შემოსაღობად დამატებით გამოყოფილ იქნეს პერიმეტრის გასწვრივ 0,2 მ სიგანის მიწის ტერიტორია.

6. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ. მიწის ფართობზე  სასაფლაოს მომსახურების (სასაფლაოების მმართველო ორგანიზაციის მიერ მომსახურების განხორციელების შემთხვევაში) საფასური განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობი გაიცეს უსასყიდლოდ და  დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, ზღვრული ნორმის ფარგლებში (12 კვ.მ.),  ხოლო ზღვრული ნორმის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე  გადახდილ  იქნეს 15 (თხუთმეტი) ლარი.  სტიქიური ბუნებრივი მოვლენის შედეგად დაზიანებული საფლავიდან მიცვალებულის ახალ სამარეში გადასვენების შემთხვევაში ახალი საფლავის გამოყოფა განხორციელდეს უსასყიდლოდ, ზღვრული ნორმის ფარგლებში, შესაბამისი თანაფარდობით.

8. მარტოხელა პირისა და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ.მეტრი და გამოიყოს  საფასურის გადახდის გარეშე. მარტოხელა პირისა და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის დაკრძალვა განხორციელდეს  სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის ხარჯებით. 

9. საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურება განხორციელდეს უსასყიდლოდ.

10.  საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის –0.5 მეტრზე ნაკლები.

11. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შეიძლება შემცირდეს.  

12. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში (უქმე დღეების ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით) გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ რაიმე დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.  უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა.

13. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას მიაწოდოს გარდაცვლილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

გ)   რეგისტრციის ადგილი;

დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

14. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.


მუხლი 9. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს ერთ ან  მეტსამარიანი.    

2. ცხედრის კონკრეტულ დაკრძალვასთან ან გადასვენებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს:

ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა;

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა;

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრმა;

ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებობით დადგენილი წესით.

6. არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ. არაიდენტიფიცირებული მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებით, სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი უნდა იქნეს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი. არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის დაკრძალვის ადგილი გამოყოფილი უნდა იქნეს სპეციალური ფირნიშით, რომელზეც აღნიშნული იქნება მიცვალებულის პირობითად  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

7. სამარის გათხრის უფლება აქვს  სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე, ან სურვილის შემთხვევაში – ჭირისუფალს.


მუხლი 10. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.

2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია საფლავების გამოყოფა, საკრებულო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმებაზე.