„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5595-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.018209
5595-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
140070000.05.001.018209
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24და 242 პუნქტები:

„241. მეხანძრე-მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობს ხანძარს, ატარებს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

242. მაშველი – პირი, რომელიც უშუალოდ ატარებს სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.“.

2. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობა

მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მის საშტატო რიცხოვნობას, სტრუქტურას და მისი ტანსაცმლის ფორმას ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები სააგენტოსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღნიშნული პირადი შემადგენლობა ატარებს დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომელიც მას ეძლევა დადგენილი ნორმის ფარგლებში.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

„თავი IX1

სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი

მუხლი 521. სააგენტოში სამსახური

1. სააგენტოს მოსამსახურეები ფუნქციების შესაბამისად იყოფიან მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად.

2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში შედიან მეხანძრე-მაშველები და მაშველები, რომლებიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს/უშუალოდ ატარებენ სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს. სააგენტოს მეხანძრე-მაშველსა და მაშველს (გარდა სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ სააგენტოს საქმიანობის საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება.

მუხლი 522. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურში მიღება

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველად/მაშველად დაინიშნება/მიიღება საქართველოს მოქალაქე/უცხოელი (ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი) 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

2. პირი სააგენტოს მეხანძრე-მაშველად/მაშველად სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დაინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად. სააგენტოში მეხანძრე-მაშველის და მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.    

3. უცხოელი სააგენტოს მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ.

4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

5. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში დანიშვნისას/მიღებისას დებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცს. მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

6. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, აგრეთვე სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.  

7. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 523. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები

1. სააგენტოში მეხანძრე-მაშველად/მაშველად არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. ამ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.

2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესასრულებლად დგინდება შემდეგი შეზღუდვები:

ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება არ აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა;

ბ) სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, აგრეთვე სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეს უფლება აქვს, სააგენტოს დირექტორის წერილობითი თანხმობით ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან.

3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეკრძალება გაფიცვა, შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. 

მუხლი 524. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაო დრო

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.

2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სააგენტო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

მუხლი 525. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

2. სააგენტოში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველისა/მაშველისა – 40 კალენდარული დღე.

3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.

4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 526. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მისი ბრალდებულად ცნობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე სააგენტოში.

მუხლი 527. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის წესი

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი შეიძლება გათავისუფლებულ/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:

ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;

თ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო;

ი) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

მ) გარდაცვალების გამო;

ნ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;

ო) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი.

მუხლი 528. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სააგენტოს მეხანძრე-მაშველი/მაშველი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

მუხლი 529. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების ფორმები

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სიგელით დაჯილდოება;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედლით დაჯილდოება;

თ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;

ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.

3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სააგენტოს დირექტორს.

4. სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

5. სააგენტოს დირექტორის წარდგინებით სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიას, აგრეთვე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 5210. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;

გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ვ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;

ზ) მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის გატეხა;

თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;

ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

2. სააგენტოს მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. დისციპლინური გადაცდომისთვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

მუხლი 5211. მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე

მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 12 ივნისს.“.

5. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X

სააგენტოს მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

მუხლი 53. სააგენტოს მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

1. სააგენტოს მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია სააგენტოს მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასი (ფულადი სარგო).

4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.

5. სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები.

6. სააგენტოს მოსამსახურეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.

7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.

მუხლი 54. სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა

1. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.

2. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მათ მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 55. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ხელფასი

სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეძლევა ხელფასი (ფულადი სარგო), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოსგან. მას, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს აგრეთვე ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი.

მუხლი 551. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წელთა ნამსახურობის დანამატი

სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო  ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 პროცენტი;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 პროცენტი;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15 პროცენტი;

დ) 10 წელი და მეტი – 20 პროცენტი.

მუხლი 552. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს  მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სააგენტო უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

4. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 553. დახმარება და კომპენსაცია სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის გარდაცვალებისას

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს უშუალოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სააგენტო) ანაზღაურებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სააგენტოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3. სააგენტოსათვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს დაღუპული მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 554. სააგენტოსა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით.

2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტისათვის ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.

მუხლი 555. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები

1. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.

2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად საპენსიო უზრუნველყოფა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის სხვა გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით.“.

6. 56-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“–„ძ“ ქვეპუნქტები:

„ღ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების  წესის დამტკიცების შესახებ“;

ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“;

შ) „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“;

ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ც) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;  

ძ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.“;

ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15–მე-17 პუნქტები:

„15. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და მინიჭებული აქვს პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო სპეციალური წოდება უნარჩუნდება და უთანაბრდება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალურ წოდებას სააგენტოში მუშაობის განმავლობაში, განურჩევლად მისი თანამდებობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები.

16. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მინიჭებული არ ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა, შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება 2016 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურს გააგრძელებს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ამ კანონის 522 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-5 პუნქტები და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5595-IIს