საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5591-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018221
5591-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
090000000.05.001.018221
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები იქმნება თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში. მათი სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან.“.

3. 29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;“.

4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. შეუთავსებლობა

პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; 

ბ) პროკურორი;

გ) გამომძიებელი;

დ) პოლიციელი;

ე) ადვოკატი;

ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;

ზ) სასულიერო პირი;

თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;

ი) ბრალდებული;

კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;

ლ) ნასამართლევი.“.

5. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. თითოეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 20 დღით ადრე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს.“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს  ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე გამოძახების უწყება ეგზავნება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის არაუმეტეს პირველ 150 კანდიდატს რიგითი ნომრების მიხედვით.

6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.

6. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.“.

7. 223-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობები განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული აცილების შესახებ და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. მხარეები პირველად აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების შესახებ, ხოლო შემდეგ − შუამდგომლობებს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით: ჯერ − ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ − დაცვის მხარე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ინტერესებს, იგი ინფორმაციას მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს და მხარეებს აწვდის.“;

გ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ თვითაცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ცალკე, მხოლოდ პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით, სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების გარეშე. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

9. თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დარჩენილ კანდიდატებს ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიიდან. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ სიაში მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე კვლავ გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 100 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.“.

8. 224-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თათბირი თავიდან იწყება.“.

9. 225-ე და 226-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 225. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება) უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს.

მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 143და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის  მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.

2. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.

3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

4. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან მისდამი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.“.

10. 231-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დადასტურების აუცილებლობას, ამ ქმედების ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტის არსებობის დამტკიცების ჩათვლით; განზრახვისა და გაუფრთხილებლობის არსსა და მნიშვნელობას; მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავ გარემოებებს;“;

ბ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას, იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება, აგრეთვე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შინაარსს;

დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს;“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოსამართლე მათ განუმარტავს, თუ რა არის საერთო და განმასხვავებელი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და მეორე − შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულს შორის.“.

11. 256-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს, იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორებისას დაითხოვოს იგი და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. თუ წარმოიქმნა ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ვალდებულება და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსამართლე ვალდებულია დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.“.

12. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.“.

13. 261-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.“.

14. 266-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო განაჩენით ადგენს ახალ სასჯელს. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

15. 330-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5591-IIს