„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5562-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.018208
5562-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
480040000.05.001.018208
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ2“ ქვეპუნქტი:

„ტ2) კომერციული ატაშე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული პირი, რომელიც  სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციული) ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს;“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) კომერციული ატაშე.“.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით კომერციული ატაშეს თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.“.

4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და კომერციული ატაშეს გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.“.

5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და კომერციული ატაშეს გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;

გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;

დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;

ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;

ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;

თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;

ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი:

„მუხლი 322. კომერციული ატაშე

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს კომერციული ატაშე, რომელიც შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციული) ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს.

2. კომერციული ატაშე იმყოფება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით კომერციული ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.

4. კომერციული ატაშეს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.  

5. კომერციული ატაშეს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგო, შენახვის ხარჯები, მის მიერ სამსახურის გავლის, მისი გამოწვევის წესები, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის,  სოციალური დაცვის წესები და გარანტიები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. კომერციული ატაშე და მისი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

7. კომერციული ატაშეს ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ კომერციულ ატაშეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაქმნელად სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, მისი გამოწვევის წესების, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესების და გარანტიების დამტკიცება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5562-IIს