საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 34/43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016406
34/43
03/12/2013
ვებგვერდი, 04/07/2016
480610000.03.030.016406
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“),

ეყრდნობიან რა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებს;

ხაზს უსვამენ რა, რომ ევროპული ღირებულებები და პრინციპები, კერძოდ, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა, ასევე გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა და ხელშეწყობა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს, აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს;

აღნიშნავენ რა, რომ საქართველო წარმოადგენს პარტნიორს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა (ENP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე შავი ზღვის სინერგიის ფარგლებში;

ხაზს უსვამენ რა ევროპის კავშირისა (შემდგომში წოდებული, როგორც „ევროკავშირი“) და საქართველოს ვალდებულებას, შემდგომში განავითარონ და ახალი ბიძგი მისცენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას, არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მოიცავს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის“ (DCFTA) ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;

აღნიშნავენ რა, რომ ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს სავიზო დიალოგი, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, გააძლიერებს მოქალაქეთა მობილობას დაცულ და ეფექტურად მართულ გარემოში;

მხედველობაში იღებენ რა, რომ საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა თანამშრომლობენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის „მობილურობა პარტნიორობისათვის“ (Mobility Partnership) ინიციატივის ფარგლებში;

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა წარმოადგენენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დამფუძნებელ წევრ სახელმწიფოებს და რომ ისინი ხელს უწყობენ BSEC-სა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცებას;

აღიარებენ რა, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს როლსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით;

მხედველობაში იღებენ რა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურვილს, ხელი შეუწყონ იმ რეფორმების პროცესის შემდგომ წარმატებულ განხორციელებას, რომელიც საქართველომ წამოიწყო ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით;

ხაზს უსვამენ რა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურვილს, ხელი შეუწყოს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) თავისი წვლილის ჩათვლით;

აღიარებენ რა, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, ევროპულ არჩევანს და ევროპულ მისწრაფებებს, და მის ვალდებულებას, დაამკვიდროს და გაავრცელოს საერთო ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი; ცნობენ რა მხარეების საერთო სურვილს ხელი შეუწყონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების  განვითარებასა და შემდგომ გაძლიერებას, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში;

ითვალისწინებენ რა მხარეთა შორის გაფორმებულ 1994 წლის 8 ნოემბრის თანამშრომლობის შესახებ ოქმს;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები განავითარებენ ურთიერთთანამშრომლობას როგორც თავიანთ, ისე საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით გამოცდილების, ექსპერტიზისა და ნოუ-ჰაუს გაცვლის გზით. 

მუხლი 2

ზემოხსენებული თანამშრომლობა მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ დაახლოებას, ასევე რეგიონალურ თანამშრომლობას, კერძოდ:

ა)   ინსტიტუტიონალური შესაძლებლობების გაძლიერება;

ბ) მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდა შესაბამისი სასწავლო პროგრამების, ექსპერტების დახმარებისა და სემინარების, ასევე, ერთობლივი სწავლებებისა და კვლევების მეშვეობით; და

გ) შესაბამისი ქვეყნების შესაბამის აკადემიურ დაწესებულებებს, ორგანიზაცებსა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის წახალისება.  

მუხლი 3

წინამდებარე მემორანდუმის დახვეწისა და განხორციელების მიზნით, მხარეები გაცვლიან იდეებსა და წინადადებებს ყოველი წლის ბოლო სემესტრში, რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლისათვის განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებებს. მხარეებმა შესაძლოა, შეიმუშაონ ორმხრივად შეთანხმებული წლიური განრიგი.

მხარეები, შესაბამის დონეზე,  გამართავენ რეგულარულ შეხვედრებს, რათა:

ა)   მოამზადონ ზემოაღნიშნული ღონისძიებები;

ბ)   განახორციელონ თანამშრომლობის პროგრამების იმპლემენტაციის მონიტორინგი;

გ) გადაჭრან თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისას წარმოშობილი საკითხები. 

მხარეთა შორის კომუნიკაცია განხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.  

მუხლი 4

მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის პროგრამებისა და წლიური განრიგის დაფინანსების შესაძლებლობას ინსტიტუტიონალური თანამშრომლობისა და დაფინანსების იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ან თავიანთი შესაბამისი ეროვნული ბიუჯეტის ფარგლებში.

მუხლი 5

წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები. ეს ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-6 მუხლის დებულებათა შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმი წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. 

მუხლი 6

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან.

წინამდებარე მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. ასეთ შემთხვევაში, მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების თარიღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების გზით.

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2013 წლის 3 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.  

 

         საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

 

 

 

მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

საბერძნეთის რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

 

 

ევანგელოს ვენიზელოსი

პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი