„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019343
278
23/06/2016
ვებგვერდი, 27/06/2016
300160070.10.003.019343
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2016 წლის 23 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და საკუთრების დაცვის მოთხოვნებს, ასევე აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული  M2,  M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსადგომების პარამეტრებს.

მუხლი 2. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებსა და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში, ასევე საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე.

2. ამ წესის მიზანია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანების ორგანიზაციისას, მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება, ასევე საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის  მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3,  N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ:

ა) მგზავრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;

ბ) ავტობუსის კონსტრუქციის (კლასის) შესაბამისობა მომსახურების სახეობასთან;

გ) ავტობუსის გამგზავრება წინასწარ დადგენილი განრიგით;

დ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული M2,  M3,  N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის  პარამეტრები და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა

1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე და ჩართულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის №6 დანართით დადგენილ პარამეტრებს.

2. პირი, რომელიც ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომს, ამ რეგლამენტის №6 დანართით განსაზღვრულ პარამეტრებთან (გარდა ამ რეგლამენტის №6 დანართის მე-2 პუნქტით (ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა) გათვალისწინებული პირობისა),  ამავე ავტოსადგომის მონაცემების შესაბამისობის დამადასტურებელ – „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული რომელიმე პირის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლითაც დგინდება ამავე პარამეტრებთან შესაბამისობა, წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შესახებ, ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ   სსიპ – შემოსავლების სამსახურს, ამ მუხლით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის მიზნით.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი