დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 212 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 09/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.510 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.“.
2. 181-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი რეკეტირის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№212–რს
დოკუმენტის კომენტარები