საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.001.509
  • Word
211
24/06/2004
სსმ, 18, 09/07/2004
060.000.000.05.001.001.509
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქმეებს რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქმეებს რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.“.

3. მეორე წიგნის მეშვიდე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი მეშვიდე

საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XLIV1 თავი:

„თავი XLIV1

წარმოება რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით

    მუხლი 3561. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა;

ბ) რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება;

გ) რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში;

დ) ოჯახის წევრი – რეკეტირის მეუღლე, მისი არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ე) ახლო ნათესავი – რეკეტირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი;

ვ) დაკავშირებული პირი – რეკეტირთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი;

ზ) რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

    მუხლი 3562. სარჩელის აღძვრა რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

1. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ.

    მუხლი 3563. ქონების ცნობა რეკეტულად

1. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას ცნობს რეკეტულად, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, გაირკვევა, რომ ქონება მიღებულია რეკეტიდან, იგი წარმოადგენს შემოსავალს რეკეტით მიღებული ქონებიდან, იგი შეძენილია რეკეტით მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

2. მოსარჩელე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის თაობაზე.

    მუხლი 3564. ქონების დაყადაღება

თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

    მუხლი 3565. ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ თავის 3563 მუხლის შესაბამისად რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონება ცნო რეკეტულად, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

2. თუ ქონების რეკეტულობა ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია რეკეტული ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება რეკეტული ქონების კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3566. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. რეკეტული ქონების ჩამორთმევის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მიმართ გამოცხადდა ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№211–რს