„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016872
121
15/06/2016
ვებგვერდი, 16/06/2016
230210000.22.033.016872
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №121

2016 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: 

ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას, ან

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს, ან

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს, ან

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, ან

ვ) ასეთი შემოტანა ხორციელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების  გამოყენებით“.

 

2. მე-5 მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, აგრეთვე წინასწარ დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“.

 

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ დანართი №XVIII-01-ის შესაბამისად;

უ) წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის  დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“ დანართი №XVIII-02-ის შესაბამისად.“.

 

4. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი შემოწმების პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც. ამასთან, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინება შესაძლებელია ითვალისწინებდეს საქონლის გაშვებამდე სინჯის ან/და ნიმუშის აღების ვალდებულებასაც;“.

 

5. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იცვლება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და სეს ესნ-ის კოდი ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში.“.

 

6. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) როდესაც განზრახულია საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული საქონლის რეექსპორტი (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);“.

 

7. 73-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.“;

 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი, ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.

12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

 

8. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 76. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.

 2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობები და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს:

ა) „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ (დანართი №XVIII-01);

ბ) არადეკლარანტთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის გადამუშავების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ;

გ) გარანტია (გარდა ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

3. „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.

4. დეკლარანტი ვალდებულია, დაფაროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება,  თუ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად საქონლის გამოყენების პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.“.

 

9. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 78. გამოსავლიანობის ნორმა

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ მონაცემები აისახება „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ (დანართი №XVIII-01), რომელიც დეკლარანტის მიერ წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.

2. შიდა გადამუშავების სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს და გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები (მათ შორის, „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ დაფიქსირებული მონაცემების თაობაზე), რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.“.

 

10. 79-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი, ნაშთი ან/და ნარჩენი საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე უნდა მოექცეს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.“;

 

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის მე-4 – მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გამოსავლიანობის აქტი“ (დანართი №XVIII-02).“.

 

11. 79-ე მუხლის შემდეგ დაემატოს დანართები: №XVIII-01 და №XVIII-02 თანდართული რედაქციით.

 

12. 112-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის  ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.“.

 

13. 117-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კამერალური შემოწმებისას, როცა დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების თანხის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის ცვლილებას, ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, შემოწმების შედეგები დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით.“.

 

14. 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური