საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5390-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018137
5390-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
090000000.05.001.018137
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლის:

ა) მე-2–მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად.

4. თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი).

5. თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა შეძენის მომენტისათვის იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ან ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. მაგისტრატი მოსამართლე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერად ითვლება. სატრანსპორტო საშუალების შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი პროკურორს ეკისრება.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს პროკურორმა ან დაინტერესებულმა პირმა.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

„7. ამ მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს საგნის კუთვნილების თაობაზე.

8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. 3322 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებამდე გასული ვადებიც. 

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5390-IIს