„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/058
დოკუმენტის მიმღები ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 12/07/2016
დოკუმენტის ტიპი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 300380000.25.017.016009
11/058
12/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
300380000.25.017.016009
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/058

2016 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის,    მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის და 303 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №93 „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“  პირველი მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით  (სსმ III, №5,16.01.02, მუხლი 40)  დამტკიცებულ ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში“  (შემდგომში - წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ47 პუნქტი:

 

„ჰ47 ემინენტ დომეინი - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების შესაბამისად.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI კარი:

 

„XVI კარი

ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ განცხადების განხილვა

 

თავი LXXXIV ზოგადი დებულებები

 

მუხლი 301.  ემინენტდომეინის საქმის დაწყება

  1. სააგენტოს, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ XVI კარის დებულებების საფუძველზე,  აქვს  ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით.
  2. ინვესტორის განცხადების განხილვის საფუძველზე, სასამართლოში  ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს ამ კარით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი LXXXV საქმის განხილვის პროცედურა და სასამართლოში  ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

 

მუხლი 302. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ განცხადების შეტანა

  1. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას სადავო ქონების მესაკუთრესთან მისი ქონების ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად.
  2. ინვესტორის განცხადება ემინენტ დომეინის საქმის დაწყების თაობაზე უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს ინვესტორი;

ბ) ინვესტორის ვინაობასა და მისამართს; 

გ) იმ ქონების საკუთრების და სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო მონაცემები, კოორდინატები და სხვა), რომლის მიმართაც ინვესტორი ითხოვს ემინენტ-დომეინის საქმის დაწყებას;

დ) ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ მოთხოვნას;

ე) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ვ) საკუთრების დროებითი ჩამორთმევის ვადას;

ვ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ზ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.

  1. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ინვესტორის მიერ დაგეგმილი საქმიანობის დეტალური აღწერა, რომლის განსახორციელებლადაც ინვესტორს ესჭიროება  სადავო ქონება;

ბ) ინვესტორის წერილობითი გარანტია, რომ ინვესტორი დაფარავს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო და/ან სასამართლოს მიერ სააგენტოზე დაკისრებულ ყველა ხარჯს და გადასახდელს, მათ შორის, სააგენტოს მიერ ემინენტ დომეინის საქმის განხილვისას გაწეულ ხარჯებს, სასამართლო ხარჯებს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სასამართლოს მიერ დადგენილ საკომპენსაციო თანხას, რომელიც გადაეცემა ქონების მესაკუთრეს;

გ) მიმოწერა ქონების მესაკუთრესთან, რომლითაც დასტურდება, რომ ინვესტორმა გამოიყენა ყველა განივრული საშუალება სადავო საკითხის ურთიერთშეთანხმების გზით მოსაგვარებლად;

დ) სადავო ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც დადგენილია ლიცენზირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ.

4. ინვესტორს უფლება აქვს, წარუდგინოს სააგენტოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ინვესტორის მიერ მოთხოვნილი პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

5. სააგენტოს მიერ სასამართლოში ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ ინვესტორის განცხადების რეგისტრაციისა და განხილვის პროცედურა განისაზღვრება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ XVI კარით.

 

მუხლი 303. სააგენტოს მიერ განცხადების მიღება

  1. სააგენტო განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ამოწმებს განცხადების შესაბამისობას  ამ  წესების 302-ე  მუხლთან.
  2. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესების 302-ე მუხლს, სააგენტო ინვესტორს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები, ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტო უფლებამოსილია ინვესტორის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი, რის თაობაზეც სააგენტო წერილობით აცნობებს ინვესტორს.
  3. ინვესტორის განცხადებაში ხარვეზის დადგენის ან სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება ინვესტორის მიერ ხარვეზის გამოსწორების ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენამდე.

 

მუხლი 304. ემინენტ დომეინის დაწყების შესახებ განცხადების განხილვის ვადა

  1. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში სააგენტო იხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას ემინენტ დომეინის საქმის დაწყების მიზნით სასამართოსათვის მიმართვის თაობაზე ან საქმის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
  2. თუ საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ამ  მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე მეტი, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული  გადაწყვეტილება  განცხადების განხილვის  ვადის გაგრძელების  შესახებ, იმ პირობით, რომ საკითხის გაგრძელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.   
  3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყონებლივ აცნობებს ინვესტორს.

 

მუხლი 305. სააგენტოს მიერ ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

  1. სააგენტო ინვესტორის განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის სადავო ქონების მესაკუთრეს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, დროულად წარმოადგინონ  სააგენტოში თავიანთი წერილობითი მოსაზრება და შესაბამისი მტკიცებულებები ემინენტ-დომეინის საქმესთან დაკავშირებით.
  2. სადავო ქონების მესაკუთრე ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაზრება და სხვა ინფორმაცია სააგენტოს  მიაწოდოს ინვესტორის განცხადების და თანდართული მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თუ სააგენტოს წერილში სხვა ვადა არ არის მითითებული.
  3. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს ინვესტორისაგან დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო ინვესტორი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს სააგენტოს მოთხოვნა.
  4. ემინენტ დომეინის დაწყებამდე საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია მოაწყოს შეხვედრები ინვესტორს, სადავო ქონების მესაკუთრესა ან სხვა დაინტერესებულ პირთან, გამოიყენოს საქმის განხილვისა და მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ღონისძიებები.
  5. სააგენტო წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის განცხადების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
  6. ინვესტორის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიმართავს სასამართლოს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების თაობაზე განცხადებით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი