დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5152-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.018130 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 157-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა 1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1571 მუხლი: „მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 3 ივნისი 2016 წ. N5152-რს |
დოკუმენტის კომენტარები