„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5146-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240020.09.001.016348
5146-IIს
27/05/2016
ვებგვერდი, 03/06/2016
010240020.09.001.016348
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და 192-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

     საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კოორდინაცია გაუწიოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მის მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიში პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.

   4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

27 მაისი 2016 წ.

N5146-IIს





საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე

სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია

   სარჩევი

1. შესავალი

2. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და მიზნები

3. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში გასათვალისწინებელი საკითხები

4. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განხორციელება

5. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება

1. შესავალი

მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოგრაფიული დინამიკა მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ სექტორებზე) და გრძელვადიან პერიოდში შეიცავს რისკებს სახელმწიფო ფინანსებისთვის.

მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკისა, ხოლო 1/3 − 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკისა. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 პროცენტამდე და 40 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი − 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის − 73 წლამდე.

2002 წლის აპრილში მიღებულ იქნა დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, როგორც მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული პირველი საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტი. რამდენიმე თვის შემდეგ ბერლინში შეიკრიბა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), რათა შეემუშავებინა აღნიშნული გეგმის განხორციელების რეგიონალური სტრატეგია (RIS), რომელშიც წინა პლანზე წამოწეულ იქნა რეგიონალურ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების რეგიონალური სტრატეგია (MIPAA/RIS) განსაზღვრავს 10 ვალდებულებას, რომლებშიც, თავის მხრივ, მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და პოლიტიკური პრინციპები. ეს ვალდებულებებია:

1. პოლიტიკის ყველა მიმართულებით მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგი;

2. ხანდაზმულთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;

3. მოსახლეობის დაბერების საპასუხოდ ეკონომიკის თანაბარი და მდგრადი ზრდის ხელშეწყობა;

4. სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება;

5. შრომის ბაზრისთვის შესაძლებლობის მიცემა, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის დაბერების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე;

6. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების და განათლების სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა;

7. ყველა ასაკში ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების (მათ შორის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის) ხელშეწყობა;

8. ხანში შემავალ საზოგადოებაში ძირითადი აქცენტის გენდერულ მიდგომაზე გაკეთება;

9. ხანდაზმულებზე მზრუნველი ოჯახების და მათ წევრებში თაობათაშორისი სოლიდარობის ხელშეწყობა;

10. ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის დანერგვის და რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტში მისი შემდგომი მოქმედებების ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით 2013 წელს თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურ კომისიას, საქართველოს მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის შემუშავებაში დახმარებოდა. აღნიშნული დოკუმენტი ქვეყანას დაეხმარებოდა მოსახლეობის დაბერებაზე რეაგირების პოლიტიკის გაძლიერებაში, დაბერების პრობლემების მადრიდის 2002 წლის საერთაშორისო სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის პრინციპების გათვალისწინებით.

მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი საქართველოს მთავრობას გადაეცა და ოფიციალურად იქნა წარდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის დაბერების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბერს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასახლეში გაიმართა.

მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი და მისი რეკომენდაციები „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველია. ამ კონცეფციაში წარმოდგენილია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მიზნები, ხოლო განსახორციელებელი რეკომენდაციები დეტალურად არის მოცემული აღნიშნულ გზამკვლევში.

2015 წლის ივლისში მოსახლეობის დაბერების პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართული ეროვნული კონფერენციის რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თაოსნობით კომიტეტთან შეიქმნა მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელ პირებს (მინისტრების მოადგილეებს), სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და ხანდაზმულთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016−2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის რეკომენდაციების განსახორციელებლად. ეს გეგმა უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში ჩართვას. ამ პროცესს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი (UNFPA),  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტი (GGI).

2. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და მიზნები

2.1. მოსახლეობის დაბერების მეინსტრიმინგი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

მიზანი: მოსახლეობის დაბერების მეინსტრიმინგისათვის ხელშემწყობი გარემოსა და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა.

2.2. ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება და ჩართულობა, ასაკობრივად შეუზღუდავი გარემოს შექმნა

მიზანი: ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად ასაკობრივად შეუზღუდავი გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს ხანდაზმულთა სატრანსპორტო, საცხოვრებელი და  კომუნალური მომსახურებებით უზრუნველყოფას, ხანდაზმულების, როგორც მომხმარებლების, მხარდაჭერას, მათი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ჩართულობის და კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

2.3. ხანდაზმულთა აღქმა და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

მიზანი: ხანდაზმულთა აღქმის და მათი (ხანდაზმულების ცხოვრების, პრობლემების, ინტერესებისა და სხვა საკითხების) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების გაუმჯობესება.

2.4. ხანდაზმულთა სოციალური დაცვა  

მიზანი: ხანდაზმულთა სათანადო სოციალური დაცვით უზრუნველყოფა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შედეგების გათვალისწინებით.

2.5. ხანდაზმულთა შრომა და დასაქმება

მიზანი: ხანდაზმულთა შრომითი პოტენციალის განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა.

2.6. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლება

მიზანი: მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების უზრუნველყოფა და განათლების სისტემის ადაპტირება ცვალებადი დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაბამისად.

2.7. ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა

მიზანი: ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვით უზრუნველყოფის გაუმჯობესება.

2.8. დაბერების პროცესში მყოფ საზოგადოებაში გენდერული მიდგომის მეინსტრიმინგი

მიზანი: დაბერების პროცესში მყოფ საზოგადოებაში გენდერული მიდგომის მეინსტრიმინგის უზრუნველყოფა.

2.9. თაობათაშორისი სოლიდარობა

მიზანი: თაობათაშორისი სოლიდარობის ხელშეწყობა.

2.10. მიგრაცია

მიზანი: მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით ადეკვატური პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, ხანდაზმულებთან მიმართებით.

2.11. ქვეყნის საერთაშორისო პროცესებში ინტეგრაცია

მიზანი: ქვეყნის საერთაშორისო პროცესებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2.12. კვლევა და მონაცემთა შეგროვება

მიზანი: კვლევის, მონაცემთა შეგროვებისა  და ტენდენციების ანალიზის უზრუნველყოფა მოსახლეობის დაბერების საკითხზე მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების განსაზღვრისათვის.

3. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში გასათვალისწინებელი საკითხები

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

3.1. აქტიური და ჯანსაღი სიბერის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება ადრეულ ასაკში და ასეთი ინფორმაციის ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის მიწოდება; პრევენციისა და სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა და მათი შემდგომი პოპულარიზაცია;

3.2. ხანდაზმულთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა, განსაკუთრებით − ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის; ფარმაცევტული პროდუქტების ფასების შემცირების ხელშეწყობა გენერიკული მედიკამენტების (generics) წილის გაზრდით და ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობით;

3.3. საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში ხანდაზმულებზე გრძელვადიანი ზრუნვის ელემენტების შეტანა; გერიატრიული ზრუნვის დაწესებულებების, პალიატიური ზრუნვის და სახლში მზრუნველობის მომსახურებების (ჯანმრთელობის დაცვის სერვისების) გაუმჯობესება ყველა დონის შემოსავლის მქონე ხანდაზმულთათვის; 

3.4. ხანდაზმულთათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც სოფლად, ისე ქალაქად;

3.5. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რიცხოვნობის ზრდა, მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, განსაკუთრებით − ხანდაზმული პაციენტების მდგომარეობის მართვის შესახებ სწავლების (მათ შორის, უწყვეტი სამედიცინო განათლების) გაუმჯობესება;

3.6. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის საჭიროების განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით ტრენინგების შემუშავება და ჩატარება;

3.7. ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელთა წრის გაფართოება და მომსახურების დივერსიფიკაცია შესაბამისი მარეგულირებელი ბაზისა და წახალისების სისტემის შექმნით როგორც კერძო, ისე არამოგებიანი ორგანიზაციებისათვის, მოხალისეობის საფუძველზე მიწოდებული მომსახურების ჩათვლით; 

3.8. ზრუნვის ხარისხის მართვის ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს შესაბამის ინსტიტუტებსა და სახლში ხანდაზმულებზე ზრუნვისთვის გაიდლაინებისა და სტანდარტების შემუშავებასა და რეგულარულ განახლებას, პერსონალისთვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარებას და მის აკრედიტაციას და მონიტორინგის მექანიზმების შექმნას; ხანდაზმულებისადმი ავად მოპყრობის პრევენციის უზრუნველყოფა;

3.9. ჯანმრთელობის დაცვის მართვის ერთიანი, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის შექმნა;

3.10. არსებული სერვისებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ხელმისაწვდომობის გამარტივება, მაგალითად, ინტერნეტპორტალის მეშვეობით; საინფორმაციო კამპანიის წარმოება ისეთი მომსახურების დესტიგმატიზაციისათვის, როგორიცაა ინსტიტუციური ზრუნვა, და, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდის შესაბამისად, ამ მომსახურებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლების ხელშეწყობა;

3.11. ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; საქართველოს მთავრობას, სამედიცინო სფეროს და არასახელმწიფო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდახმარება/შევსება.

4. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განხორციელება

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა მოსახლეობის დაბერების საკითხზე და უნდა იზრუნოს მის განხორციელებაზე. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული ეს კონცეფცია. ამასთანავე, აღნიშნული დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და დაამტკიცებს 2016−2018 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ამ გეგმის განხორციელებას და მის მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.

5. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება

 5.1. მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის რეკომენდაციების და კონცეფციის განსახორციელებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება; ამ გეგმით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან მიმართებით ინდიკატორებისა და პასუხისმგებელი უწყებების ამავე გეგმით განსაზღვრა;

5.2. მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის, კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების ყოველწლიური მონიტორინგის და მასზე რეაგირების  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელება აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში წინააღმდეგობების დასაძლევად;

5.3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მოსახლეობის დაბერების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისათვის რეგულარულად, განსაკუთრებით − სამუშაო ჯგუფის წლიური შეხვედრებისათვის, მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება.