საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5092-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5092-IIს
13/05/2016
ვებგვერდი, 01/06/2016
200000000.05.001.018123
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.“;

ბ) 42-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე−45-ე ნაწილები:

„43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

44. შემოსავალი − შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

45. ლომბარდი − პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების (კრედიტების) გაცემა და კალენდარული წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.“.

2. 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს მისი შემოსავლის 10 პროცენტს.“.

3. 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.“.

4. XIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი XIII

მოგების გადასახადი

  მუხლი 96. გადასახადის გადამხდელი

  მოგების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო;

ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

  მუხლი 97. დაბეგვრის ობიექტი

1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

2. ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

3. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.

4. არარეზიდენტი საწარმოს მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით იღებს ისეთ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობასთან, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. 

7. ამ კოდექსის 981−98მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.

8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებებიდან“ გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად მიღებული მოგება იბეგრება მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულებების შესაბამისად.

9. პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად.

10. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული  დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.

მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი

1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 981. განაწილებული მოგება

1. განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

2. განაწილებულ მოგებად არ ითვლება:

ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;

ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება;

დ) საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების/წილის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია;

ე) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) მიღებული დივიდენდის განაწილება.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

4. მოგების განაწილებად ითვლება:

ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;

ბ) კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით;

გ) საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

გ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

გ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.

მუხლი 982. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის

1. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება;

დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;

ვ) სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც ამ სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 98მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.

3. მოგების გადასახადით იბეგრება:

ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა;

ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) გადახდილი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა;

გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) ავანსის გადახდა;

დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;

ე) ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;

ვ) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან აქციის/წილის შესაძენად განხორციელებული გადახდა;

ზ) ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა ან/და რომელიმე ამ პირის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

თ) კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ლომბარდის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და პარტნიორის  მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას.

4. წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები ითვლება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად.

5. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

6. თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.

7. თუ შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად განხორციელდა ანაზღაურება (თანხის ფაქტობრივად მიღება), პირი უფლებამოსილია თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

9. თუ გაუქმდა სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, პირი უფლებამოსილია უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში სესხის ძირითადი თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

10. იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

მუხლი 983. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა  ან/და ფულადი სახსრების გადაცემა

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.  

3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:

ა) კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება, რომელიც მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;

გ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და ტურისტული საწარმოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისათვის/ ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა;

დ) სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

ე) საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება, თუ ამ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში;

ვ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

მუხლი 984. წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა

1. ამ მუხლის მიზნებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯი განისაზღვრება ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად.

2. ამ კოდექსის 97-ე მუხლის მიზნებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.

3. საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.

მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება

1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:

ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა;

ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;

დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

ვ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;

მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;

ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება);

რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება;

ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება;

უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;

ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;

ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით);

ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.“.

5. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი − ფიზიკური პირისთვის.“.

6. 101-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება ფულადი მოთხოვნის თანხას;“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა, თუ ამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით განხორციელება შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს.“.

7. 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

8. 105-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

9. 106-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.“.

10. (ამოღებულია - 16.12.2022, №2441).

11. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების ერთობლივ შემოსავალზე გადამეტება გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.“.

12. 123-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 124. საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლა

1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული  საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.

2. საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის  მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც ამ მოგებაზე საქართველოში იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით.“.

14. 127-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტთან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.“.

15. 134-ე მუხლის:

ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არარეზიდენტის დასაბეგრი შემოსავალი/მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოსაქვით თანხებს შორის;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

16. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. საანგარიშო პერიოდი

1. საწარმოსთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოებისა) და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოსთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი  არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

2. რეზიდენტი საწარმოსთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

17. 136-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:

„14. ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.“.  

18. 141-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

19. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„მუხლი 143. თანამფლობელობა

1. ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საწარმოდ ითვლება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2. ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.

3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად დაურეგისტრირებელი ფიზიკური პირისათვის განაწილებული შემოსავალი.

4. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.

5. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

6. ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.

7. ამხანაგობის ზარალი, რომელიც  მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

8. ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.

9. ამ მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

10. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება.“.

20. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“.

21. 151-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“.

22. 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:

„12. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“.

23. 153-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან;

ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);

გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი  არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეწარმე ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“;

გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“.

24. 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს, ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.“.

25. 161-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:

ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;

ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი;“.

26. 171-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის იმპორტისას დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 31 ნაწილი:

„31. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401−9033 კოდებში მითითებული იმ საქონლის იმპორტისას, რომლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.“.

27. 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.“.

28. 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 254. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა საგადასახადო დავის პერიოდში

1. ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის/სანქციის თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და გასაჩივრებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სადავო  საგადასახადო  დავალიანების  გადახდის  ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.

3. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს:

ა) პირის ქონებას;

ბ) პირის საბანკო ანგარიშებს სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ამ კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმავე ნაწილებით დადგენილი წესით.

4. საგადასახადო დავის პერიოდში პირის მიმართ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული ღონისძიება უქმდება, თუ:

ა) საგადასახადო დავის პერიოდში სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი;

ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

5. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად დაწყებული ყველა ღონისძიება და წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება გაუქმებულად ითვლება, თუ საგადასახადო დავა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა.“.

29. 255-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.“;

ბ) მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

30. 269-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.“.

31. 284-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 284. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტება

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის გადამეტება ამ კომპანიის შემოსავლის 10 პროცენტზე –

იწვევს დაჯარიმებას შემოსავლის გადამეტებული თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“.

32. 299-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

33. 309-ე მუხლის:

ა) 31−33 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-17 და მე-18 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის დებულებები.

18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.“;

გ) 37-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);

ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);“;

დ) 41-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ე) 44-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;

ვ) 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.“;

ზ) მე-60 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

თ) 91-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92-ე−95-ე ნაწილები:

„92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2019 წლის 1 იანვრიდან.

95. 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“;

ი) 95-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 96-ე ნაწილი:

„96. ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2008 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთანავე, ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე ნაწილის ამოქმედებამდე მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4−25-ე და 31-ე ნაწილებისა და 33-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-9, მე-11−მე-17, მე-19−25-ე და 31-ე ნაწილები და 33-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 ნაწილი ამოქმედდეს 2023  წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 მაისი 2016 წ.

N5092-IIს