„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019284
219
18/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
300160070.10.003.019284
„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 23 დეკემბრის №4622-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017494) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის ან ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატი, მისი მფლობელი ვალდებულია, ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ახალი პირობების შესაბამისად, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება სერტიფიკატის დასადასტურებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკატში ცვლილების შესატანად (დანართი №2). განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების განხილვის პერიოდში სალოცმანო მომსახურების გაწევა არ იზღუდება და ხორციელდება პირობების შეცვლამდე არსებული წესით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის მიერ ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, სალოცმანო კატარღის და  ორმხრივი კავშირის ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგურის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი წარადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია,  შეამოწმოს წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობა არაგეგმური შემოწმებით ან მის გარეშე და წერილობითი პასუხი აცნობოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი მტკიცებულებების  წარდგენის დღიდან.“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის  მოქმედების გაგრძელება

სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება განმცხადებლის მიერ ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის და მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ლოცმანის სერტიფიკატის  მაძიებლის სტაჟირება

1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელი ვალდებულია, გაიაროს სტაჟირება შესაბამის ნავსადგურში მოქმედ სალოცმანო სამსახურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად ან 2 (ორი) თვის ვადით და 20 (ოცი) სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის მიღებით იმ შემთხვევაში,  თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24-თვიანი (ოცდაოთხთვიანი)  გამოცდილება და ჩატარებული აქვს, სულ მცირე, 20  (ოცი) სალოცმანო გაცილება.

2. იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია ლოცმანად მუშაობის 24-თვიანი (ოცდაოთხთვიანი) გამოცდილება, ლოცმან-სტაჟიორის სტაჟირების პროცესში სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ნავსადგურის კონფიგურაციის მიუხედავად, სავალდებულოა მინიმუმ 40 (ორმოცი) სალოცმანო გაცილებაში მონაწილეობის მიღება და დამატებით შესაბამისი ნავსადგურის ნავმისადგომების საერთო რაოდენობის ოთხმაგი ოდენობა.

3. გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის სტაჟირების შესახებ იღებს სააგენტო, თუ მაძიებელი წარადგენს ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ საბუთებს, გარდა მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთისა.

4. სააგენტო განცხადების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და ნიშნავს კომპეტენციის კომპიუტერულ ტესტს, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც დგება აქტი, რომელშიც აისახება სააგენტოს გადაწყვეტილება. კომპიუტერულ ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს 3000 ან 3000 რეგისტრულ ტონაზე მეტ გემზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ კაპიტნის კომპეტენციის ზღვარს.

5.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს სტაჟიორის მოწმობას, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის №8 დანართით.

6. სტაჟიორის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 12 (თორმეტი) თვით.“.

6. მე-20 მუხლის „კ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8.  22-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.  

9. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე მუხლი:

მუხლი 24. სალოცმანო სამსახურის ჩამოყალიბება საქართველოს ნავსადგურებში

1. საქართველოს იმ ნავსადგურში, სადაც სალოცმანო სამსახური არ არსებობს, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მაძიებელი იურიდიული პირი ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების გარდა  ვალდებულია,  სააგენტოს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უზრუნველყოს შესაბამისი ნავსადგურის სანავიგაციო პირობების კომპლექსური შეფასება (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) და შესათანხმებლად წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგს:

ა.ა) ნავსადგურის რეიდის, შესასვლელი არხის და აკვატორიის ჰიდროგრაფიულ კვლევას;

ა.ბ) სხვადასხვა ტიპის და ზომის გემებთან მიმართებით ნავმისადგომების ტექნიკური მონაცემების ანალიზს;

ა.გ) სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში გემების ნავსადგურში შესვლა-გასვლის მეთოდოლოგიას;

ა.დ) სანავსადგურე ბუქსირების გამოყენების ანალიზსა და მეთოდოლოგიას;

ა.ე) ნავსადგურის გახსნა-დახურვის კრიტერიუმებს სხვადასხვა ნავიგაციურ და მეტეოროლოგიურ პირობებში;

ა.ვ) სხვა ტიპის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია გემების ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;  

ბ) ჰყავდეს საქართველოს საზღვაო კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საქართველოს მოქალაქე მინიმუმ  2 (ორი) ლოცმანი;

გ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლოცმანებისათვის, 1 (ერთი) თვის განმავლობაში, შესაბამისი ნავსადგურის ვირტუალურ სიმულატორზე სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში 100 (ასი) საათის განმავლობაში წვრთნა, სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოდელკურსის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენელთა დასწრება სიმულატორზე ლოცმანების წვრთნისა და გამოცდის ჩაბარების დროს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვირტუალური სიმულატორის არარსებობის შემთხვევაში, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მაძიებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შესაბამისი ნავსადგურის ვირტუალური სიმულატორის მოდელის შექმნა და მოდელკურსის შემუშავება, სააგენტოს მიერ აღიარებულ  საწვრთნელ ცენტრთან შეთანხმებით. აღნიშნულ მოდელკურსს საწვრთნელი ცენტრი დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს;

დ) უზრუნველყოს მინიმუმ 10 (ათი) დღის განმავლობაში გაცნობითი ხასიათის ნაოსნობა, სალოცმანო კატარღის მეშვეობით, ნავსადგურის რეიდზე, შესასვლელ არხსა და აკვატორიაში, ნავსადგურის კაპიტნის ან/და სააგენტოს წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ;  

ე) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ მოქმედ ლოცმანებზე, რომლებსაც გააჩნიათ ამავე ნავსადგურში მუშაობის გამოცდილება.

2. სააგენტო, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების გარდა, სალოცმანო სამსახურისა და ლოცმანის სერტიფიცირებას ახორციელებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით განსაზღვრული წესის გამოყენება შესაძლებელია არსებულ ნავსადგურებში ახალი სალოცმანო სამსახურის შექმნის მიზნით.“.  

მუხლი 2
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის და ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატების მისაღებად.

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი