დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 22/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016101 |
|
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,შენიშვნა 1" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: 1. დაფრენის ავტომატური მართვის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობით, EVS, SVS ან CVS-ით აღჭურვილ სხ-ებთან მიმართებაში საექსპლუატაციო კრედიტის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365) და იკაოს მე-6 დანართის, პირველი ნაწილის №1 დამატებაში. 2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 23. ფრენის გეგმის შედგენა 1. ყოველი დაგეგმილი ფრენისათვის დგება ფრენის გეგმა. ფრენის გეგმას ამტკიცებს და ხელს აწერს სხ-ის მეთაური, ხოლო სადაც ეს მიზანშეწონილია, ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიამეთვალყურე. გეგმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპლუატანტს, ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შესანახად გადაეცემა გაფრენის აეროდრომის უფლებამოსილ ორგანოს, ან რეგისტრირდება გაფრენის პუნქტში. 2. ფრენის გეგმის შინაარსი და მისი გამოყენების წესი აღწერილი უნდა იყოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში.“. 3. 50-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები: ,,ზ. საავარიო ცულით და ძალაყინით: ზ.ა) 5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასისა და 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი აღჭურვილი უნდა იყოს საავარიო ცულით და ძალაყინით, რომელიც განთავსებული უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში;
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სამგზავრო ადგილების რაოდენობა შეადგენს 9-ს ან ნაკლებს საავარიო ცული და ძალაყინი არ მოეთხოვება.
ზ.ბ) 200-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავზე საავარიო ცული და ძალაყინი განთავსებული უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში და სალონის უკანა ნაწილში; სალონში განთავსებული საავარიო ცული და ძალაყინი უნდა იყოს მგზავრებისათვის ხელმიუწვდომელი.“ ,,თ) მეგაფონით: თ.ა) 60-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი მეგაფონით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეკიპაჟის წევრებისათვის საავარიო ევაკუაციის შემთხვევაში; თ.ბ) 100-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი აღჭურვილი უნდა იყოს ორი მეგაფონით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომსახურე ეკიპაჟის წევრებისათვის საავარიო ევაკუაციის შემთხვევაში. ორი მეგაფონით სხ-ის აღჭურვის შემთხვევაში მეგაფონები უნდა განთავსდეს სამგზავრო სალონის წინა და უკანა ნაწილში. ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: ,,ძ) ფრენის სამუშაო გეგმა, რომელშიც უნდა მიეთითოს: ძ.ა) სხ-ის რეგისტრაციის ნომერი; ძ.ბ) სხ-ის ტიპი; ძ.გ) ფრენის თარიღი; ძ.დ) რეისის ნომერი; ძ.ე) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების სახელი, გვარი და მოვალეობები; ძ.ვ) გაფრენის პუნქტი; ძ.ზ) გაფრენის დრო (ფაქტობრივი საფრენოსნო დრო, აფრენის დრო) ძ.თ) დანიშნულების პუნქტი; ძ.ი) ჩაფრენის დრო (ფაქტობრივი დაფრენის დრო) ძ.კ) ფრენის სახეობა (ETOPS, VFR, etc) ძ.ლ) მარშრუტი და მარშრუტის სეგმენტები საკონტროლო წერტილების, მანძილის, დროისა და ტრასების აღნიშვნით; ძ.მ) საკონტროლო წერტილებს შორის კრეისერული სიჩქარე და საფრენოსნო დრო (სავარაუდო და ფაქტიურ დრო); ძ.ნ) უსაფრთხო მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე; ძ.ო) გეგმით გათვალისწინებული აბსოლუტური სიმაღლეები; ძ.პ) საწვავის გამოთვლისა და კონტროლის ჩანაწერები; ძ.ჟ) ძრავების გაშვებისას სხ-ის ბორტზე საწვავის რაოდენობა; ძ.რ) გამოსაყენებელი სათადარიგო აეროდრომები: აფრენის აეროდრომისათვის, მარშრუტისა და დანიშნულების აეროდრომებისათვის ამ პუნქტის ,,ძ.ლ“ ,,ძ.მ“ ,,ძ.ნ“ და ,,ძ.ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით; ძ.ს) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ დამტკიცებული პირველადი ფრენის გეგმის ცვლილება; ძ.ტ) გამოთვლები ფრენისას მარშრუტის ცვლილებისას; ძ.უ) მიმდინარე ფაქტობრივი მეტეოროლოგიური ინფორმაცია.“ 4.73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) საჰაერო ხომალდზე ორმხრივი შიდა კავშირის დამყარება.“ 5. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) განმეორებით მომზადებას, რომლის დროსაც: ბ.ა) ეკიპაჟის თითოეულმა წევრმა უნდა გაიაროს ყოველწლიური საფრენოსნო და მიწისზედა მომზადების პერიოდული სწავლება მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის ტიპის შესაბამისად, საავარიო და სამაშველო აღჭურვილობის განლაგებისა და გამოყენების ჩათვლით; ბ.ბ) ეკიპაჟის თითოეული წევრი პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს სტანდარტული, არასტანდარტული და ავარიული პროცედურების კვალიფიციურად შესრულებაში. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 965/2012 რეგულაციაში (AMC1 ORO.FC.230). გ) გადამზადებას, დამოუკიდებელი ფრენების დაწყებამდე სხ-ის ტიპიდან ტიპზე ან სხვა კომპანიაში გადასვლისას, ექსპლუატანტის გადამზადების სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდის აღჭურვილობის სწავლებას, ეკიპაჟის წევრის ფუნქციების შესაბამისად. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 965/2012 რეგულაციაში (AMC1 ORO.FC.220)." 6.წესის №2 დანართის მე-3 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. ექსპლუატირებული სხ-ების მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL), კონფიგურაციიდან გადაცდომის ჩამონათვალი (CDL), გამოშვებული შასით ფრენა, ტექნიკური გადაფრენა ერთი უმოქმედო ძრავით სამი, ან მეტი ძრავის მქონე თვითმფრინავით, რომელიც ეხება ფრენების წარმოებას საჰაერო სივრცეში, სადაც გამოიყენება PBN-ზე დაფუძნებული ნავიგაცია.“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: ,,15. სხ-ის ზოგადი მონაცემები (სხ-ის ზომები, სალონის კონფიგურაცია, გამოყენებული საზომი ერთეულები და სხვა)“ 7. დანართი №21 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №21
მომსახურე ეკიპაჟის მომზადება მუხლი 1. მომზადება 1. ექსპლუატანტს უნდა გააჩნდეს მის მიერ შედგენილი და სააგენტოს მიერ დამტკიცებული მომსახურე ეკიპაჟის მომზადების პროგრამა, რომლის შესაბამისადაც მომსახურე ეკიპაჟის ყოველმა წევრმა უნდა გაიაროს მომზადება. 2. ბორტგამყოლის მომზადების პროგრამა უნდა შეიცავდეს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და, აგრეთვე, ინდივიდუალურ პრაქტიკულ მეცადინეობას. 3. თითოეული სასწავლო კურსი უნდა იყოს: ა) წარმართული სტრუქტურულად და რეალისტურად გამართული; ბ) მოცემული ქვეჯგუფის ყველა ტრენინგის გავლისას ან დამთავრების შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა უნდა გაიარონ შემოწმება, რომელიც უნდა მოიცავდეს განვლილი ტრენინგის ყველა პროგრამას, გარდა ეკიპაჟის რესურსის მართვისა; გ) შემოწმება უნდა იქნეს ჩატარებული შესაბამისად კვალიფიცირებული პერსონალის მიერ, რათა შემოწმდეს, რომ ეკიპაჟის წევრებმა მიაღწიეს ან შეინარჩუნეს საჭირო კვალიფიკაციის დონე. 4. ეკიპაჟის რესურსის მართვის (CRM) ტრენინგკურსი (სადაც მოთხოვნა არის – ეკიპაჟის რესურსის მართვის მოდული) უნდა იყოს ჩატარებული CRM ინსტრუქტორის მიერ, სადაც CRM ელემენტები იქნება ინტეგრირებული სხვა ტრენინგთან ერთად. CRM ინსტრუქტორმა უნდა მოახერხოს ტრენინგის განსაზღვრა და ინტეგრირება მიმდინარე გეგმასთან. მუხლი 2. პირველადი მომზადება 1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბორტგამყოლის ყოველმა კანდიდატმა გაიაროს ფრენის უსაფრთხოების კუთხით პირველადი მომზადება. 2. მომზადების კურსი შეიძლება ჩაატაროს ექსპლუატანტის სახელით მოქმედმა, მომზადების ჩამტარებელმა სხვა ორგანიზაციამ, ან სააგენტოს მიერ აღიარებულმა მომზადების ჩამტარებელმა ორგანიზაციამ. 3. ფრენის უსაფრთხოების კუთხით პირველადი მომზადების პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართით დადგენილ მოთხოვნებს და იყოს შეთანხმებული სააგენტოსთან. 4. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ბორტგამყოლის პირველადი მომზადების გათვალისწინებულ კურსში შედიოდეს: ა) ხანძრისა და კვამლის საწინაღო მომზადება: ა.ა) ყურადღება უნდა გამახვილდეს ხანძრის ან კვამლის გაჩენისას ბორტგამყოლების მიერ საავარიო-სამაშველო ღონისძიებების ოპერატიულ ჩატარებაზე და, განსაკუთრებით, ხანძრის კერის დადგენის მნიშვნელობაზე; ა.ბ) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებისა და ხანძრის ან კვამლის აღმოჩენისას, ქმედებების კოორდინირება და ურთიერთდახმარება; ა.გ) ხანძარსახიფათო არეების (ტუალეტების ჩათვლით) და კვამლის გადამწოდების ხშირი შემოწმების აუცილებლობა; ა.დ) ხანძრის კლასიფიკაცია, ხანძარსაქრობი რეაგენტების ტიპები და ხანძრის ქრობის პროცედურები; ცეცხლსაქრობი რეაგენტების გამოყენების წესები, არასწორი გამოყენების შედეგები; ჩაკეტილ სივრცეში მათი გამოყენება; და ა.ე) აეროდრომზე საავარიო-სამაშველო (სახმელეთო) მომსახურების ზოგადი პროცედურები. ბ) წყალზე გადარჩენისათვის მომზადება – წყალზე ავარიული დაფრენის აღჭურვილობის გამოყენების პრაქტიკული წვრთნა. ბორტგამყოლებმა ისეთ სხ-ზე ფრენის დაწყებამდე, რომელიც აღჭურვილია გასაბერი ტივებით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით, უნდა გაიარონ აღნიშნული აღჭურვილობის გამოყენებაში მომზადება და, აგრეთვე, გაიარონ პრაქტიკული წვრთნა წყალზე; გ) გადარჩენისათვის მომზადება – განსაკუთრებული პირობების რეგიონებში (არქტიკა, უდაბნო, ჯუნგლები ან ზღვა) ფრენისათვის საჭიროა გადარჩენისათვის მოსამზადებელი პროგრამის გავლა; დ) სამედიცინო ასპექტები და პირველი სამედიცინო დახმარება: დ.ა) სამედიცინო ასპექტების მიხედვით და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინსტრუქტაჟი, პირველადი დახმარების ნაკრები და პირველადი დახმარების აფთიაქი და მათში არსებული სამედიცინო პრეპარატები; სამედიცინო-სამაშველო აღჭურვილობა; დ.ბ) გადარჩენისათვის საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ჰიგიენის დაცვა; და დ.გ) ფრენისას ადამიანის ორგანიზმზე ფიზიოლოგიური ფაქტორების, კერძოდ, ჰიპოქსიის გავლენა; ე). მგზავრების მართვა: ე.ა) ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ან აგრესიული მგზავრების გამოვლენისა და გაკონტროლების შესახებ რეკომენდაციები; ე.ბ) ევაკუაცია და კონტროლირებადი გადმოსხდომა (მგზავრთა ნაკადის მართვა); ე.გ) სალონში ბარგის უსაფრთხო განთავსების წესი (მგზავრების მომსახურების საგნების ჩათვლით) და ის საფრთხე, რომელსაც მგზავრებისათვის შეიძლება წარმოადგენდეს დაუმაგრებელი ბარგი ან საავარიო გასასვლელებთან მისასვლელი გზის გადაღობვის ან საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში; ე.დ) სალონში სამგზავრო სავარძლების სწორი განლაგება სხ-ის მასისა და გაწონასწორების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინვალიდთა განთავსებას და ისეთ გასასვლელებთან მხოლოდ ფიზიკურად ჯანსაღი პირების განთავსების საჭიროებას, რომლებიც ბორტგამყოლების მიერ არ კონტროლდება; ე.ე) მოულოდნელად წარმოქმნილი ტურბულენტობის დროს, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ქმედებები; ე.ვ) სალონში ცოცხალი ცხოველების გადაყვანის წესები; ე.ზ) სახიფათო ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით მომზადება; ე.თ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები; ვ) კავშირი – ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ მომზადების პროგრამაში ყურადღება მიექცეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და ბორტგამყოლებს შორის ეფექტური კავშირის დამყარების მნიშვნელობას, ამისათვის საჭირო ტექნიკის, ერთი სამუშაო ენის და ტერმინოლოგიის ჩათვლით; ზ) დისციპლინა და პასუხისმგებლობა: ზ.ა) მომსახურე ეკიპაჟის მიერ მოვალეობების „ბორტგამყოლის სახელმძღვანელოში“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესრულების მნიშვნელობა; ზ.ბ) ბორტგამყოლების მიერ ისეთი პროფესიული ჩვევების და ისეთი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, რომელიც საჭიროა საფრენოსნო და სასამსახურო დროსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვებისა და დასვენების მოთხოვნების გათვალისწინებით; ზ.გ) ბორტგამყოლების მიერ საავიაციო კანონმდებლობის ცოდნა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს როლის გაცნობიერება; ზ.დ) საავიაციო ტერმინოლოგიის, ფრენის თეორიის, მგზავრების განთავსების, მეტეოროლოგიისა და ფრენის რეგიონის ზოგადი ცოდნა; ზ.ე) ბორტგამყოლთა გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი და მათთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება; ზ.ვ) სახელმძღვანელოების და დოკუმენტაციის განახლების უზრუნველყოფა და ექსპლუატანტის მიერ გაკეთებული ცვლილებების მასში შეტანა; ზ.ზ) იმ ვითარებების განსაზღვრა, რომელთა დადგომისას ბორტგამყოლებმა უნდა წამოიწყონ მგზავრთა ევაკუაცია და სხვა საავარიო-სამაშველო პროცედურები; ზ.თ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა; საავარიო ვითარებაში სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა; ზ.ი) სხ-ის ზედაპირის დაბინძურების გავლენა და საფრენოსნო ეკიპაჟის შეტყობინების აუცილებლობა ზედაპირის რაიმე სახის დაბინძურების გამოვლენის შემთხვევაში; თ) ეკიპაჟის რესურსების მართვა, რომელიც მოიცავს „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ შესავალ კურსს და რომელიც უნდა გაიაროს მომსახურე ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა ყველა ბორტგამყოლმა საკუთარი მოვალეობების შესრულების დაწყებამდე. ის ბორტგამყოლი, რომელიც უკვე ასრულებს კომერციულ რეისებზე ფრენებს მომსახურე ეკიპაჟის შემადგენლობაში, მაგრამ „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ შესავალი კურსი გავლილი არა აქვს, ვალდებულია გაიაროს აღნიშნული კურსი მორიგი პერიოდული მომზადების ან/და შემოწმების გავლამდე; მუხლი 3. გადამზადების და სხვაობების შემსწავლელი კურსი (სხ-ის ტიპის მიხედვით) 1. ექპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ყოველი ბორტგამყოლი, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გაივლის გადამზადების და სხვაობების შემსწავლელ კურსს. საწვრთნელი კურსი განსაზღვრული უნდა იყოს “ბორტგამყოლის სახელმძღვანელოში“. საწვრთნელი კურსის პროგრამა და სტრუქტურა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სააგენტოსთან. 2.ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს გადამზადების კურსი: ა) ექსპლუატანტის მიერ ბორტგამყოლად დანიშვნის წინ; ბ) სხ-ის სხვა ტიპზე სამუშაოდ გადასვლის წინ. 3. ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს სხვაობების შემსწავლელი კურსი: ა) იმავე ტიპის სხვა მოდიფიკაციის სხ-ზე სამუშაოდ გადასვლის წინ; ბ) თუ იგი მოვალეობებს ასრულებს ისეთი ტიპის მოდიფიკაციის სხ-ებზე, რომლებსაც გააჩნია უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსხვავებული აღჭურვილობა ან იგი სხვაგვარადაა განთავსებული, ან სხ-ებზე მოქმედებს სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში მოქმედების განსხვავებული პროცედურები. 4. ექსპლუატანტმა გადამზადების პროგრამის და სხვაობების შემსწავლელი კურსის მოცულობა უნდა განსაზღვროს ბორტგამყოლის მიერ უკვე გავლილი მომზადების გათვალისწინებით, მომზადების შესახებ გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე. 5. პირველადი მომზადების და გადამზადების და სხვაობების შემსწავლელი კურსის ურთიერთდაკავშირებული ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს. 6. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ: ა) ბორტგამყოლთა გადამზადება ჩატარდება დადგენილი სტრუქტურის მიხედვით, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში; ბ) სხვაობების შემსწავლელი კურსი ჩატარდება დადგენილი სტრუქტურის მიხედვით; გ) გადამზადებით და, თუ საჭიროა, სხვაობების შემსწავლელი კურსით გათვალისწინებული იქნება ყველა საავარიო აღჭურვილობით სარგებლობის წესის და სხ-ის ტიპისა ან მოდიფიკაციის მიხედვით საავარიო პროცედურების შესწავლა და, აგრეთვე, შესაბამის საწაფზე ან უშუალოდ სხ-ზე პრაქტიკული წვრთნა; დ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ყოველი ბორტგამყოლი, სანამ იგი შეუდგება საკუთარი მოვალეობების შესრულებას, გაივლის ექსპლუატანტის ,,ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსს, ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმ ბორტგამყოლმა, რომელიც ექსპლუატანტთან უკვე მსახურობს ბორტგამყოლად, მაგრამ ექსპლუატანტის „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსი გავლილი არა აქვს, უნდა გაიაროს როგორც „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსი, ისე ,,ეკიპაჟის რესურსების მართვის კურსი“ - კონკრეტული სხ-ის ტიპის მიხედვით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორიგი პერიოდული მომზადების და შემოწმების გავლამდე. 7. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ გადამზადება და სხვაობების შემსწავლელი კურსი ჩატარდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ. 8. გადამზადება და სხვაობების შემსწავლელი კურსის ფარგლებში ყოველი ბორტგამყოლი გაივლის სხ-ზე საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის განთავსების, მოხსნის და მისით სარგებლობის წესების შესწავლის და მიღებული უნარ-ჩვევების შემოწმებას და, აგრეთვე, შეისწავლის სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში მოქმედების პროცედურებს სხ-ის კონკრეტული ტიპის, მოდიფიკაციის და კონფიგურაციის მიხედვით. 9. გადამზადების და სხვაობების შემსწავლელი კურსი უნდა მოიცავდეს: ა) ხანძრისა და კვამლის საწინაღო მომზადებას, ხანძარსაწინაღო მოწყობილობის და დამცავი სპეცტანსაცმლის პრაქტიკულ გამოყენებას, რომელიც ტარდება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში და მოიცავს: ა.ა) სალონში გაჩენილი ხანძრის ქრობას ამისათვის განკუთვნილი საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქლადონის (Halon) მაგივრად გამოყენებული შეიძლება იყოს სხვა ცეცხლსაქრობი რეაგენტები; ა.ბ) ჩაკეტილ სივრცეში, კვამლიანობის იმიტაციის პირობებში სასუნთქი ორგანოების დამცავი აღჭურვილობით სარგებლობას; ბ) კარების გაღებას და ავარიული გასასვლელებით სარგებლობას და მოიცავს: ბ.ა) სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში ნებისმიერი ტიპის ან მოდიფიკაციის სხ-ებზე კარის გაღების და ჩვეულებრივი ან ავარიული გასასვლელებით სარგებლობის პრაქტიკული ჩვევები, კარის გაღების გამაადვილებელი (გამაძლიერებელი) მოწყობილობის (თუ სხ-ზე ასეთი არსებობს) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევის ჩათვლით. ამაში აგრეთვე უნდა შედიოდეს საავარიო-სამაშველო ტრაპის გასაშლელად საჭირო მოქმედებების შესწავლა. წვრთნა უნდა ჩატარდეს სხ-ზე ან შესაბამის საწაფზე; და ბ.ბ) მონაწილეობას ყველა სხვა დანარჩენი გასასვლელის მეშვეობით ევაკუაციის დემონსტრირებაში, პილოტების კაბინაში არსებული ფანჯრების ჩათვლით. გ) საავარიო-სამაშველო ტრაპის მეშვეობით ევაკუაციას და მოიცავს: გ.ა) წვრთნას, რომელშიც შედის სხ-ის ძირითადი ბანის სიმაღლიდან საავარიო-სამაშველო ტრაპით მიწაზე ჩამოსვლა, რომლის დროსაც ტრაპი მიმაგრებული იყოს სხ-ზე ან საწვრთნელ საწაფზე; შენიშვნა: ბორტგამოყოლი ხელახლა გაივლის აღნიშნულ წვრთნას, თუ იგი გადავიდა სხვა ტიპის სხ-ზე, რომლის ძირითად ბანზე განლაგებული გასასვლელის ზღურბლის სიმაღლე ხმელეთიდან მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სხ-ის გასასვლელის ზღურბლის სიმაღლისაგან, რომელზეც იგი ადრე ასრულებდა სამუშაოებს. დ) საევაკუაციო პროცედურებს და სხვა საავარიო ვითარებებს, რომელიც მოიცავს: დ.ა) საავარიო ევაკუაციის წვრთნას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: დ.ა.ა) ავარიული დაჯდომის ტიპს (დაგეგმილი ან დაუგეგმავი); დ.ა.ბ ) ავარიული დაჯდომის პირობებს (ხმელეთზე ან წყალზე); დ.ა.გ ) მგზავრების გადმოსხდომას ( კონტროლირებადი გადმოსდომა ან ევაკუცია); დ.ა.დ) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებას. დ.ბ) წვრთნას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ: დ.ბ.ა) ხანძრის გაჩენისას; დ.ბ.ბ) ძლიერი ტურბულენტობის დროს; დ.ბ.გ) წნევის უეცარი დაცემის დროს; დ.ბ.დ) ფრენის დროს მომხდარი სხვა საავარიო ვითარებისას; ე) მგზავრთა ნაკადის მართვა, რომელიც მოიცავს შესაბამის წვრთნას სხვადასხვა საავარიო ვითარებების და სხ-ის ტიპის მიხედვით; ვ) ქმედებებს პილოტის შრომისუნარიანობის დაკარგვისას, რომელიც მოიცავს, წვრთნას პილოტის შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში ჩასატარებელი პროცედურების შესახებ, რომელთა მიხედვით მან უნდა შეძლოს პილოტის სავარძლის მექანიზმების მართვა და უსაფრთხოების ღვედების შეკვრა/გახსნა. წვრთნის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების საჟანგბადე სისტემის გამოყენებისა და საკონტროლო ფურცლით სარგებლობის პრაქტიკული დემონსტრირებას, თუ ეს სტანდარტული საექსპლუატაციო პროცედურებით (SOP) არის განსაზღვრული; ზ) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის განლაგებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ მომზადებას (ტარდება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში); ზ.ა) გასაბერი/გასაშლელი ტრაპები და, თუ სხ-ზე მისადგმელი ტრაპი გათვალისწინებული არ არის, სამაშველო ბაგირები; ზ.ბ) სამაშველო ტივი და გასაბერი ტივი/ტრაპი და მათთან დაკავშირებული მოწყობილობა; ზ.გ) სამაშველო ჟილეტები; სამაშველო ჟილეტები და საცურავი საშუალებები ორ წლამდე ბავშვებისათვის; ზ.დ) ჟანგბადის დასარიგებელი მოწყობილობა; ზ.ე) ჟანგბადი პირველადი დახმარებისათვის; ზ.ვ) ცეცხლსაქრობები; ზ.ზ) სახანძრო ცული და ძალაყინი; ზ.თ) საავარიო განათება, ჯიბის ელექტროფარანი; ზ.ი) საკომუნიკაციო მოწყობილობა, მეგაფონების ჩავლით; ზ.კ) საავარიო-სამაშველო კომპლექტები, მათში არსებული საშუალებების ჩათვლით; ზ.ლ) პიროტექნიკური საშუალებები (ნამდვილი ან იმიტირებული); ზ.მ) პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, პირველადი დახმარების აფთიაქი და მათში არსებული სამედიცინო პრეპარატები; სამედიცინო-სამაშველო აღჭურვილობა; ზ.ნ) სალონში მოთავსებული სხვა საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და სისტემები; თ) მგზავრების ინსტრუქტაჟს/საავარიო-სამაშველო საშუალებების დემონსტრირებას; ი) ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ჩატარების შემსწავლელი კურსი – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მომზადების პროგრამის ფარგლებში, თუ ფრენები ხორციელდება ტროპიკული ან სუბტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონებში, ან შეიძლება მოხდეს მარშრუტიდან გადახრა აღნიშნული რეგიონებისაკენ, კ) ეკიპაჟის რესურსების მართვის კურსი, რომელიც უნდა ითვლისწინებდეს ამ დანართის მე-7 მუხლის „ცხრილი 1“-ის „ა“ გრაფაში მოცემული დისციპლინებს ამავე ცხრილის (ბ) და (გ) გრაფაში განსაზღვრული მოცულობით. შენიშვნა: ექსპლუატანტის „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ და სხ-ის ტიპის მიხედვით „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ მომზადებას უნდა უძღვებოდეს „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ დარგში ინსტრუქტორი. მუხლი 4. გაცნობითი სწავლება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია ყოველი ბორტგამყოლი სწავლების შემდეგ უზრუნველყოს სხ-ზე გაცნობითი ვიზიტით და გაცნობითი ფრენით. 2. გაცნობითი ფრენის შესრულების დროს ბორტგამყოლი დანიშნული უნდა იყოს მომსახურე ეკიპაჟის დამატებით წევრად, იმ მინიმალური ბორტგამყოლთა რაოდენობის დაცვით, რომელიც დადგენილია სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №203 მე- 9 მუხლით. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროსაბჭოს 965/2012 რეგულაციაში (AMC1 ORO.CC.135) მუხლი 5. პერიოდული მომზადება ა) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ პერიოდული მომზადება ჩატარდეს სათანადოდ კვალიფიცირებული პერსონალის მიერ; ბ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ყოველ 12 კალენდარულ თვეში ერთხელ მომსახურე ეკიპაჟის წევრებმა გაიარონ შემდეგი მომზადება: ბ.ა) საავარიო-სამაშველო პროცედურები, პილოტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში ჩასატარებელი პროცედურების ჩათვლით; ბ.ბ) საევაკუაციო პროცედურები, კონტროლირებადი გადმოსხდომის (მგზავრთა ნაკადის მართვა) მეთოდების ჩათვლით; ბ.გ) სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში ავარიული გასასვლელის გაღების იმიტაცია (შეხებით); ბ.დ) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მათ შორის, საჟანგბადე სისტემების განლაგება და გამოყენება; ბორტგამყოლების მიერ სამაშველო ჟილეტებით, ჟანგბადის დასარიგებელი მოწყობილობით და სასუნთქი ორგანოების დამცავი აღჭურვილობით სარგებლობა; ბ.ე) სამედიცინო ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება, პირველადი დახმარების ნაკრები, პირველადი დახმარების აფთიაქი და მათში არსებული სამედიცინო პრეპარატები; სამედიცინო-სამაშველო აღჭურვილობა; ბ.ვ) ნივთების განთავსება სალონში; ბ.ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები; ბ.თ) საავიაციო შემთხვევის და ინციდენტის განხილვა; ბ.ი) სხ-ის ზედაპირის გაბინძურების გავლენა და საფრენოსნო ეკიპაჟის შეტყობინების აუცილებლობა ზედაპირის რაიმე სახის გაბინძურების გამოვლენის შემთხვევაში; ბ.კ) ეკიპაჟის რესურსების მართვა. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ: ბ.კ.ა) ბორტგამყოლები, სამწლიანი ციკლით, გაივლიან „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ ამ დანართის მე-7 მუხლის „ცხრილი 1“-ის (ა) გრაფაში გათვალისწინებულ დისციპლინებს იმავე ცხრილის (დ) გრაფაში განსაზღვრული მოცულობით („ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კუთხით ყოველწლიური მომზადება“); ბ.კ.ბ) სილაბუსის (სასწავლო გეგმის) განმარტებას და მის განხორციელებას უძღვებოდეს ბორტგამყოლების ინსტრუქტორი „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ დარგში; ბ.კ.გ) როდესაც „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კუთხით მომზადება ტარდება ცალკეული „მოდულების“ მიხედვით, ის უნდა ტარდებოდეს ბორტგამყოლების, სულ ცოტა, ერთი ინსტრუქტორის მიერ „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ დარგში; გ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ყოველმა ბორტგამყოლმა, არაუმეტეს სამ წელიწადში ერთხელ, გაიაროს შემდეგი პერიოდული მომზადება: გ.ა) სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში კარების გაღება და ნებისმიერი ტიპის ან მოდიფიკაციის ჩვეულებრივი ან ავარიული გასასვლელებით სარგებლობა, კარის გაღების გამაადვილებელი (გამაძლიერებელი) მოწყობილობის (თუ სხ-ზე ასეთი არსებობს) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევის ჩათვლით. ამაში აგრეთვე უნდა შედიოდეს საავარიო-სამაშველო ტრაპის გასაშლელად საჭირო მოქმედების შესწავლა. წვრთნა უნდა ჩატარდეს სხ-ზე ან შესაბამის საწაფზე; გ.ბ) ყველა სხვა დანარჩენი გასასვლელით, მათ შორის, პილოტების კაბინაში არსებული ფანჯრებით სარგებლობის დემონსტრირება, გ.გ) ყოველი ბორტგამყოლი გაივლის ხანძარსაწინაღო მოწყობილობის და დამცავი სპეცტანსაცმლის გამოყენების პრაქტიკულ მომზადებას, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. აღნიშნული მომზადება უნდა მოიცავდეს: გ.გ.ა) ყოველი ბორტგამყოლის მიერ სალონში გაჩენილი ხანძრის ქრობას ამისათვის განკუთვნილი საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქლადონის (Halon) მაგივრად შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ცეცხლსაქრობი რეაგენტები; და გ.გ.ბ) ჩაკეტილ სივრცეში, კვამლიანობის იმიტაციის პირობებში სასუნთქი ორგანოების დამცავი აღჭურვილობით სარგებლობა; გ.დ) პიროტექნიკური საშუალებების (ნამდვილი ან იმიტირებული) გამოყენება; გ.ე) სამაშველო ტივის, გასაბერი ტივი/ტრაპის (თუ სხ-ზე გათვალისწინებულია ასეთი) გამოყენების დემონსტრირება; გ.ვ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფრენოსნო ეკიპაჟი ორზე მეტი წევრისაგან შედგება, ყოველ ბორტგამყოლს ჩაუტარდება წვრთნა პილოტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში ჩასატარებელი პროცედურების შესახებ, რომელთა მიხედვით მან უნდა შეძლოს პილოტის სავარძლის მექანიზმების მართვა და უსაფრთხოების ღვედების შეკვრა/გახსნა. წვრთნის პროგრამაში უნდა შედიოდეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების საჟანგბადე სისტემის გამოყენებისა და საკონტროლო ფურცლით სარგებლობის პრაქტიკული დემონსტრირება, თუ ეს საფრენოსნო ეკიპაჟის მუშაობის ტექნოლოგიით (SOP) განსაზღვრულია; დ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ მომსახურე ეკიპაჟის საწვრთნელ პროგრამაში გათვალისწინებული ამ წესებით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა. მუხლი 6. პროფესიული ჩვევები 1. ბორტგამყოლი ვალდებულია გაიაროს პროფესიული ჩვევების აღსადგენი კურსი თითოეული სხ-ის ტიპზე, თუ მას ბოლო პერიოდული სწავლების და შემოწმების გავლის შემდეგი 6 თვის განმავლობაში: ა) არ შეუსრულებია ფრენა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად; ბ) არ შეუსრულებია ფრენა კონკრეტული ტიპის სხ-ით. 2. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ პროფესიული ჩვევების აღსადგენი კურსი ბორტგამყოლს ჩაუტარდება სათანადოდ კვალიფიცირებული პერსონალის მიერ და მასში ჩართული იქნება შემდეგი: ა) საავარიო-სამაშველო პროცედურები, პილოტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში ჩასატარებელი პროცედურების ჩათვლით; ბ) საევაკუაციო პროცედურები, კონტროლირებადი გადმოსხდომის (მგზავრთა ნაკადის მართვა) მეთოდების ჩათვლით; გ) სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში კარების გაღება და ნებისმიერი ტიპის ან მოდიფიკაციის ჩვეულებრივი ან ავარიული გასასვლელებით სარგებლობა, კარის გაღების გამაადვილებელი (გამაძლიერებელი) მოწყობილობის (თუ სხ-ზე ასეთი არსებობს) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევის ჩათვლით. ამაში აგრეთვე უნდა შედიოდეს საავარიო-სამაშველო ტრაპის გასაშლელად საჭირო მოქმედების შესწავლა. წვრთნა უნდა ჩატარდეს სხ-ზე ან შესაბამის საწაფზე; დ) ყველა სხვა დანარჩენი გასასვლელით, მათ შორის, პილოტების კაბინაში არსებული ფანჯრებით სარგებლობის დემონსტრირება; ე) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მათ შორის, საჟანგბადე სისტემების განლაგება და გამოყენება; ვ)ბორტგამყოლების მიერ სამაშველო ჟილეტებით, ჟანგბადის დასარიგებელი მოწყობილობით და სასუნთქი ორგანოების დამცავი აღჭურვილობით სარგებლობა. მუხლი 7. წვრთნა ა) „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსის პროგრამა, მისი ჩატარების მეთოდოლოგია და შესაბამისი ტერმინოლოგია ჩართული უნდა იყოს “ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში“; ბ) ქვემოთ მითითებულია, „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსში შემავალი ელემენტები ცხრილი 1 „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კურსი
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროსაბჭოს 965/2012 რეგულაციაში ( AMC1 ORO.CC.115(e); AMC2 ORO.CC.115(e); AMC3 ORO.CC.115(e) ) მუხლი 8. მომზადება სამედიცინო ასპექტების მიხედვით და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში სამედიცინო ასპექტების მიხედვით და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მომზადებაში შედის: ა) ფრენის ფიზიოლოგია, ჟანგბადით სარგებლობა, ორგანიზმზე ჰიპოქსიის გავლენა; ბ) დაავადებები, რომლებიც ფრენისას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს: ბ.ა) ასთმა; ბ.ბ) გაგუდვა; ბ.გ) ინფარქტი; ბ.დ) სტრესი და ალერგიული რეაქცია; ბ.ე) შოკი; ბ.ვ) ინსულტი; ბ.ზ) ეპილეფსია; ბ.თ) დიაბეტი; ბ.ი) სიმაღლის ავადმყოფობა; ბ.კ) ჰიპერვენტილაცია; ბ.ლ) კუჭ-ნაწლავის დაავადებები; ბ.მ) მშობიარობა; გ) ყოველი ბორტგამყოლის მიერ მანეკენზე გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული ჩვევების შემუშავება, სხ-ზე არსებული გარემოს გათვალისწინებით; დ) პირველადი დახმარების გაწევის საფუძველი და სიცოცხლის გადარჩენისათვის მომზადება, აგრეთვე, სამედიცინო დახმარების გაწევა შემდეგ შემთხვევებში: დ.ა) გონების დაკარგვა; დ.ბ) დამწვრობა; დ.გ) ჭრილობა; დ.დ) მოტეხილობა და რბილი ქსოვილის დაზიანება; ე) ფრენისას ჯანმრთელობის დაცვა და ჰიგიენა: ე.ა) ინფექციური დაავადებების კერებთან შეხების რისკი, განსაკუთრებით, როდესაც ფრენა ხორციელდება ტროპიკული ან სუბტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონების გავლით. შეტყობინება ინფექციური დაავადებების შესახებ, ინფექციებისაგან დაცვა, საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციების თავიდან აცილება. მომზადების კურსში უნდა შედიოდეს აღნიშნული რისკების დაქვეითების მეთოდების შესწავლა. ე.ბ) ჰიგიენა ბორტზე; ე.გ) პიროვნების გარდაცვალება ბორტზე; ე.დ) სამედიცინო ნარჩენებთან მოპყრობის წესი; ე.ე) სხ-ის დეზინფექცია; და ე.ვ) სიფხიზლის შენარჩუნება, გადაღლილობის ფიზიოლოგიური გავლენა, ძილის ფიზიოლოგია; სადღეღამისო რითმის შეცვლასთან და საათობრივი სარტყლის გადაკვეთასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური შედეგები; ვ) სხ-ზე არსებული ისეთი სამედიცინო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: პირველადი დახმარების ნაკრები, პირველადი დახმარების აფთიაქი, პირველადი დახმარების საჟანგბადე და სამედიცინო-სამაშველო აღჭურვილობა. მუხლი 9. უფროსი ბორტგამყოლი 1. ექსპლუატანტმა უნდა დანიშნოს უფროსი ბორტგამყოლი, თუ მომსახურე ეკიპაჟში შედის ერთზე მეტი ბორტგამყოლი. თუ მომსახურე ეკიპაჟში ერთზე მეტი ბორტგამყოლია, მაგრამ ექსპლუატაციის სახეობიდან გამომდინარე, საჭიროა მხოლოდ ერთი ბორტგამყოლი, ექსპლუატანტს შეუძლია დანიშნოს ერთი ბორტგამყოლი, რომელიც სხ-ის მეთაურის დაქვემდებარებაში იქნება. 2. უფროსი ბორტგამყოლი სხ-ის მეთაურის წინაშე პასუხისმგებელია სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში მოქმედების იმ პროცედურ(ებ)ის შესრულებასა და კოორდინირებაზე, რომლებიც „ბორტგამყოლის სახელმძღვანელოშია“ განსაზღვრული. ტურბულენტურ ატმოსფეროში შესვლისას, საფრენოსნო ეკიპაჟისგან ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, უფროს ბორტგამყოლს უფლება აქვს შეწყვიტოს იმ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებული არ არის უსაფრთხოებასთან და საფრენოსნო ეკიპაჟს მოახსენოს ტურბულენტობის დონისა და შუქტაბლოს „ღვედები შეიკარით” ჩართვის აუცილებლობის შესახებ. ამის შემდეგ ბორტგამყოლებმა სამგზავრო სალონსა და სხვა ადგილებში უნდა ჩაატარონ მგზავრთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედებები. 3. ბორტზე საჭიროა იმყოფებოდეს ერთზე მეტი ბორტგამყოლი, ექსპლუატანტი ვალდებულია უფროს ბორტგამყოლად დანიშნოს არანაკლებ ერთი წლის მუშაობის გამოცდილების მქონე ბორტგამყოლი, რომელსაც ასევე გავლილი ექნება სწავლება, სულ ცოტა, შემდეგი საკითხების მიხედვით: ა) გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი: ა.ა) ეკიპაჟის შემადგენლობაში მუშაობა; ა.ბ) ბორტგამყოლების სამუშაო ადგილების განლაგება, ბორტგამყოლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ა.გ) კონკრეტული რეისის განხილვა, სხ-ის ტიპის, მათზე არსებული მოწყობილობის, ექსპლუატაციის სახეობის და რაიონის, მგზავრთა კატეგორიებზე (განსაკუთრებით, ინვალიდებზე, ორ წლამდე ბავშვებსა და მწოლიარე ავადმყოფებზე) ყურადღების გამახვილებით; ბ) ეკიპაჟის სხვა წევრებთან ურთიერთქმედება: ბ.ა) დისციპლინა, ვალდებულებები და დაქვემდებარების წესი; ბ.ბ) კომუნიკაციის და მოქმედებათა კოორდინირების მნიშვნელობა; ბ.გ) პილოტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვა; გ) ექსპლუატანტის მიერ დადგენილი მოთხოვნების და საავიაციო კანონმდებლობის მიმოხილვა: გ.ა) მგზავრთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ბუკლეტები უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქტაჟით; გ.ბ) უსაფრთხოების პროცედურები ბუფეტ-სამზარეულოებში; გ.გ) სალონში ბარგის განთავსება; გ.დ) ელექტრონული მოწყობილობა; გ.ე) საწვავით გაწყობა სხ-ზე მგზავრების ყოფნისას; გ.ვ) ტურბულენტობა; გ.ზ) დოკუმენტაცია; დ) ადამიანური ფაქტორი და ეკიპაჟის რესურსების მართვა: დ.ა) საავიაციო შემთხვევის და ინციდენტის შესახებ ანგარიშგება; დ.ბ) საფრენოსნო და სასამსახურო დროის შეზღუდვები, დასვენებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები; ე) „ეკიპაჟის რესურსების მართვის“ კუთხით მომზადება: ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ მომზადების კურსში ჩართული იყოს ამ დანართის მე-7 პუნქტის „ცხრილი 1“-ის (ა) გრაფაში მითითებული ყველა ელემენტი და შესწავლილი ამავე ცხრილის (ე) გრაფაში („სწავლების კურსი უფროსი ბორტგამყოლისათვის“) განსაზღვრულ დონეზე. 4. ექსპლუატანტი ადგენს პროცედურას, რომლის მიხედვითაც სათანადო კვალიფიკაციის მქონე ბორტგამყოლმა შეიძლება ჩაანაცვლოს უფროსი ბორტგამყოლი იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ შეძლებს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. აღნიშნულ პროცედურაში, რომელიც სააგენტოს მიერ უნდა იყოს მოწონებული, გათვალისწინებული უნდა იყოს ბორტგამყოლის სამუშაო გამოცდილება. მუხლი 10. ფრენა ერთი ბორტგამყოლით ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ის ბორტგამყოლი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ერთბორტგამყოლიანი ეკიპაჟის შემადგენლობაში მოვალეობების შესრულებას არ შეუდგება მანამ, სანამ არ გაივლის შემდეგ სასწავლო პროგრამას: ა) „ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში“ განსაზღვრული უსაფრთხოების და საავარიო პროცედურების ჩატარება; ბ) ბორტგამყოლთა და საფრენოსნო ეკიპაჟს შორის კომუნიკაციის და მოქმედებათა კოორდინირების მნიშვნელობა, მოპყრობა არადისციპლინირებული ან წესრიგის დამრღვევი მგზავრებთან მიმართებაში; გ) ექსპლუატანტის მიერ დადგენილი მოთხოვნების მიმოხილვა; დ) საბორტო დოკუმენტაცია; ე) საავიაციო შემთხვევის და ინციდენტის შესახებ შეტყობინება; ვ) საფრენოსნო და სასამსახურო დროის შეზღუდვები. ზ) გაცნობითი ფრენები – არანაკლებ 20 სთ ან 15 სექტორი. გაცნობითი ფრენები უნდა ჩატარდეს სხ-ის იმავე ტიპზე, რომელზეც ბორტგამყოლი შემდგომში შეასრულებს ფრენებს, სათანადო გამოცდილების მქონე ბორტგამყოლის ზედამხედველობის ქვეშ; თ) ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ იმ ბორტგამყოლს, რომელიც იმუშავებს ერთბორტგამყოლიანი ეკიპაჟის შემადგენლობაში, ექნება სათანადო კვალიფიკაცია იმისათვის, რათა საკუთარი მოვალეობები შეასრულოს “ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში“ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. ერთბორტგამყოლიანი ეკიპაჟის შემადგენლობაში სამუშაოდ ვარგისობა განისაზღვრება ბორტგამყოლის შერჩევის, დაქირავების, მომზადებისა და შეფასებისათვის დადგენილი კრიტერიუმებით. მუხლი 11. ერთზე მეტი ტიპის ან მოდიფიკაციის სხ-ების ექსპლუატაცია 1. ბორტგამყოლს უფლება აქვს შეასრულოს ფრენები სხ-ის ოთხ ტიპზე სააგენტოს თანხმობით იმ პირობით, რომ ამ ტიპებიდან ორზე მაინც: ა) არის საავარიო ვითარებებში მოქმედების ერთი და იგივე პროცედურები; ბ) გამოიყენება მსგავსი საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და სტანდარტულ და საავარიო ვითარებებში მოქმედების პროცედურები. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის სხ-ები მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს, თუ მათ შორის არსებობს სხვაობა შემდეგი ასპექტების მიხედვით: ა) ავარიული გასასვლელით სარგებლობის პროცედურები; ბ) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის ტიპი და განთავსება; გ) სხ-ის ტიპის მიხედვით დადგენილი საავარიო-სამაშველო პროცედურები. მუხლი 12. მომსახურე ეკიპაჟის მომზადების ჩანაწერები ექსპლუატანტი ვალდებულია: ა) მოახდინოს მომსახურე ეკიპაჟის წევრის მიერ გავლილი სწავლებებით გათვალისწინებული ყველა წვრთნის და შემოწმების აღრიცხვის ორგანიზება; ბ) შეინახოს ფრენის უსაფრთხოების კუთხით მომზადების გავლის შესახებ სერტიფიკატის ასლი; გ) შეინახოს ჩანაწერები მომზადებისა და სამედიცინო გამოკვლევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) მომზადების ჩანაწერებში მიუთითოს გადამზადების, სხვაობების შემსწავლელი კურსის და პერიოდული მომზადების მოცულობა და მათი გავლის თარიღები; ე) ბორტგამყოლის მოთხოვნისამებრ, გადასცეს მას შესაბამისი ჩანაწერი მის მიერ გავლილი ყველა მომზადების და შემოწმების შესახებ. შენიშვნა: 1. სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურე ეკიპაჟის მომზადების საკითხები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართში და იკაოს DOC-9284-ში. 2. საკითხები, რომელიც ეხება პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავებას და ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორსა და შესაძლებლობებს, მოცემულია იკაოს DOC-9683-ში. 3. საკითხები, რომელიც ეხება მომსახურე ეკიპაჟის მომზადების პროგრამის შემუშავებას მოცემულია იკაოს DOC-10002-ში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები