საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.506
  • Word
208
24/06/2004
სსმ, 18, 09/07/2004
090.000.000.05.001.001.506
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998, გვ. 91) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 24-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამომძიებელი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურორს. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ მის ასლს პროკურორი გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.

2. 29-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სისხლის სამართალწარმოება არ ჩერდება.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 მუხლი:

     „მუხლი 372. დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

1. პროკურორი და ბრალდებული უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმება დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. დაზარალებულისათვის მიყენებული სავარაუდო ქონებრივი ზიანის ოდენობას განსაზღვრავს პროკურორი ბრალდებულის მიმართ არსებული საქმის მასალების საფუძველზე.

2. დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება ბრალდებულის ან ბრალდებულის სახელით სხვა პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმება ძალაშია დაზარალებულისათვის მიყენებული სავარაუდო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი საბუთის პროკურორისათვის გადაცემისთანავე.

4. დაზარალებულისათვის მიყენებული სავარაუდო ქონებრივი ზიანის ანაზღაურება შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრისას, აგრეთვე განაჩენის დადგენისას.

5. პროკურორი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, განახორციელოს ამ კოდექსის 37-ე და 371 მუხლებით გათვალისწინებული მოქმედებები.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების დადებისას ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ სავარაუდო ქონებრივი ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს მომავალში მის მიმართ დაზარალებულის ან მესამე პირის მიერ სამოქალაქო სარჩელის შეტანის გამომრიცხველ გარემოებას.“.

4. 44-ე მუხლის:

ა) 21-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.“;

ბ) 21-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 და 212 ნაწილები:

„211. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი.

212. დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.“;

გ) 49-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე, 51-ე, 52-ე და 53-ე ნაწილები:

„50. რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

51. რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

52. რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

53. რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.“.

5. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) დადოს ბრალდებულთან შეთანხმება ამ კოდექსის 372 მუხლით დადგენილი წესით დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.“.

6. 76-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.

3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს; დადოს პროკურორთან შეთანხმება ამ კოდექსის 372-ე მუხლით დადგენილი წესით დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.“.

7. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში დანიშნონ დამცველი. თუ თანამდებობის პირი ან რეკეტირი ამ ვადაში არ დანიშნავენ დამცველს, თანამდებობის პირს ან რეკეტირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.“.

8. 84-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.

9. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები

აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წაყენებული ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასა და სხვა გარემოებებს.“.

10. 160-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, რის შესახებაც დგება ოქმი. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. თანამდებობის პირის ან რეკეტირის დაპატიმრების შემდეგ მისი დაკითხვის, სასამართლოში წარდგენის და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი ან რეკეტირი დაპატიმრებულია მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ თანამდებობის პირმა ან რეკეტირმა ჩაიდინა დანაშაული და მძიმე ავადმყოფობის გამო მის მიმართ შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გამომძიებელს, თანამდებობის პირის ან რეკეტირის დაუსწრებლად, გამოაქვს დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ.“.

11. 190-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება რეკეტულია.“.

12. 196-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.“.

13. 199-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ამ კოდექსის 190-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას, მოსამართლე ან სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს ქონების დაყადაღების ვადა 30 დღით.“.

14. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით სავალდებულოდ დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.

15. 284-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი თანამდებობის პირის ან რეკეტირის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას თანამდებობის პირის ან რეკეტირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს თანამდებობის პირის ან რეკეტირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობის ფაქტს.“.

16. 311-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მტკიცებულებების შეგროვება და საბრალდებო დასკვნის შედგენა შესაძლებელია ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.

17. 401-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს, დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.“.

18. 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საქმე გასაცნობად გადაეცემა მის დამცველს.“.

19. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“.

20. 420-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საქმის წარმოება არ შეჩერდება.“.

21. 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განსასჯელი თანამდებობის პირი ან რეკეტირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.

22. 451-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განსასჯელი მიიმალა ან/და მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. თუ განსასჯელი თანამდებობის პირი ან რეკეტირია და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, საქმის წარმოება არ შეჩერდება.“.

23. კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულ თანამდებობის პირს ან რეკეტირს, რომლის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში, თუ განაჩენი ამ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული მისი დამცველის ან წარმომადგენლის მიერ.“.

24. 596-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები აღძრავენ წარმოებას და გამოძიებას ავალებენ პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№208რს