ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

  • Word
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.090.010.05.001.001.505
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
207
24/06/2004
სსმ, 18, 09/07/2004
080.090.010.05.001.001.505
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლასა და თავიდან აცილებას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

    მუხლი 2. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი

1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.

    მუხლი 3. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი

1. რეკეტირის ოჯახის წევრი არის რეკეტირის მეუღლე, მისი არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან მუდმივად მცხოვრები პირი.

2. რეკეტირის ახლო ნათესავი არის მისი ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.

3. რეკეტირთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი.

    მუხლი 4. რეკეტული ქონება

1. რეკეტული ქონება არის რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

2. რეკეტული ქონება ექვემდებარება ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას.

3. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულება

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაამტკიცოს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№207რს

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2354-სსმI,№57,29.12.2005წ., მუხ.438