დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.140.05.001.001.500 |
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაცია – 60 ლარი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული კავშირის (ასოციაციის), ფონდის ფილიალის რეგისტრაცია – კავშირის (ასოციაციის), ფონდის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 %;
გ) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 60 ლარი;
დ) საქართველოს შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 50 ლარი;
ე) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია – 40 ლარი;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაცია – 40 ლარი;
ზ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
თ) ფონდის, კავშირის (ასოციაციის), მათი ფილიალის, შემოქმედებითი კავშირის, საზღვარგარეთის ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საერთო სასამართლოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა. ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა. ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა. გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა. დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა. ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50 %;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25 %;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20 %;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვით სამუშაოებს, საბუთების, სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას და გაცემას, აგრეთვე პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას და სრულდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიზნობრივად მოზიდული კრედიტების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების ხარჯზე, ხორციელდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების, აგრეთვე მათ მიმართ წარმოშობილ უფლებათა რეგისტრაციისათვის საჭირო ნებისმიერი ღონისძიებისათვის მოსაკრებლის გარდა სხვა თანხა არ გადაიხდევინება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო უფლებების გადაცემის რეგისტრაცია:
ა.ა) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, აღნაგობის, იპოთეკის, ქირავნობის ან იჯარის უფლების რეგისტრაცია, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
ა.ბ) მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უზუფრუქტის ან სერვიტუტის, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს – 7 ლარი;
ა.გ) განაცხადის, სარეგისტრაციო მოწმობისა და საკადასტრო გეგმის დამოწმებული ასლების მომზადება უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 0.5 ლარი;
ა.დ) საკადასტრო რუკის დამოწმებული ასლის მომზადება უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე – 2 ლარი;
ბ) უფლებამოსილი ან დაინტერესებული პირისათვის სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეგისტრაცია:
ბ.ა) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ან სარეგისტრაციო მოწმობის მომზადება და გაცემა, მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში ან სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბუთების შექმნის მიზნით მცირეფორმატიანი რუკის ან საკადასტრო გეგმის ან ხელშეკრულების ფორმის მომზადება და სხვა, ანალოგიური ტექნიკური სამუშაოების შესრულება – 2 ლარი;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული საბუთების შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაციის საფუძველზე ცნობის მომზადება და დაინტერესებულ, მესამე პირზე გაცემა – 7 ლარი;
გ) თუ ორი ან სამი, სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია, რაც მოიცავს ყველა სააღრიცხვო ბარათში შესაბამისი შენიშვნების შეტანას ან მათ გაუქმებას და ახალი სააღრიცხვო ბარათის შევსებას, აგრეთვე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემძენის განცხადების საფუძველზე – 7 ლარი;
დ) თუ ოთხი ან მეტი, სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის შეძენით იქმნება ერთი მიწის ნაკვეთი, ამ ნაკვეთების ერთ მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 7 ლარი, რომელსაც სამი ნაკვეთის ზევით თითოეულ მიწის ნაკვეთზე ემატება 2 ლარი.“.
2. 81მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 – მე-5 პუნქტები:
„2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი მოქმედებს 2005 წლის 1 იანვრამდე.
3. 2005 წლის 1 მარტამდე საქართველოს საერთო სასამართლოებმა კავშირების (ასოციაციების) და მათი ფილიალების რეგისტრაცია განახორციელონ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განაკვეთებით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების და მათი ფილიალების რეგისტრაცია განახორციელონ 2005 წლის 1 მარტიდან.
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2004 წლის 1 ნოემბრამდე მოამზადოს კანონპროექტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№191-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები